“ქალური ლოგიკა” თუ “კაცური სიბრძნე”?

დარბაზი ნათდება, მაყურებელი ტაშს უკრავს, სცენაზე გრძელფეხება ბიჭი ამოდის და მორცხვად იღიმება, სანამ ქუდის მუსიკა დამთავრდება.

– მოგესალმებით, ეს გადაცემა “კაცური ლოგიკაა”, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ინტელექტუალური და ყვეელაზე დაძაბული თამაში. დღეს ჩვენს თამაშს ორი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან გამოიცნონ მამაკაცების ლოგიკა. მიესალმეთ, ანა და ნატა!

ანა და ნატა წელში ოდნავ მოხრილები დგანან, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებთ.

– უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მოდელი ბიჭები ძალიან ჭკვიანები არიან! მათი ინტელექტი ნამდვილად გაგაოცებთ! მაშ ასე, გავიცნოთ ბიჭები.

ფერადი ბუშტებით მორთულ სტუდიაში ორი მოდელი ბიჭი ზის, ხელში ღვინით სავსე ყანწები უჭირავთ და ღვინოს ელეგანტურად წრუპავენ.

– ჰაი, მე გიო ვარ, ძალიან მიყვარს ქსოვა და ვერ ვერკვევი წყალქვეშა გემების მართვაში – ამბობს გიო და უხერხული ღიმილით იყურება კამერისკენ, ხომ სწორად ვთქვიო.

– ჰელლო, მე აჩი ვარ, ვგიჟდები სიმღერაზე და ცეკვაზე და ვერ ვერკვევი ასტრონომიაში – ინაზება აჩი და გიოს უყურებს.

დარბაზი ტაშს უკრავს, ანა და ნატა წელში უფრო იხრებიან და თვითდაჯერებულად ქირქილებენ.

 

– ნუ ეხლა რახან ასტრონომიაში ვერ ერკვევა, ჰე ჰე…

– დავიწყოთ თამაში. პირველი რაუნდი და პირველი კითხვა. როგორ ფიქრობთ, ბიჭებმა იციან ამ ანდაზის დასასრული “თაგვმა თხარა თხარაო, კატა …?”

– ნუ მოდით აბა ვენდოთ ბიჭებს ამ შემთხვევაში და მივცეთ შანსი რა… იქნება და იციან…

– რაო? – კითხულობს გიო სტუდიაში – რა თაგვი რა კატაო?

– მოიცა, მე მგონი ვიცი ამაზე პასუხი – კისკისებს აჩი – რაღაც გამიგია… საიდან ოღონდ არ ვიცი, მაგრამ გამიგია… თაგვმა თხარა თხარაო, კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, ხო ეგაა? არააა?

– აუ ეგაა კი, თან კატაო, და მეც გამიგია ძეხვზე რაღაც…

ბიჭები საბოლოო პასუხს აფიქსირებენ და გოგოები 3 ლარს და 50 თეთრს ვერ იგებენ.

– მეორე რაუნდი. თუ სწორად მიხვდებით კაცურ ლოგიკას, მოიგებთ 8 ლარს – აცხადებს წამყვანი – ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხიდან, რომელი აირჩიეს ბიჭებმა? “ვინ დაწერა ცნობილი მეცხრე სიმფონია? ა) ბეთჰოვენმა ბ) გია სურამელაშვილმა გ) ჩაკ ნორისმა.”

– თქვენ იცით პასუხი? – ეკითხება გოგოებს.

– კი კაცო, ვიცით – ამბობს ანა და თვალებს ჭუტავს, რომ მონიტორზე სწორი პასუხი წაიკითხოს – ბე..ე ოთენმ.ა

– მაგრამ ჩვენი აზრით ბიჭები მაინც ქართველ ვარიანტზე წამოვლენ, მაინც მეცხეა და ცხრა ხომ ქართული ციფრია რაღაცნაირი, აი მეცხრე ბლოკი, მეცხრე… ნუ მეორე ვარიანტი რა.

– აუ, არადა მხატვრობაში საერთოდ ვერ ვერკვევი – დანანებით ამბობს გიო და შამფურზე წამოცმულ მწვადს ნაზად ღეჭავს – ვიმსჯელოთ და ისე მივხვდეთ.

– კარგი, ვიმსჯელოთ. სანამ ცხრას დაწერდა, იქამდე ხომ წინა რვა უნდა დაეწერა? მერე ადვილია ამდენი სიმფონიის დაწერა? მე მგონია, რომ ამას მარტო ჩაკ ნორისი მოახერხებდა, იმიტომ რომ ყველგან მესმის ჩაკ ნორისი მაგარიაო, ყველას მოერევაო, ჰოდა 9 სიმფონიას როგორ ვერ მოერეოდა?

– ფუ თქვენი – ყვირის ანა – ბეე..თ.ოვენი როგორ არ იცოდით, რა ჩაკ ნორისი, ჩაკ ნორისი ხომ მხატვარი იყო? კაცური ლოგიკა კი არა დებილების ლოგიკა უნდა ერქვას ამას, წავიდეთ ნატა.

მარტო დარჩენილი წამყვანი ისევ უხერხულად იღიმება და  ჯიუტად იმეორებს, რომ ბიჭები მაინც ძალიან ჭკვიანები იყვნენ და უბრალოდ მათი ლოგიკაა მისახვედრი, სხვა კი არაფერი.

პ.ს. თუ ბიჭებს გულზე მოგხვდათ მოდელირებული გადაცემა, უნდა გითხრათ, რომ ზუსტად ასე ჩანს გოგოების თვალში “ქალური ლოგიკა”, როგორც თქვენთვის ეს “კაცური ლოგიკა”. ეს არის ამაზრზენი, ყოველგვარ აზრს მოკლებული და მხოლოდ გაუნათლებელი მოდელი გოგონების დაცინვის საშუალება, რითიც ზოგადად მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს გვაყენებენ შეურაცხყოფას.

უნიჭო მსახიობი

საღამოს ტელევიზორთან მოვიკალათე, თან ჩიპსებს ვახრამუნებდი. ჩემი საყვარელი სერიალი გადიოდა, ძველი დროის. ჩუმად ვხითხითებდი და ჩიპსებს ვიტენიდი.

– გეყოფა ამდენი ჭამა – მომესმა და გაკვირვებულმა აქეთ–იქით მიმოვიხედე.

–  აქ ვარ, სად იყურები.

ტელევიზორის ეკრანთან მთავარ გმირ კაცს ცხვირი მოედო და ინტერესით შემომყურებდა.

– ეს, რანაირად? – ლამის გადამცდა ლუკმა.

– მოდი ჩვენთან – დამიქნია ხელი და მიმიპატიჟა.

გახარებული წავედი ტელევიზორისკენ, მაგრამ თავი მივარტყი და უკან დავიხიე.

– რანაირად მოვიდე?

– არ იფიქრო იმაზე, რომ შეეჯახები. უბრალოდ მოდი.

თვალები დავხუჭე და წინასწარ წარმოვიგდინე ნაპერწკელები, დაჯახების დროს რომ გავყრიდი, მაგრამ შიშინის ხმა მომესმა და თვალები რომ გავახილე უკვე იქ ვიყავი.

დეკორაციებში ვიდექი უშნოდ გაჩხერილი. კამერა ჩემსკენ იყო მოშვერილი.

– ჯონ, ახალი პაციენტი მოგივიდა – მომესმა ქალის ხმა. ჯონმა თვალი ჩამიკრა და სკამზე დამსვა, თან ყურში ჩამჩურჩულა, ექსპრომტად ითამაშეო.

– რამ შეგაწუხათ ბატონო ჩემო? – მეკითხება ძველებური თავაზიანობით და ფართოდ იკრიჭება. აშკარად რაღაც სასაცილო უნდა ვუთხრა, მაგრამ მაინცდამაინც ეხლა არ გამომდის.

სამაგიეროდ სასაცილოდ ვაღებ პირს და ვიყურები აქეთ–იქით.

– აშკარად ტვინის პრობლემები აქვს – ერთვება მისი თანაშემწე. ჰმ. მე მაინც ვიცი საყვარლები რომ არიან.

ჯონი მიბღვერის, მაგისთვის გადმოგიყვანეო?

– დიახ ბატონო, მე ცოტათი გონებასუსტი ვარ – ვამბობ დებილის გამომეტყველებით და თვალებს ვაელმებ. დარბაზი იცინის.

– მაგის შემჩნევა არ არის ძნელი – ამბობს რიხით ჯონი და სახეში მისი მუშტი მხვდება.

ტელევიზორიდან ვვარდები და ტანსაცმელს ვიფერთხავ. სავარძელში ვჯდები. არა რა, ჩემგან სიტუაციური კომედიის მსახიობი არ გამოვა.

– მე შანსი მოგეცი – მეუბნება ჯონი და პაციენტების წვალებას განაგრძობს.

მოწყენილობა ოლიმპოს მთაზე

ოლიმპოს მთაზე ღმერთები იყვნენ შეკრებილები. მოწყენილობისგან აღარ იცოდნენ რა ეკეთებინათ. ჰერა წინდებს ქსოვდა, ზევსი ტახტზე იწვა და ამთქნარებდა, აპოლონი კი სევდიანად იქნევდა ფეხებს.

– რითი გავერთოთ? – იკითხა აფროდიტემ, ყველაზე მოუსვენარმა და კეკლუცმა ქალღმერთმა.

– ვიომოთ – წამოაყენა წინადადება არესმა.

პოსეიდონი წყლიდან ამოვიდა. სველი საცვალი ზედ მიკრობოდა. სამკაპათი წყლის ლოკოკინები დაეჭირა და გემრიელად ჭამდა. ისიც ზევსის გვერდით მოკალათდა და ნექტარი დააყოლა.

– ხომ არ წაგვენადირა? – იკითხა არტემიდემ.

– ამდენ ლაპარაკს ჯობია მკერდი დამალო – შეუბღვირა ზევსმა –  ერთი ცალი რომ გიჩანს რა უბედურებაა, ან ორივე გამოაჩინე, ან სულ დამალე.

– ჰერაკლეა მოსული და შემოვუშვა? – იკითხა  ჰერმესმა და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.

– მოიცა კაცო რა უნდა შემოუშვა, რაც კი რამე დავავალე ყველაფერი შეასრულა, ახალი ვერაფერი მომიფიქრებია… გაუშვი უკან.

გაისმა ჭიხვინის ხმა და ცეცხლოვანმა პეგასმა ჰადესი მოიყვანა მიწისქვეშა სამყაროდან.

– რამ შეგაწუხა ძმაო, რატომ გვესტუმრე? – იკითხა ზევსმა.

ჰადესმა შეიგინა და პეგასს გზის ფული გადაუხადა.

– პერსეფონეს ვეჩხუბე.

– ცოლი გაჩმორებს ძმაო? – ჩაიხითხითეს ზევსმა და პოსეიდონმა.

– აეეეე – წიხლით შემოხსნა კარები დიონისემ – ვცეკვავთ ყველა, მთელი ოლიმპო თუხთუხებს – ბანცალ ბანცალით შემოვიდა და ხელები გაშალა.

– აუ ეს ისევ მთვრალია – ნაზი ხმით თქვა აპოლონმა და ლამაზად გაქლიბულ ფრჩხილებზე დაიხედა – ნუ რა სოფლელია… – და ფეხების სევდიანად ქნევა გააგრძელა.

დიონისე იატაკს დაემხო და ხვრინვა ამოუშვა. მთაზე ისევ მოწყენილობა ჩამოწვა.

– ნახე ადამიანები როგორ ერთობიან – დახედა ჯადოსნურ სფეროს ჰერამ.

– ძნელია იყო ღმერთი – დაასკვნა ზევსმა და გვერდი იცვალა.

ჩამოწოლილ სიჩუმეს ხანდახან არღვევდა დიონისეს ხვრინვა და აპოლონის ნაზი ღიღინი.