“ქალური ლოგიკა” თუ “კაცური სიბრძნე”?

დარბაზი ნათდება, მაყურებელი ტაშს უკრავს, სცენაზე გრძელფეხება ბიჭი ამოდის და მორცხვად იღიმება, სანამ ქუდის მუსიკა დამთავრდება.

– მოგესალმებით, ეს გადაცემა “კაცური ლოგიკაა”, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ინტელექტუალური და ყვეელაზე დაძაბული თამაში. დღეს ჩვენს თამაშს ორი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან გამოიცნონ მამაკაცების ლოგიკა. მიესალმეთ, ანა და ნატა!

ანა და ნატა წელში ოდნავ მოხრილები დგანან, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებთ.

– უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მოდელი ბიჭები ძალიან ჭკვიანები არიან! მათი ინტელექტი ნამდვილად გაგაოცებთ! მაშ ასე, გავიცნოთ ბიჭები.

ფერადი ბუშტებით მორთულ სტუდიაში ორი მოდელი ბიჭი ზის, ხელში ღვინით სავსე ყანწები უჭირავთ და ღვინოს ელეგანტურად წრუპავენ.

– ჰაი, მე გიო ვარ, ძალიან მიყვარს ქსოვა და ვერ ვერკვევი წყალქვეშა გემების მართვაში – ამბობს გიო და უხერხული ღიმილით იყურება კამერისკენ, ხომ სწორად ვთქვიო.

– ჰელლო, მე აჩი ვარ, ვგიჟდები სიმღერაზე და ცეკვაზე და ვერ ვერკვევი ასტრონომიაში – ინაზება აჩი და გიოს უყურებს.

დარბაზი ტაშს უკრავს, ანა და ნატა წელში უფრო იხრებიან და თვითდაჯერებულად ქირქილებენ.

 

– ნუ ეხლა რახან ასტრონომიაში ვერ ერკვევა, ჰე ჰე…

– დავიწყოთ თამაში. პირველი რაუნდი და პირველი კითხვა. როგორ ფიქრობთ, ბიჭებმა იციან ამ ანდაზის დასასრული “თაგვმა თხარა თხარაო, კატა …?”

– ნუ მოდით აბა ვენდოთ ბიჭებს ამ შემთხვევაში და მივცეთ შანსი რა… იქნება და იციან…

– რაო? – კითხულობს გიო სტუდიაში – რა თაგვი რა კატაო?

– მოიცა, მე მგონი ვიცი ამაზე პასუხი – კისკისებს აჩი – რაღაც გამიგია… საიდან ოღონდ არ ვიცი, მაგრამ გამიგია… თაგვმა თხარა თხარაო, კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, ხო ეგაა? არააა?

– აუ ეგაა კი, თან კატაო, და მეც გამიგია ძეხვზე რაღაც…

ბიჭები საბოლოო პასუხს აფიქსირებენ და გოგოები 3 ლარს და 50 თეთრს ვერ იგებენ.

– მეორე რაუნდი. თუ სწორად მიხვდებით კაცურ ლოგიკას, მოიგებთ 8 ლარს – აცხადებს წამყვანი – ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხიდან, რომელი აირჩიეს ბიჭებმა? “ვინ დაწერა ცნობილი მეცხრე სიმფონია? ა) ბეთჰოვენმა ბ) გია სურამელაშვილმა გ) ჩაკ ნორისმა.”

– თქვენ იცით პასუხი? – ეკითხება გოგოებს.

– კი კაცო, ვიცით – ამბობს ანა და თვალებს ჭუტავს, რომ მონიტორზე სწორი პასუხი წაიკითხოს – ბე..ე ოთენმ.ა

– მაგრამ ჩვენი აზრით ბიჭები მაინც ქართველ ვარიანტზე წამოვლენ, მაინც მეცხეა და ცხრა ხომ ქართული ციფრია რაღაცნაირი, აი მეცხრე ბლოკი, მეცხრე… ნუ მეორე ვარიანტი რა.

– აუ, არადა მხატვრობაში საერთოდ ვერ ვერკვევი – დანანებით ამბობს გიო და შამფურზე წამოცმულ მწვადს ნაზად ღეჭავს – ვიმსჯელოთ და ისე მივხვდეთ.

– კარგი, ვიმსჯელოთ. სანამ ცხრას დაწერდა, იქამდე ხომ წინა რვა უნდა დაეწერა? მერე ადვილია ამდენი სიმფონიის დაწერა? მე მგონია, რომ ამას მარტო ჩაკ ნორისი მოახერხებდა, იმიტომ რომ ყველგან მესმის ჩაკ ნორისი მაგარიაო, ყველას მოერევაო, ჰოდა 9 სიმფონიას როგორ ვერ მოერეოდა?

– ფუ თქვენი – ყვირის ანა – ბეე..თ.ოვენი როგორ არ იცოდით, რა ჩაკ ნორისი, ჩაკ ნორისი ხომ მხატვარი იყო? კაცური ლოგიკა კი არა დებილების ლოგიკა უნდა ერქვას ამას, წავიდეთ ნატა.

მარტო დარჩენილი წამყვანი ისევ უხერხულად იღიმება და  ჯიუტად იმეორებს, რომ ბიჭები მაინც ძალიან ჭკვიანები იყვნენ და უბრალოდ მათი ლოგიკაა მისახვედრი, სხვა კი არაფერი.

პ.ს. თუ ბიჭებს გულზე მოგხვდათ მოდელირებული გადაცემა, უნდა გითხრათ, რომ ზუსტად ასე ჩანს გოგოების თვალში “ქალური ლოგიკა”, როგორც თქვენთვის ეს “კაცური ლოგიკა”. ეს არის ამაზრზენი, ყოველგვარ აზრს მოკლებული და მხოლოდ გაუნათლებელი მოდელი გოგონების დაცინვის საშუალება, რითიც ზოგადად მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს გვაყენებენ შეურაცხყოფას.

მკვლელობა ბენზოხერხებით და მთებს აქვთ თვალები, თუ რაღაც მსგავსი

მარტო საშინელებათა და საშინელება–მისტიკის ჟანრს ბევრი რამე აქვს საერთო, მაგრამ ბევრი რამითაც განსხვავდება. როგორც ყველგან, აქაც გვაქვს კლიშეები, რომელიც ფილმების უმრავლესობაში მეორდება.

უმეტეს შემთხვევაში იქნება:

  • რამდენიმე თინეიჯერი მანქანით მიდიან კონცერტზე.
  • დასაწყისში იქნება გზისპირა პატარა მაღაზია ან სახელოსნო, სადაც ცოტა ხნით შეჩერდებიან და რომელსაც უცნაური პატრონი ეყოლება, რომელიც ბოროტად ჩაიხითხითებს.

დავიწყოთ.

ჯესიკა, ჯონათანი, სამანტა და კობა ჯესიკას ვილაზე შეიკრიბნენ და შეზლონგებზე წამოწვნენ. ჯონათანმა კობას ზურგზე მზის საწინააღმდეგო კრემი დაასხა და მონდომებით შეუდგა ზელვას.

– ჰეი, ნახეთ, მაგარი ბილეთები დავითრიე – კობამ ჯიბიდან ცნობილი როკ–ჯგუფის, ” მწვანე ტარაკანის” ბილეთები ამოიღო და ააფრიალა – არ წავიდეთ?

ჯესიკა ჯონათანს ჩაუჯდა კალთაში, ისინი შეყვარებულები იყვნენ, სამანტა კი კობას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა და სულ ცდილობდა რაიმე მიზეზით ერთად ყოფილიყვნენ.

გადაწყვიტეს წასვლა. ჯონის ძველი ვარდისფერი ფურგონი გამოიყვანეს და დაქოქეს.

– გზად რამდენიმე ძალიან მიტოვებული და საშიში სოფლის გავლა მოგვიწევს, სადაც ამერიკელი სამხედროები ატომურ აფეთქებებს ატარებდნენ და შეიძლება რაღაც ანომალიებს წავაწყდეთ – გამოაცხადა კობამ. გამხიარულებულმა საზოგადოებამ ყიჟინა დასცა.

მართლაც, რამდენიმე საათის მერე ტეხასის ძველ გზაზე გავიდნენ, სადაც საგზაო ნიშნებზე ბენზოხერხიანი კაცები ეხატა და დიდი ასოებით ეწერა “აქ არ წახვიდეთ, დაგხერხავენ”

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასცა ყიჟინა და გზა გააგრძელეს.

– მოიცადეთ – თვალები მოიჩრდილა სამანტამ – იქ ვიღაცაა, ჩვენი დახმარება სჭირდება.

გზაზე ტანსაცმელჩამოხეული გოგო მოდიოდა, ყველგან სისხლები ეცხო, ჭრილობები დახეთქოდა და საშინლად გამოიყურებოდა.

– ეი, ხომ კარგად ხართ? – თავი გადაყო ჯონიმ – გინდა წაგიყვანოთ? თან გზას მიგვასწავლი.

– იქ არ წახვიდეთ – ჩაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით გოგომ – თორემ საშინელი სიკვდილი გელით…

– რაო? რა თქვა?

– რა ვიცი, მგონი დღეს ძველი ჰამბურგერი შევჭამეო.

ჯონი დაიჭყანა,  მხიარულად დაუქნია ხელი და სიჩქარეს მოუმატა.

შევიდნენ მიტოვებულ სოფელში. ირგვლის სიჩუმე და ნისლი იყო ჩამოწოლილი, კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდით ვერსად (გადამღები ჯგუფი რამდენიმე მაცხოვრებელს მიერეკებოდა სოფლის ბოლოში, კინოს ვიღებთ და ცოტა ხანი  გვაცადეთო)

სწორედ ამ დროს დაეშვა ოთხივე საბურავი და მანქანა გაჩერდა.

– ახლა რა ვქნათ? – იკითხა ჯესიკამ და საბარგულიდან არაყი ამოიღო.

– მოიცა, სცენარს ჩავხედო.

რამდენიმე წუთიანი დუმილის მერე ფეიდ აუთი გაკეთდა, როგორ სვამენ მეგობრები, როგორ ცეკვავს ტოპლესს ჯესიკა ჯონის მუხლებზე, როგორ უყურებს კობა სამანტას გამჭვირვალე მაიკას და როგორ უთვალთვალებთ ვიღაც სახლებიდან უზარმაზარი ლინზებით.

დაღამდა, ახლა კი შეშფოთდნენ და შერიფს დაუწყეს ძებნა, სწორედ ახლა შეამჩნიეს მთელი სოფელი ცარიელი რომ იყო, მართალია რამდენჯერმე შიშველმა კაცებმა გადაურბინეს კამერას, მაგრამ მაინც.

ახლა ხვდებიან, რომ მათზე ნადირობა დაიწყო, ისმის უცნაური ხმები, ხვნეშის, სირბილის, რამდენჯერმე მწარე ამოოხვრის ხმაც გაიგონეს და დაინახეს კოჭლობით როგორ წავიდა ვიღაც.

– უნდა შევიარაღდეთ – განაცხადა კობამ და ჯონის წყლის რევოლვერი მისცა.

მშვიდად იძინებენ. პირველი მსხვერპლი ჯესიკაა. მისთვის საშინელი მანიაკი მოდის – მეტსახელად ტყავის სახე. ის საშინელი სახის დეფექტით დაიბადა და იმის მერე სულ სახეს იჭიმავს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. ქოქავს თავის ბენზოხერხს და ჯესიკას ხერხავს.

კოშმარი იწყება. ჯესიკას ხელს გარეთ პოულობენ. მასზე ჯერ კიდევ დაფიქსირებულია შუა თითი.

ირგვლივ მთებზე საშინელი არსებები ირევიან, ისინი ატომურმა აფეთქებამ დაამახინჯათ და ახლა ადამიანებზე უნდათ შურისძიება.

ცოტა ხანში ჯონათანს ბრმა ნაწლავი შეტევას აძლევს და ისიც კვდება. კობა სამანტას გადასარჩენად იბრძვის, რომელსაც რამდენიმე დამუწუკებული არსება ბოროტი ხითხითით მიათრევს.

– კობაა… – ყვირის სამანტა და ირგვლივ ყველაფერს ხმა ეკარგება. შორიდან ისმის გულისცემის ხმა.  კობა შენელებული კადრებით იხედება სისხლიან ხელებზე. გულიცემა ძლიერდება და გმირული მუსიკა ედება.

– ე ბიჭო, დროზე, გათავდა ფირი – ყვირის რეჟისორი.

კობა იღებს ბენზოხერხს, რომელიც ტყავისსახას კედელზე მიუყუდებია და თვითონ ტუალეტში წასულა ღიღინით  და რამდენჯერმე ამოქოქავს ეფექტებით, მერე დაერევა ყველას და სამანტას იხსნის.

კობა და სამანტა შემაღლებულ ადგილზე დგანან და ერთმანეთს ეხვევიან. მოდის სამაშველო რაზმი და თბილ ადიელებში ახვევენ წყვილს.

კადრი ბნელდება.

6 თვის მერე…

სოფელში დიდი ფურგონი შემოდის. იქაც თინეიჯერები სხედან და “მწვანე ტარაკნის” მაისურები აცვიათ.

– ჯანდაბა, კიდევ? – ოხრავს რეჟისორი და აპარატურას მოათრევს.

 

insbired by – the texas chainsaw massacre 1-2, the hills have eyes 1-2 და მრავალი სხვა

მსგავსი პოსტი:

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

სისხლიანი სამაჯური

ვაგრძელებ ციკლს ჩემს მიერ ბავშვობაში დაწერილი სამი გენიალური დეტექტივიდან, რომელიც განსაკუთრებით გენიალურია, თან შეგახსენებთ იმასაც, რომ დაწერილია სერიოზულად, მაგრამ ახლა რომ ვკითხულობ, აბსურდული კომედიის ნამდვილი შედევრია.

კახასტან სტუმრად მივიდა მისი კოლეგა ანზორ მელაძე. კახას ანტი–შესახედაობის, ჩასუქებული, ულამაზო, მელოტი კაცი.

– აბა, რა ახალი ამბები მომიტანეთ ანზორ?

– ახალი სამხილია, აი ნახეთ.

ანზორმა ცელოფნიდან ამოიღო სისხლიანი სამაჯური. კახამ გულდასმით დაათვალიერა. ეს იყო სისხლშემხმარი, ლამაზი ოქროს სამაჯური, რომელსაც ქვეფი, საფირონი, აქატი და ზურმუხტი იყო ჩასმული, ეს ფერები ერთმანეთს საოცრად ლამაზად ეხამებოდა. სამაჯური იკვრებოდა პატარა ქინძისთავით, რომელიც თვითონ მას ჰქონდა მიმაგრებული.

– საინტერესოა! სად იპოვეთ?

– ზემოთ მთები რომ არის იცი?

– მე რა ვიცი, თბილისი მთებით არის შეზღუდული.

– იქ, ზემოთ მივსეირნობდი, რომ ზურმუხტმა დაიბრჭყვიალა, მეც დავხედე და კინაღამ გული წამივიდა (რა მაგარი დეტექტივია, სისხლზე გული მისდის), სისხლიანი სამაჯური გდია იქვე. მე დავწვდი და წამოვიღე, იმ წუთში შენ გამახსენდი, ეგ ამოხსნის–მეთქი.

– კარგიც გიქნია. დავაკვირდეთ სამაჯურს. მისი ქვედა მხარე სისხლით არის დასვრილი, ზედა კი სუფთაა. შეიძება ყველას გასჭროდა ხელი.

– დიახ, მაგრამ ახლა გაზეთში დაწერილ სტატიას წაგიკითხავთ.

“4 ნოემბერს შაბათს მოხდა მკვლელობა. მსხვერპლი ქალია. მისი ვინაობა გაირკვა. ცხედარი ნაპოვნია მთაწმინდაზე. ცხედარს ცალი ხელის, კერძოდ მარჯვენას მტევანი არ აქვს. ვარაუდობენ, რომ მას ხელზე რაიმე ძვირფასი სამკაული ეკეთა. მკვლელობა ჩადენილია ქურდობის მოტივზე, პოლიცია ასე ფიქრობს. საქმე სადაცაა დაიხურება. ლიას ძალადობის არანაირი კვალი არ აქვს. გაკვეთის შედეგად ექპერტებმა დაასკვნეს, რომ ის სისხლისგანაა დაცლილი და სისხლში შესულია ინფექცია. ამას ადასტურებს ის, რომ მის სისხლში ნაპოვნია ბაქტერიები. საქმე წინ არ მიდის, მოკლულის მისამართია აღმაშენებლის 18–20″

– ჰმ, ამაზე რაღაც იტყვი ბატონო კახა?

– ჰო, მისმინე, აი ჩემი გეგმა.

– ჩემი კი არა ჩვენი.

– ჰო, აი ჩენი გეგმა, ჩვენ წავალთ ლიას მშობლებთან, მივუტანთ სამაჯურს და დავაზუსტებთ, მისია თუ არა. მე კი ვფიქრობ მისია.

კახა და ანზორი გაუყვნენ გზას. მალე ჩავიდნენ. კახამ კარზე დააკაკუნა. კარები გააღო შავებში ჩაცმულმა, მაღალმა, თვალცრემლიანმა კაცმა. იგი ალბათ ლიას მამა იყო.

_ ჩვენ გამომძიებლები ვართ, შეიძლება?

– დიახ, მობრძანდით.

ოთახის შუაგულში სასახლე ესვენა, სადაც არამიწიერი სილამაზის ქალი ესვენა.

– ეს სამაჯური ლიას ეკუთვნოდა?

– დიახ.

– ვინ აჩუქა?

– მისმა მეუღლემ.

– აქ რატომ არ არის?

– ნაჩხუბრები იყვნენ.

– აჰა, გასაგებია, ეს სამაჯური მისი ნაჩუქარია, ხომ შეეძლო მოეკლა თავისი ყოფილი მეუღლე და სამაჯურის უკან დაბრუნება ეცადა?

– დიახ, შეეძლო, შეეძლო.

კახა და ანზორი გარეთ გამოვიდნენ.

– ახლა წავიდეთ ქმართან, ლიას მამამ მისი მისამართი ჩამაწერინა, რეაქციაზე და სახეზე შევატყობთ დამნაშავეა თუ არა.

თბილისში თითქმის ყველა იცნობდა კახას და ყველა ესალმებოდა, კახაც თავს უქნევდა ნაცნობებს. ანზორი გულზე სკდებოდა მე რატომ არავინ მესალმებაო. მივიდნენ სახლთან.

სახლსაც კი სააშკარაოზე გამოჰქონდა მისი მცხოვრებლის ბუნება. კახამ დააკაკუნა, სახლში არავინ იყო, მაგრამკარი გაიღო.

სახლი არეული იყო, მაგიდაზე ათასი რამე ეყარა, მაგრამ გამორჩევით ჩანდა დღიური.

4 ნოემბრის ჩანაწერი.

“დღეს მძიმე დღე მაქვს, ლიას უნდა შევხვდე. ჩემი გეგმა ასეთია, საღამომდე დავტოვებ, რომ შებინდდება, მოვკლავ, დავახრჩობ და სამაჯურს წავართმევ. თუ მისი გასაღები ქინძისთავი თან არ აქვს, მაშინ ხელს მოვაჭრი. ამის გაგრძელებას რომ მოვალ მერე დავწერ…

…ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმე. ლიას შამპანური დავალევინე, რომელიც მოწამლული იყო, მაგრამ ორგანიზმში მარტო ბაქტერიებს ტოვებდა. დავუსხი ჭიქაში და დალია. ცოტა ხანში ჩემს წინ გვამიღა იყო. სამაჯური ვერ მოვხსენი და ხელი მოვაჩეხე. სამაჯურს ჩემს ძვირფასს კატერინას ვაჩუქებ, რომელიც ჩემი საცოლეა…”

– ოჰ ეს ნაძირალა – გამოსცრა კახამ.

– ახლა ჩვენ დავიმალებით და დავუცდით ვაჟბატონის მობრძანებას, სადმე ბნელ კუთხეში მოვიკუნჭოთ. ბორკილები ხომ გაქვს?

– რა თქმა უნდა, ასევე გამოვიყოლე დაპატიმრების ორდერი. (ისე, მაინც გამოუყოლებია კაცს)

– კარგი გიქნია, მგონი მოდის.

ოთახში მართლაც ვიღაც შემოვიდა და თან თავისთვის ლაპარაკობდა: “ლია ხომ მოვკალი, თუ გამაბრაზა კატერინასაც მივაყოლებო”

– კანონის სახელით გაპატიმრებთ – კახა მიუახლოვდა და ბორკილები გაუკეთა (თავიდან მეწერა ორდერი გაუკეთაო და გადაშლილი იყო) 🙂

სასამართლომ მას თავისუფლების 15–20 წლამდე აღკვეცა (და არა თ) მიუსაჯა.

– მაინც მეცოდება ამდენი ხანი ციხეში – თქვა კახამ – არა უშავს, იწვნიოს, როგორია დანაშაულის ჩადენა.

განა მეტის ღირსი არ იყო იგი?

ეს ბოლო ფრაზა დღემდე ლეგენდად გვაქვს დარჩენილი, როცა ვინმე რამეს დააშავებს, თითს მაღლა ვწევთ და ვამბობთ “განა მეტის ღირსი არ იყო იგი?”

პირველი ნოველა ციკლიდან ეკლიანი დიადემის წყევლა

საიდუმლო სასიკვდილო ნახატები

დეტექტივი სკამზე იყო გადაწოლილი და ქანაობდა, თან ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც უამრავი კარეტა დაქროდა. შუქნიშანი ძლივს აკავებდა მათ ტალღას.

– ბატონო გარლოკ, თქვენთან სტუმარია – შემოვიდა წვერებიანი მოახლე ქალი – შემოვუშვა?

– ცხვირი აქვს ? – იკითხა შთაგონებული სახით გამომძიებელმა.

– დიახ.

– ე.ი ადამიანია. შემოუშვით.

ოთახში ბოტსონი შემოვიდა. ხელში დიდი დურბინდი ეჭირა.

– რა ხდება ექიმო ბოტსონ?

– კლიენტი მოგიყვანეთ დეტექტივო.

– ცხვირი აქვს?

– არ ვიცი – დაფიქრდა ბოტსონი – მგონი აქვს.

– შემოიყვანეთ.

ოთახში მანდილოსანი შემოვიდა, გრძელი კაბა ეცვა და სახეზე პირბადე ჰქონდა ჩამოფარებული. შეშინებული ჩანდა.

– რა ხდება მადმუაზელ – იკითხა გარლოკმა და ცხვირში ხელი შეიყო.

ქალმა ჩანთიდან წერილი ამოიღო.

– აი, დღეს დილით რომ ავდექი, კარებში დამხვდა.

– აბა მაჩვენეთ – ბოტსონმა დურბინდი მოიმარჯვა და დახედა – ოოო, ღმერთო – შეიცხადა და შუბლზე ხელი მიიდო.

– რა არის მანდ ასეთი დოქტორო ბოსტონ? – აუღელვებელი ტონით იკითხა გარლოკმა, თან ფანჯრიდან თვალს ადევნებდა, როგორ აჯარიმებდნენ კარეტის მძღოლს სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

– აქ რაღაც დემონური ნახატებია დეტექტივო.

– ოო, ეს უკვე სერიოზულია, რაღაც ზომები უნდა მივიღოთ. თქვენ კატა გყავთ?

– არა.

– აჰა, მაშასადამე ძაღლი გყავთ.

– რატომ ფიქრობთ ასე?

– ჩემს კარებში რაღაც ცხოველი მოყოლილი და უცნაურ ხმებს გამოსცემს.

– ოო, ღმერთო, ტოტო – წამოიჭრა ქალი და ძაღლი გაათავისუფლა – ისე ვარ შეშინებული, ჩემი საყვარელი ძაღლიც კი დამავიწყდა,

– ძაღლი ვერაფერში დაგვეხმარება – გარლოკმა ის ფანჯრიდან მოისროლა – სჯობს სერიოზულ თემებზე დავფიქრდეთ. ვინმეს უნდა თქვენი მოკვლა მადამ?

– არ ვიცი, ჩემს ქმარს, მის საყვარელს, ჩემს ბიძაშვილს და მის ცოლს, ჩემს მეზობლებს, დედაჩემს, ბიჭს მაღაზიიდან, მეტს ვერ ვიხსენებ…

კარებში თავი ყაყანით შემოყვეს კაცებმა.

– და კიდევ ამათ – დაიმორცხვა ქალმა.

– მდაა… საინტერესოა, თან ძალიან – გარლოკმა მოსამსახურე ქალს დაუძახა – სარა, ჩემი ბალერინის კაბა მოამზადე, გარეთ გავდივარ.

კარეტა დაბლა ელოდებოდათ. ცოტა ხანში ლიდიას სახლში იყვნენ.

– ბავშვები გყავთ ლიდია ? – იკითხა გარლოკმა და ზედ ახოხებული რამდენიმე ბავშვი ჩამოიბერტყა.

– არა, ეს ჩემი ქმრისებია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ახლავე მოვიშორებ.

ლიდიამ ბავშვები ნაგვის ურნით ახვეტა.

– უკვე საღამოა ლიდია, საინტერესოა რა მოხდება, ჩემთან ერთად არ შეგეშინდეთ, თუ რამეა, ჩემი პისტოლი აქ მაქვს.

გარლოკმა ჯიბეები მოიჩხრიკა და იქ ვარდისფერი ბრჭყვიალა ქლიბის მეტი ვერაფერი ნახა.

– არა უშავს, ესეც გამოგვადგება – აღარ გაიტეხა იხტიბარი.

დაძაბულობა მატულობდა. კუთხეში მდგარ ორღანზე ფილმის კომპოზიტორი უკრავდა, სანამ არ მობეზრდათ და არ ააფეთქეს.

– იქნებ ტყუილად შევშფოთდით? – ბალერინას კაბა შეისწორა დეტექტივმა და საათს დახედა.

– დედა, დედა – ჭყვილით შემოვარდა ულვაშებიანი კაცი და ლიდიას ეტაკა.

– აკი შვილები არ მყავსო? – წარბშეკვრით იკითხა გარლოკმა.

– უი, ეს აღარც მახსოვდა, პირველი ქმრისგან მყავს. რა ხდება დედიკო?

– მე შენ სურათი რომ დაგიტოვე დილით ნახე? ლამაზი ნახატებით, შენთვის დავხატე მე…

გარლოკმა და ბოტსონმა ერთმანეთს გადახედეს.

– ჰმ, ეშმაკმაც დალახვროს, მერამდენედ მომდის ეს?  წავიდეთ ბოტსონ, ტყუილად გამოვტოვეთ სასოწარკვეთილი დიასახლისების სერია.

ბოტსონი და გარლოკი გედების ცეკვით გავიდნენ სახლიდან.

– ესეც ასე – ჩაიხითხითა ულვაშებიანმა  და ლიდია ნაღმზე ააფეთქა, მერე მისი მთელი ქონება მოხიკა და გაიქცა, მაგრამ კიბეებზე გარლოკის დაგდებულ ქლიბზე ფეხი აუცურდა და მოკვდა.

– გარკოლ ჯომსის სხვა ისტორიებს მოგვიანებით შეიტყობთ – ინტრიგულად ჩაილაპარაკა დეტექტივმა და ვარდისფერი, ფუმფულა ხალათი მოიხურა, მერე ბოტსონთან ერთად საბანში გაეხვია და ნაყოფიერი დღით კმაყოფილმა ტკბილად დაიძინა.

 

პ.ს წავედი ახლა, ბადრის დის დაბადების დღეზე მივდივარ, თმები უნდა დავიხვიო.

 

გარიგება ეშმაკთან – ჯადოსნური პულტი (I)

ალბათ ხშირად არა, მაგრამ ხანდახან მაინც უკთხავთ თქვენთვის, რა არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ოდესმე თქვენთვის უჩუქებიათო. ამაზე პასუხი, სანამ ოცი წლის არ გავხდი, არ მქონდა.

მდიდარი მშობლები მყავს, მეც განებივრებული ბიჭი ვარ. გოგოებს მოვწონვარ, ალბათ იმიტომ რომ ძალიან სიმპათიური ვარ.  ცხოვრება ჩემთვის ძალიან ადვილი იყო, მაგრამ ცოტა მოსაწყენი.

ოცი წლის რომ გავხდი მშობლებმა სიურპრიზი მომიწყვეს. დილით საწოლში ლამაზ ყუთში შეფუთული მანქანის გასაღები დამხვდა. იცოდნენ ძველი უკვე აღარ მომწონდა. გახარებული წამოვხტი და დაბლა ჩავედი. ჩემს საპატივცემულოდ დიდი წვეულება მზადდებოდა.

– ჩემი ლამაზი – მოვეფერე მანქანას. უკნიდან ხმაური მომესმა. მოვბრუნდი.

ქუჩაში ჯოხს მელოტი კაცი დაყრდნობოდა და მოჭუტული თვალებით მიყურებდა.

– რა გნებავთ? – ვკითხე რატომღაც ბოროტად და შუბლიც შევუკარი.

– გილოცავ – მითხრა ხრინწიანი ხმით და ჩაიქირქილა – როგორც ვხედავ საჩუქარი უკვე მიგიღია.

ყბა ჩამომივარდა. ისიც ვერ ვკითხე საიდან იცი დაბადების დღე რომ მაქვს–თქო.

– მეც მაქვს შენთვის საჩუქარი – მითხრა ჩურჩულით – ოღონდ არავის უთხრა… საიდუმლოა…

თავი სინანულით გავიქნიე და გამობრუნება დავაპირე, მაგრამ კაცი უკან გამომყვა.

– საჩუქარზე უარის თქმა უზრდელობაა ბიჭუნა…

გაბრაზებული მოვუბრუნდი, კარგად უნდა გამომელანძღა, მაგრამ იქ აღარვინ დამხვდა. დაბლა რაღაც ნივთი ეგდო.

ნივთი ავიღე და შევათვალიერე. ერთი შეხედვით პულტს ჰგავდა, ოგონდ პულტისგან განსხვავებით მას მხოლოდ ხუთი ღილაკი ჰქონდა. ღილაკები რომაული ციფრებით ქრონოლოგიურად იყო დაყოფილი.

ეც ისე მოვიქეცი, როგორც ყველა მოკვდავი მოიქცეოდა. ავდექი და პირველივე ღილაკს დავაჭირე. თავში რაღაც მაგარი მომხვდა და მაშინვე გავითიშე.

გონს რომ მოვეგე, მიწაზე ვიწექი და საცოდავად ვცდილობდი თვალის გახელას.  ირგვლივ ყველაფერი დაბინდული იყო და ნელ–ნელა იწმინდებოდა. ვიგრძენი თავზე ვიღაც ორი არსება მადგა.

– დედა… მამა… – ამოვიბლუკუნე და თვალები გადავატრიალე.

პასუხი არავის გაუცია. უფრო დიდი ინტერესით დამაშტერდნენ. გამოსახულება რომ დაიწმინდა და დავინახე ვინ მიყურებდნენ, გულგახეთქილმა ვიყვირე და წამოვხტი.

– ვინ ხართ, რა გინდათ. სად ვარ?

ორი ველური (პირდაპირი გაგებით) დიდ ჯოხებზე იყვნენ დაყრდნობილები. ბინძური თმები მხრებზე ეყარათ. რაღაც ძონძები შემოეხვიათ წელზე. ირგვლივ ტყე იყო, ტყის განაპირას კი გამოქვაბულები.

– უუ აა – გადაულაპარაკა ერთმა მეორეს.

– ჰა? რაა? რა თქვი? – საწყლად ხან ერთს მივშტერებოდი, ხან მეორეს.

– ვატაა საკააა, უუ – უთხრა მეორემ, მერე ფეხებში ხელი წამავლეს და გამოქვაბულისკენ წამათრიეს.

ქ მათი უფროსი დამხვდა. იმას უფრო ბევრი ძონძები ჰქონდა შემოხვეული.

– ვინ ხარ? – მითხრა დინჯად და ბინძური თავი მოიფხანა.

– უი, ლაპარაკობთ ჩემ ენაზე? – დავიმორცხვე, რამდენიმე წუთის წინ ხომ გულიანად ვაგინებდი იმ ორ ველურს, ფეხებით რომ მომათრევდნენ.

– საიდან მოხვედი აქ? ან რას ჰგავხარ? ეს რა გაცვია?

ვიუკადრისე. ქვის ხანის ველურებმა ჩემი დახეული ჯინსები და საყვარელი მაისური დამიწუნეს.

– ჩააცვით ჩვენი ტანსაცმელი, ასეთს ვერ  ვუყურებ – ბრძანა უფროსმა ველურმა. ისევ ფეხებით შემათრიეს სადღაც, ტანსაცმელი გამხადეს და ძონძები მომახვიეს.

– აი ასე – კმაყოფილებით ხელები მოიფშვნიტა და წამოდგა. ჩემი სუფთა თმები ეუცხოვა. დაკვირვებით შემათვალიერა. კბილები მომისინჯა.

– ჯანმრთელია – თქვა გახარებულმა. ველურებმა ყიჟინა დასცეს.

– კი, ჯანმრთელი ვარ – შევცინე გაუბედავად – თუ გინდათ ექიმის ცნობასაც მოგიტანთ. რას მიპირებთ?

– ეს ალბათ რაღაც განსაკუთებული ჯიშისაა– თქვა დაფიქრებით– ასეთი ჯერ არ შეგხვედრია, მაგრამ არა უშავს. წაუსვით ქონი!

ველურებმა მოარბენინეს ქონი და დიდი მონდომებით დამიწყეს შეზილვა. მეგონა ეს ამათებური პატივისცემაა–თქო და მორიდებულად ვუღიმოდი აღტაცებულ ველურებს.

– დაანთეთ კოცონი – ბრძანა უფროსმა.

– რათ გინდათ ცეცხლი? არ მცივა, იყოს, ნუ შეწუხდებით… მე წავალ… – ავითრიე წელი, მაგრამ თავზე ბოსტნეული დამაყარეს.

– არ მშია კაცო, დამანებეთ თავი, წავალ, გამიშვით.

– შენ არ გშია, ჩვენ გვშია– მითხრეს ბოროტი ხითხითით და ჯოხზე მიმაბეს. ძლივს მივხვდი რა ხდებოდა.

უზარმაზარი კოცონი უკვე დაენთოთ და სიმღერით მიმარბენინებდნენ. ცოტა გული კი ეთანაღრებოდათ, რომ მსუქანი არ ვიყავი, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდნენ. ჩამხოხბავდნენ, ჩამბრაწავდნენ, ჩამქაფავდნენ… აი აქ კი დამცხა.

კიდევ კარგი ტანსაცმლის გამოცვლის დროს პულტის დამალვა მოვასწარი. დაბმული ხელებით ძლივს ამოვიღე პულტი და მეორე ღილაკს მივაჭირე.

თავში მძიმე რაღაც მომხვდა.

– ისეევ? – ამოვიღნავლე და გავითიშე.

 

გაგრძელება იქნება

 

კიდევ ერთი ვამპირის ისტორია

“ძვირფასო დღიურო, რამდენიმე დღეა, რაც ამ ქალაქში ჩამოვედი. გადავწყვიტე დღიურის წერა დამეწყო. მე ჯეინი მქვია.17 წლის ვარ.  სულ დასაბანი თავი მაქვს და მიყვარს კაცის პიჯაკების ტარება. სახეზე ყოველთვის შეწუხებული გამომეტყველება უნდა მქონდეს, რა ვქნა, ასე მიწერია კონტრაქტში. დღეს ახალ სკოლაში მივდივარ. ძალიან ვნერვიულობ. რატომღაც მგონია, რომ დღეს ჩემი ოცნების მამაკაცს შევხვდები”

ჯეინი მართლაც შეხვდა თავის ოცნების მამაკაცს. ის სხვებს არ ჰგავდა. რიჩარდი სკოლაში წამოსვლამდე ერთ საათით ადრე დგებოდა, სახეზე ტონალურის და პუდრის წასმა რომ მოესწრო. ამიტომ კანის ფერი მუდამ თეთრი ჰქონდა… რაც მას იდუმალ იერს ანიჭებდა…

ჯეინმა დაინახა თუ არა, თვალი ვერ მოაშორა სასადილოში შემოსულ რიჩარდს, რომელსაც თმები უფრიალებდა და შენელებული კადრებით მოაბიჯებდა. ჰაერში მაშინვე გაიბა უხილავი სიყვარულის ძაფები.

– კარგით რა… ვამპირი ბიჭის და გოგოს სიყვარული, რომელთან ერთად ყოფნა არ შეუძლიათ… რა ბანალურია… – თქვა გაბრაზებით მაგიდასთან მჯდარმა მაიმუნმა და სათვალეები მოიხსნა – მერე ჩვენ გვეძახით პრიმატებს – მაიმუნმა წიგნი დახურა და სასადილო დატოვა.

მოხდა სასწაული და ისინი ქიმიის გაკვეთილზეც ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩდნენ.

– მე რიჩარდი მქვია – უთხრა ბიჭმა – უცნაური ბიჭი ვარ, მიყვარს რომანტიკა და ყვავილების ყნოსვა, პეპლებიც მიყვარს…  ამ სამყაროში იმდენი ლამაზი ქმნილებაა… მზად ვარ გავიჭრა მინდორში და ყველაფერს მოვეფერო… შენ რა გქვია?

– ჯეინი – უთხრა გოგომ ხმის კანკალით.

“ძვირფასო დღიურო, ის ისეთი მეოცნებეა, ისეთი ლამაზი… ოდნავ ოთხკუთხედი თავი აქვს, მაგრამ მერე რა… მთელი მსოფლიოს თინეიჯერები მასზე გიჟდებიან… მიყვარს. ამას დღესვე ვეტყვი…”

რიჩარდმა სკოლის მერე ჯეინი ტყეში წაიყვანა. ბევრი არბენინა და როცა ჯეინი ძალაგამოცლილი დაეშვა მიწაზე, რიჩარდმა განუცხადა რაღაც უნდა გითხრაო.

– გისმენ – უთხრა ჯეინმა

რიჩარდმა პერანგი გაიძრო და მკერდი მზეს მიუშვირა.

– ახალი ლოსიონი მაქვს, მბზინავი ეფექტით, თუ გინდა უსუნე, ვარდის სუნი აქვს.

– ო ღმერთო – წამოსცდა ჯეინს – შენ ვამპირი ხარ… მაგრამ ადამიანის სისხლს არ სვამ…

რიჩარდმა მიმხრჩვალი მონადირე გვერდით მოისროლა და პირი მოიწმინდა.

– არა, ადამიანის სისხლს არა, მარტო ცხოველების…

– შენ… შენ მშვენიერი ხარ… მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? ერთად როგორ ვიქნებით? ეს ხომ კინო არაა, ეს ცხოვრებაა რიჩარდ…

– ცდები პატარა – უთხრა ბიჭმა და კამერებისკენ მოახედა – ეს ჩვენი რეჟისორია, ეს მისი პირველი ასისტენტი, ესეც ოპერატორი…

დარცხვენილმა ჯგუფმა ხელი ნაზად დაუქნიეს.

” ძვირფასო დღიურო… რიჩარდი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ბავშვობის მეგობარი, ტონი გამოჩნდა… მას საშინელი წყევლა აქვს, პერანგის ჩაცმა არ შეუძლია… მის მიმართაც მაქვს რაღაც სიმპათიები… არ ვიცი როგორ მოვიქცე…”

დღიურს მობეზრდა ამდენი სულელური ამბების მოსმენა და თავი მოიკლა.

– ჯეინ, შენმა მეგობრებმა მოგაკითხეს, გარეთ გელოდებიან – უთხრა სახლში მისულ გოგოს მამამისმა.

– რომელმა მეგობრებმა მამიკო?

– ვამპირმა და მაქციამ შვილო.

გარეთ რიჩარდი და ტონი ელოდებოდნენ. ჯეინს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

– აბა გვითხარი ჯეინ, რომელს ირჩევ?

მუსიკა ავისმომასწავებლად დაიძაბა.

– ამას ფილმის შემდეგ ნაწილში გაიგებთ – მხიარულად წამოიძახა ჯეინმა და  კუნტრუშით მიაშურა სახლს.

 

p.s ვიცი ჩამქოლავენ, მაგრამ ვრისკავ მაინც 😀 🙂 🙂