ზღაპარი ტერორზე

ჩემი წინა პოსტი პრინცებს და პრინცესებს ეხებოდა, დისნეის ზღაპრები, სადაც ყველაფერი კარგად მთავრდება, სადაც პრინცესები ჩიტებთან და ცხოველებთან ერთად მღერიან და ცეკვავენ და თავის ოცნების პრინცთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

Snow White: A Tale of Terror – ეს ფიფქიას ეკრანიზაციაა, ძმები გრიმების ზღაპარის მიხედვით, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ეს გერმანელმა ძმებმა დაწერეს – ეს არის ისტორია ტერორზე.

შინაარსი თითქმის უცვლელია. ლორდ ჰოფმანს ორსული ცოლი გარდაეცვლება და მისგან პატარა ლილიანა დარჩება. წლების მერე ლორდს ახალი ცოლი მოჰყავს, რომელიც მარადიული სილამაზის სურვილითაა შეპყრობილი და თავისი გერი თვალში არ მოსდის.

შავი, ძალიან შავი და სისხლიანი ზღაპარი, ბნელი ფერებით და ეროტიული დეტალებით – ეს არაა ზღაპარი ბავშვებისთვის, უფრო მეტიც, მოქცეულია R კატეგორიაში, რადგან შეიცავს სექსს, სიშიშვლეს, ძალადობის და სისასტიკის სცენებს.

დედინაცვალის როლს სიგურნი  უივერი ასრულებს და ძალიან წარმატებითაც. მას უზარმაზარი და მაგიური სარკე მოაქვს ახალ სასახლეში, სადაც თავის ორეულს ხედავს, ახალგაზრდას და ლამაზს. ის ჩააგონებს, რომ მოკლას თავისი გერი, რადგან მისი გული და სისხლი მას სილამაზეს შეუნარჩუნებს. ამ ყველაფერს თითქოს უფრო ფსიქოლოგიური ელფერი აქვს, ვიდრე ფანტასტიკური.

ლორდი ჰოფმანის როლს სემ ნეილი ასრულებს. მას ძალიან უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ცოლის ცდუნებას ვერ უძლებს, მით უმეტეს, რომ ის სექსით ცდილობს მის მანიპულირებას.

რაც შეეხება ფიფქიას… აბა მითხარით ვის არ გინატრიათ ასეთი ფიფქია:

მაგრამ უნდა ვაღიარო ფილმში ძალიან ჰგავს დისნეის ანიმაციურ პერსონაჟს. ლილიანა დაახლოებით 13 წლისაა, როცა დედინაცვლის ძმა მის მოკვლას აპირებს სახლიდან გარბის და ტყეში პატარა ქოხს შეაფარებს თავს.

ლილიანას ჰყავს თავისი მშვენიერი პრინცი – პიტერ გუტენბერგი, რომელიც ექიმია და პარიზში სწავლობს. ის მიღებული კაცია ლორდის სასახლეში და ლილიანა მზადაა მას ცოლად გაყვეს.

მაგრამ აქ იცვლება ტრადიციული მითი მშვენიერ პრინცებზე. ლილიანა ქოხს აფარებს თავს და იძინებს. სახლში დაბრუნებულ 7 მამაკაცს ის მძინარე ხვდება.

ისინი არ არიან ჯუჯები, უფრო მეტიც, არც კეთილი და მოსიყვარულე ხალხია. ისინი ბინძური და უხეში კაცები არიან, რომლებიც მაღაროში მუშაობენ და საჭმლის ფულს ძლივს შოულობენ. არც მისი დანახვა გაუხარდებათ მაინცდამაინც და როცა გაიგებენ რომ ლორდის შვილია, გამოსასყიდი მოუნდებათ. ერთ–ერთი მათგანი გაუპატიურებასაც კი დაუპირებს.

მაგრამ საქმე არც ასე ცუდადაა და აი ისიც გამოჩნდება. ერთ–ერთი ამ შვიდი მამაკაციდან – უხეში, წვერებიანი, სახეზე დიდი შრამით, მაგრამ….. მაგრამ აი ისიც:

ამასობაში არც მისი პრინცი არის უსაქმოდ

ერთი სიტყვით ფიფქიას ქერათმიანი პრინცის მაგივრად ღარიბი მუშა უყვარდება და აპირებს ბოლომდე იბრძოლოს სასახლეში დასაბრუნებლად. ესეც რამდენიმე ჰოთი სცენა.

ფილმის ტაგლაინია – The fairy tale is over ანუ ზღაპარი დასრულდა

ესეც ლინკი თუ ვინმეს დაგაინტერესათ:
snow white – a tale of terror

პრინცები და პრინცესები

მათ ყველა იცნობს, მათი ისტორიები მთელს მსოფლიოშია ცნობილი. დისნეის ყველაზე ლამაზი ანიმაციების მთავარი გმირები – პრინცები (უმეტეს შემთხვევაში) და პრინცესები (არა ყოველთვის)

ალადინი (1992)

პრინცესა ჟასმინი 

ეგზოტიკური სილამაზის მქონე პრინცესა, რომელიც სხვა პრინცესებს არ ჰგავს. მას თავისი სასახლიდან თავის დაღწევა უნდა და ნამდვილი სიყვარულის პოვნა. ის მზადაა ნებისმიერი თავგადასავლისთვის.

ალადინი

ალადინი პრინცი არაა, ის ქუჩაში გაიზარდა. მაშინ უმართლებს, როცა ჯინის ლამპას პოულობს, რომელსაც მისი ნებისმიერი სურვილის ასრულება შეუძლია.

The Princess and the Frog (2009)

Princess Tiana

დისნეის შავკანიანი პრინცესა, რომელიც ანიმაციის დასაწყისში მიმტანია და საკუთარ რესტორანზე ოცნებობს.

Prince Naveen 

უზრუნველი, ჯაზის და ცეკვა–თამაშის მოყვარული პრინცი, რომელსაც სამეფო საქმეები სულ არ აინტერესებს. ის წყევლის შედეგად პატარა ბაყაყად გადაიქცევა და ცდილობს ტიარას თავი შეაყვაროს, მაგრამ თავიდან მთლად არ გამოდის 🙂 ძალიან სასაცილოა.

The Little Mermaid (1989)

Princess Ariel


წყალქვეშა სამყაროს მეფე ტრიტონის შვილი არიელი დედამიწაზე ცხოვრებაზე ოცნებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრინც ერიკს გადაარჩენს დახრჩობისგან. ის ჯადოქარ ურსულას სთხოვს მას დაეხმაროს ადამიანად ქცევაში, მაგრამ ბოროტ ჯადოქარს სხვა გეგმები აქვს.

prince eric 

 

ერთი ჩვეულებრივი პრინცია, არაფრით გამორჩეული 🙂

Sleeping Beauty (1959)

Princess Aurora

ავრორა რომანტიული, მოსიყვარულე და დამჯერი პრინცესაა, მაგრამ როცა ის პრინც ფილიპს შეხვდება, ნათლიების გაფრთხილება, რომ უცხო ხალხს უფრთხილდეს, სრულიად ავიწყდება.

Prince Phillip 

ასევე ზერომანტიული, მომღერალი პრინცი, რომელიც თავის სატრფოს ნაზი ამბორით გამოაფხიზლებს სამუდამო ძილისგან.

Snow White and the Seven Dwarfs (1937)

Snow White  

დისნეის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, ისტორია ფიფქიაზე, რომელიც ბოროტ დედინაცვალ გაურბის და ტყეში შვიდ ჯუჯასთან ერთად ცხოვრობს. ფიფქია ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილო გოგოა, სწორედ ამიტომ შეჭამს დედანიცავალის მიერ შემოთავაზებულ მოწამლულ ვაშლს და სამუდამო ძილს მიეცემა (პრინცის მოსვლამდე)

prince

უბრალოდ პრინცი, რომელმაც თავისი კოცნით უნდა იხსნას შუშის კუბოში ჩაწვენილი მზეთუნახავი.

Cinderella (1950)

Cinderella 

კლასიკური ისტორია კონკიას შესახებ, რომელიც დღემდე ასაზრდოვებს ჰოლივუდს. ბოროტი დედინაცვალის და მისი ორი შვილის ტერორის ქვეშ მოქცეული ღარიბი და საწყალი კონკია, რომელიც სამეფო ბალზე კეთილი ნათლიის დახმარებით მოხვდება და პრინცს მოხიბლავს.

prince charming 

ამ პრინცმა ზუსტად იცის რა უნდა, ის სამეფო კარის შერჩეულ პრინცესაზე არ ქორწინდება და დაუღალავად ეძებს ბროლის ქოშის პატრონს, რომელიც ერთი დანახვით შეუყვარდა.

Beauty and the Beast  (1991)

Belle

ჩემი უსაყვარლესი ანიმაცია. ბელა, რომლის მამაც ურჩხულის მიერაა დატყვევებული, მას საკუთარ თავს შესთავაზებს მამის მაგივრად, მაგრამ ის დროთა განმავლობაში ურჩხულში მშვენიერ პრინცს აღმოაჩენს.

Beast 

მშვენიერი პრინცი, რომელსაც საშინელი წყევლა ადევს და სანამ ჯადოსნურ ყვავილს ფოთლები ბოლომდე დასცვივა, თავისი სიყვარული უნდა იპოვნოს, თორემ სამუდამოდ მონსტრის სხეულში დარჩება გამოკეტილი (თუმცა იქაც ძალიან საყვარელია)

ესეც ჩვენი პრინცები და პრინცესები, ლამაზი კაბებით და ბედნიერი ფინალებით.

happy en

dance movies

რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიყვარს ცეკვაზე გადაღებული ფილმები. დინამიურია, კარგი საყურებელი და გასართობი, თან გარდაუვალი სიყვარულის ისტორიაც ლამაზად ერთვის ხოლმე. მით უმეტეს თუ ბიჭიც მოცეკვავეა, მაშინ საერთოდ.

დავაკვირდი, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა ასეთი ტიპის ფილმებს ძირითადად ერთი ფორმულა აქვს – ბალეტის მოცეკვავე, რომელიც იცეკვებს ჰიპ–ჰოპს და ქუჩის მოცეკვავე, რომელიც იცეკვებს ბალეტს. ეს ორი ჟანრი რატომღაც განუყრელია ასეთ ფილმებში. და მეორე ფორმულა – ლათინური ცეკვები, მდიდარი გოგო, ღარიბი ბიჭი, რომლებმაც შეჯიბრში უნდა მიიღონ მონაწილეობა. აი სიაც.

9. love’n’dancing

ემი სმარტის და ტომ მალოის დუეტი. ჯეიკი ცნობილი მოცეკვავეა, მაგრამ არაფერი არ ესმის – სმენადაქვეითებულია. ის მუსიკას გრძნობს. ჯეისკას ცხოვრება მოსაწყენია, ინგლისურს ასწავლის სკოლაში, უნდა ცხოვრება გაიხალისოს და მიდის ცეკვის კურსებზე, სადაც ჯეიკთან ერთად გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში.

ფილმში ასევე მონაწილეობენ  ჩემი საყვარელი შოუს – so you think you can dance – მეორე სეზონის გამარჯვებული ბენჯი და მისი დეიდაშვილი ჰეიდი, მესამე ადგილის მფლობელი.

8. Make It Happen

ახალგაზრდა გოგო ჩადის დიდ ქალაქში კასტინგზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც არ უმართლებს. კაფეში გაიცნობს მიმტანს, რომელიც დროებით მასთან ცხოვრებას შესთავაზებს. ლორენი მივა კლუბში, სადაც ბუღალტერის თანამდებობას შესთავაზებენ, მაგრამ მას ცეკვა უფრო უნდა. რა თქმა უნდა ლორენი ყველას დაანახებს, რომ ცეკვა არაჩვეულებრივად გამოსდის, გაიცნობს საყვარელ ბიჭს და ასე შემდეგ.

7. save the last dance 2

ამ ფილმს პირველი ნაწილიც აქვს, მაგრამ რატომღაც ჯულია სტაილზი ძალიან არ მიყვარს და ფილმიც დიდი ვერაფერი, მეორე უფრო სანახაობრივია. მთავარი პერსონაჟი არჩევანს ვერ აკეთებს კლასიკურ ცეკვებსა და ჰიპ ჰოპს შორის. ბიჭი, რომელიც მოსწონს ქუჩის მოცეკვავეა, მაგრამ თვითონ პრესტიჟულ სასწავლებელში ბალეტს სწავლობს.

6. burlesque

ამ ფილმზე ადრეც დავწერე, ძალიან მაღალი ხარისხის კინოა, საინტერესოდ საყურებელი და რაც მთავარია აღმოვაჩნე რომ მძიმე მაკიაჟის გარეშე აგილერა ბევრად ლამაზად გამოიყურება.

5. Dirty Dancing 2

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნაწილი ისეთივე შედევრი არაა, როგორც პირველი, ამ ფილმზეც კარგად გავერთე. ძალიან მომწონს ერთი შეხედვით შეუხედავი დიეგო ლუნა და მისმა მოქნილობამ გამაოცა 🙂 რასაც გოგოზე ვერ ვიტყვით. კარგი საუნდტრეკები და ლათინური ცეკვები.

4. Honey

უსაყვარლესი ჯესიკა ალბა და უსაყვარლესი კინო. ჯესიკა ქუჩის მოცეკვავეა, რომელიც თავისი უბნის ბავშვებს ასწავლის. მას ცნობილი პროდიუსერები შეამჩნევენ და ნელ–ნელა კარიერის მწვერვალისკენ მიდის 🙂

3. step up 3

რა ვქნა, ამ ფილმების მიმართ გულგრილი ვერ ვრჩები, შინაარს რომ შევეშვათ, კინოს აკეთებენ ნომერ პირველი ქორეოგრაფები და პროდიუსერები ამ ჟანრში, ადამ შეკმანი, რომელიც ზევით ნახსენები შოუს ჟიურიში ზის,  საუკეთესო პროდიუსერია ასეთი ტიპის ფილმებში. მესამე ნაწილში უნიჭიერესი მოცეკვავეები გამოიყენეს “so you think you can dance”დან, ისეთები, ვინც კვირიდან კვირამდე შეუძლებელს აკეთებდნენ, ასე რომ მე step up-ის დიდი თაყვანისმცემელი ვარ 🙂

2. step up 2 the streets

ფილმი ბევრად უკეთესი იქნებოა უნიჭო  ბრიანა რომ არ ჩაეტენათ. რობერტ ჰოფმანი ძალიან ნიჭიერი მოცეკვავეა, უფრო კარგი მოცეკვავე, ვიდრე მსახიობი და ამ გოგომ არც ცეკვა იცის, არც კარგად გამოიყურება, ჩემთვის უცნობია როგორ მიიღო როლი. კინო ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით ფინალური ცნობილი ცეკვა წვიმაში.

1. step up

მიუხედავად მეორე და მესამე ნაწილის მოდერნიზაციის და მაშტაბურობის, პირველი ნაწილი მაინც ჩემს ფავორიტად რჩება. ჩანინგი, ერთ–ერთი ჩემს საყვარელ მსახიობთა შორის და ჯენა, ძალიან ლამაზ წყვილს ქმნიან, რომელიც რეალურადაც გაგრძელდა და დღეს ისინი ცოლ ქმარი არიან.

ღარიბი ბიჭი, რომელსაც სამუშაო საათები მიუსაჯეს  საცეკვაო სკოლაში, შეხვდება ჯენას, რომელსაც პარტნიორი სჭირდება ნომრის დასადგმელად. აღმოჩნდება, რომ ჩანინგი ძალიან კარგად ცეკვავს და კლასიკურ ნომერს ქუჩის სტილს იდეალურად შეუხამებენ. ფინალური ცეკვაც ძალიან კარგი გამოვა.

გამომრჩა რამე კარგი კინო? მირჩიეთ 🙂

ერთი დღე ინტერნეტის გარეშე

გუშინ დილით ჩემი ძველი ინტერნეტი გამოვრთეთ და ახალზე დავწერეთ განცხადება. ორ-სამ დღეში მოვალთო გვითხრეს და ჩემი პატარა და საყვარელი მოდემი წაიღეს. დავრჩი ინტერნეტის გარეშე.

რა უნდა აკეთო სახლში, თუ გარეთ გასვლა არ გინდა, ცივა და თოვს, შენი შეყვარებული დილიდან საღამომდე მუშაობს, ტელევიზორში არაფერია საინტერესო და ინტერნეტიც არ გაქვს?

კიდევ კარგი ერთი პოსტი ზაქარიზე წინასწარ მქონდა გამზადებული და სამი ფილმი წინაწარ გადმოწერილი, პლიუს 5-6 მიმდინარე სერიალების ახალი სერიები და ბიგ ფიშის თამაში, რომელსაც ვოლკსროუს გარეშე ვერ ვთამაშობ.

დღის განმავლობაში გამოვიზოგე ეს სამი კინო და სერიალები, ერთი-ორი საათი ლიკას ველაპარაკე ტელეფონით, ინტერნეტი იმასაც გამორთული აქვს და მოწყენილი იჯდა. ცოტა ახლოს მაინც ცხოვრობდეს, მეზარება ხოლმე ფეხით გასვლა, არადა ტრანსპორტი არ მიდის იქით ჩემი ქუჩიდან 😦

ჰოდა რას ვუყურე… ორი ფილმი კეიტისგან მოვიპარე 🙂 ჯერ ვანესას heartbreaker (2010), ფრანგული ფილმები არ მიყვარს, მაგრამ ეს მთლად ფრანგული არ იყო 🙂 შინაარსი ბანალური, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ საყურებელი, ახალგაზრდა ბიჭს ფულს უხდიან იმაში, რომ შეყვარებული წყვილები ერთმანეთს დააშოროს, მაგრამ როცა ვანესაზე მიდგება საქმე, ეს ბიჭი თვითონ აღმოჩნდება შეყვარებული.

ვანესა აქ ძალიან მომეწონა თავისი საფირმო გაყოფილი კბილებით, ისე რამდენი ხანია ეს და ჯონი შეაბერდნენ ერთმანეთს, მიკვირს 🙂 არატრადიციული ჰოლივუდური ოჯახი.

მერე ცოტა ხანი შევისვენე, ფანჯრიდან გადავხედე გარემოს 🙂 ერთი მთვრალი კაცი ბალახებში ჩაწვა და გემრიელად მოიკალათა, მაგრამ მერე შეცივდა ალბათ, გაჭირვებით ადგა და წავიდა, თან თეთრი შარვალი ეცვა 🙂

მერე ისევ უინტერნეტო კომპიუტერს დავუბრუნდი და მეორე ფილმს, burlesque 2010-ს ვუყურე.

ახალგაზრდა და ამბიციური კრისტინა აგილერა ჩადის ლოს ანჯელესში წარმატების მისაღწევად და მიმტანად დაიწყებს მუშაობას ბარ ბურლესკში, რომლის მფლობელიც ქალბატონი შერია. ამ ბარის ვარსკვლავია კრისტენ ბელი (პირველად ვნახე სწერვა გოგოს როლში). მმმ, ჰოდა ამ ბარში სიმპათიური ბარმენია, რომელიც კრისტინას თავის ბინაში შესთავაზებს ცხოვრებას, რადგან მის ბინას გაძარცვავენ და უფულოდ დატოვებენ, ნუ რა თქმა უნდა მეგობრულად ვითომ, ამ ბიჭს საცოლე ჰყავს 🙂 ხოდა მიყვარს მე კემი:

შერის ბარის ყიდვა ბოროტ ერიკ დეინს უნდა, უუუსაყვარლესი კაცია, პლასტიკური ქირურგი გრეის ანატომიიდან, ძალიან მომწონს და ისიც პირველად ვნახე ბოროტ როლში, კრისტინას ეპრანჭება და ისეთ ფეხსაცმელს აჩუქებს სულ თვლებით მორთულს, გული თუ არ დამარტყამდა არ მეგონა.

მერე კემს და კრისტინას ერთმანეთი უყვარდებათ, კემი საცოლეს შორდება, მერე ეს გოგო დაადგება თავზე, glee-დან საყვარელი დიანა აგრონი, სულ ორწუთიანი როლი აქვს და ბოლოს ჰეფი ენდი, კრისტინა ვარსკვლავი გახდება და ბარსაც იხსნის. ესეც ასე.

და მესამე, ადამ ბროუდის ხათრით ვუყურე in the land of woman 2007

ადამს თავისი ცხოვრების სიყვარული დაშორდება და გულგატეხილი ჩადის ავადმყოფ ბებიათან საცხოვრებლად. პირველივე დღეს გაიცნობს მეზობელ ოჯახს – დედა, მეგ რაიანი, რომელსაც ქმარი არ უყვარს და მკერდის კიბო აქვს, და მისი შვილი თინეიჯერი კრისტენ სტიუარტი ქერა თმებში 🙂

თითქოს რომანი კრისტენსა და ადამს შორის რომ უნდა გაიბას, მეგი და ადამი უფრო გამონახავენ საერთო ენას. განსაკუთრებით კოცნის სცენამ შემძრა წვიმაში 🙂 რამდენჯერმე გადავახვიე 🙂

კარგი, მერე ისევ შესვენება გავაკეთე, ამასობაში გახდა 8 საათი, ცოტა კიწი ვაწვალე, მაგრამ გამექცა და დასაძინებლად წავიდა, 12-მდე დრო უნდა გამეყვანა როგორმე, მერე ოსკარები იწყებოდა. ვამპირის დღიურების ერთ სერიას და ფემილი გაის ორ სერიას ვუყურე. თან უიმედოდ შევცქეროდი მოტრიალე სკაიპის ნიშანს.

12-მდე დიდი ქართული შედევრი, მისტიკური ტრილერი, ფანტასტიკური დრამა, და უბრალოდ საოცარი ფილმი, ისეთი, რომ პირდაღებულს დაგტოვებდა – სეზონი გადიოდა და მეორედ შევავლე თვალი და დავტკბი საოცარი სცენარით და მსახიობების ვირტუოზობით. დიალოგები აქვს რაღაც სასწაული, გონებამახვილური ფრაზებით – “პროსტა არ იქცეოდა რააა სწორაად რააა” – გაწელილი ფრაზა, რომელიც ჩემი ფავორიტია. ბოლოსკენ ლიკამ დამირეკა და ერთად ვტკბებოდით უაზროდ გაწელილი ფინალით.

როგორც იქნა ჩვენი სკანდირების ფონზე “ჩაიხრჩე, ჩაიხრჩე” დამთავრდა კინოც და დაიწყე ჩვენი ოსკარები.

სამწუხაროდ შესავალი არ აჩვენეს წითელი ხალიჩის, პირდაპირ ცერემონია დაიწყო, პრინციპში როგორც ველოდებოდით, ყველაფერი გამართლდა, კრისტიანზეა შეყვარებული ბავშვობიდან და გაუხარდა ოსკარი რომ აიღო 🙂 სათამაშოების ისტორიაც გამიხარდა 🙂 სამ საათამდე გაჭირვებით გავძელით, როგორც იქნა დამთავრდა და გამოვრთე ტელევიზორი, მერე ჩემი უსიცოცხლო კომპიუტერი და დავწექი.

დღეს დილით მოვიდა საყვარელი კაცი და ჩაგვირთო ინტერნეტი და მე ძალიან ბედნიერი ვარ 🙂

სამი ფილმი ვალენტინობაზე

სანამ სახლში ვზივარ და ბადრის ველოდები, რომელიც საღამომდე მუშაობს, თავს ხან ფანჯრიდან ყურებით ვირთობ და ხან ინტერნეტით. გარეთ წყვილები დადიან ყვავილებით,  ყვავილებით რა, ძირითადად ერთი წითელი ვარდით. ხან ბიჭები დარბიან აქეთ-იქით პარკებით და სათამაშოებით ხელში, ერთი სიტყვით უხარიათ ცხოვრება და მეც რომ მბეზრდება რეალითი შოუს ყურება ფანჯრიდან, კომპიუტერს ვუბრუნდები.

ვალენტინობის თემაზე ბევრი ფილმია გადაღებული, მათ შორის უმრავლესობა რომანტიულ და სასიყვარულო თემაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ჟანრის ფილმებმა დამაინტერესა და სამი ფილმი ვნახე, სადაც ვალენტინობის დღე ფიგურირებს. დავიწყოთ:

1. valentine (2001)

ჩემი დევიდი მთავარ როლში, ასევე კეტრინ ჰეილი და დენის რიჩარდსი. ჟანრი : საშინელებათა, ტრილერი. რამდენიმე მეგობარი გოგო მისალოცი ბარათების მაგივრად მუქარის წერილებს იღებენ, ამას სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ როცა ერთ-ერთ მათგანს კლავენ, ისინი ხვდებიან, რომ საქმე სერიოზულადაა.

გადმოწერა

2.  Blue Valentine 2010

ერთი წყვილის ისტორია, რომლებიც ცდილობენ გადაარჩინონ ოჯახი დანგრევისგან. ჟანრი : ცხოვრებისეული დრამა.

მთავარ როლებში რაიან გოსლინგი და მიშელ უილიამსი. რაიანი მთელმა მსოფლიომ ცნობილი როლით ” the notebook”  შეიყვარა, ამ ფილმის გარდა ბევრგან მყავს ნანახი, ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მიშელი სერიალიდან “downson’s greek” მახსოვს, სადაც ძალიან ახალგაზრდაა, იმის მერე ბევრი სერიოზული როლები ჰქონდა. როგორც ხედავთ ფილმის პოსტერს აწერია ” თუ სამართალი არსებობს რაიანი და მიშელი ოსკარზე უნდა წარადგინონ”


გადმოწერა

3. My Bloody Valentine 2009

საშინელებათა ჟანრის სამგანზომილებაში გაკეთებული ფილმი. ტონი, რომელიც დიდი ხნის შემდეგ ჩადის მშობლიურ ქალაქში, მთავარი ეჭვმიტანილი აღმოჩნდება მკვლელობებში და ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ის არაა მკვლელი. მთავარ როლში ჯენსენ ეკლსი.

გადმოწერა

რა ვქნათ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვერთობით ვალენტინობას 🙂

once – story of the music and love

ფეისბუქზე ჩემი მეგობრის დალინკულ ვიდეოს წავაწყდი და ძალიან კარგი და თბილი ფილმი გამახსენდა. ირლანდიურ- ამერიკული პროექტი “once” (2006)

2006 წელს ფილმმა ოსკარი აიღო საუკეთესო საუნდტრეკისთვის, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ასრულებენ.


Glen Hansard – გლენი ძირითადად სიმღერებს წერს, კომპოზიტორია, ამ ფილმის გარდა არსად არ უცდია სამსახიობო ძალები. ძალიან თბილი და სასიამოვნო ხმა აქვს. გლენი ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა. მას ამერიკის კინოააკადემის უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული თავისი შესრულებული სიმღერისთვის. უკრავს გიტარაზე.
Markéta Irglová – ჩეხეთში დაბადებული 22 წლის მუსიკოსი და კომპოზიტორი. გლენის მსგავსად არც მას აქვს სამსახიობო გამოცდილება. უკრავს ფორტეპიანოზე.

რაც შეეხება ფილმს – მოქმედება დუბლინში მიმდინარეობს.  საინტერესოა, რომ მთავარ პერსონაჟებს სახელები არ აქვთ. გლენი ქუჩის მუსიკოსია, მამამისს პატარა სახელოსნო აქვს გახსნილი, სადაც მტვერსასრუტებს აკეთებს.

ერთ დღესაც გლენი გოგოს შეხვდება, რომელსაც მისი სიმღერები ძალიან მოსწონს. ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკებიან და გოგო ეტყვის, რომ მტვერსასრუტი გაფუჭებული აქვს, ასე რომ მათ კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ.

ისიც მუსიკოსია და ფორტეპიანოზე კარგად უკრავს. მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაშია გლენის დაწერილ სიმღერას ერთად იმღერებენ. ეს სიმღერა გახდა სწორედ ოსკარის მფლობელი:

საერთო ბევრი აქვთ, მუსიკა, ცხოვრების სტილი, მაგრამ გოგოს ქმარი და პატარა შვილი ჰყავს, ბიჭს შეყვარებული, რომლის სანახავადაც ლონდონში მიდის.  ისინი რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერს გააკეთებენ და ერთმანეთს შორდებიან. გლენი ლონდონში მიდის, ის კი ქმარს უბრუნდება.

ძალიან ლამაზი, მუსიკალური ჟანრის, სასიამოვნო საუნდტრეკებით, მაღალი რეიტინგით იმდბზე (8.0) და კინოააკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმის საათი და 20 წუთი წინ გელით…

download

მისტიკური ტრილერი

მისტიკა ჩემი საყვარელი ჟანრია, ასევე ტრილერიც, ასე რომ თუ ეს ორივე ჟანრი ერთადაა ფილმშია გაერთიანებული, მაშინ ზუსტად საჩემოა. სხვათაშორის, რომ დავფიქრდი, ბევრი კარგი ფილმი ამ ორ ჟანრში ერთად ვერ გავიხსენე, ზოგი მარტო ტრილერია, ზოგი მისტიკა, ზოგიც მისტიკა და საშინელებათა.

ამ ჟანრში საუკეთესო the devil და  stay, რომლების რივიუც გავაკეთე ამ პოსტში.

მაინც გავიხსენებ ათ ფილმს , რომლებიც ასე თუ ისე მომწონს და საინტერესო საყურებელია.

9 . The Village

M. Night Shyamalan – ამ შემთხვევაში რეჟისორული ნამუშევარი,  და ძალიან საინტერესო იდეით, როგორც ამ კაცს ახასიათებს. პატარა, იზოლირებულ სოფელში, რომელიც ძველ პენსილვანიაში მდებარეობს, რელიგიური ფანატიზმია გამეფებული. მისი მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ თუ სოფელს დატოვებენ, თავს საშინელი წყევლა დაატყდებათ. როცა ვინმე სოფელს ტოვებს, წითლებში ჩაცმული მონსტრები მოდიან მათ დასასჯელად.

მთავარი გმირი ქალი ბრმაა და თავის თანასოფლელზეა შეყვარებული, რომელსაც ინციდენტის შემდეგ სჭირდება სამედიცინო დახმარება. ის მზადაა წავიდეს რისკზე და გადალახოს საზღვრები, ოღონდ საყვარელ ადამიანს უშველოს.

მთავარ როლებში ხოაკინ ფენიქსი Joaquin Phoenix, ედრიან ბროუდი Adrien Brody და ბრიუს დალას ჰოვარდი Bryce Dallas Howard

ფილმი ოსკარზე იყო ნომინირებული.

სამწუხაროდ მე ჯერ scary movies ვუყურე, სადაც სასტიკად დასცინიან ამ ფილმს, ამიტომ იმდენად ვეღარ აღვიქვი, სულ ის მახსენდებოდა და მეცინებოდა.

download link

8.   The Gift

ანაბელი პატარა ქალაქში ცხოვრობს და მას ყველა იცნობს. მისი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ანაბელს ექსტრასენსის უნარი აქვს და კარტებზე მკითხაობს. მცხოვრებლების აზრი ორადაა გაყოფილი, ზოგს ის ჯადოქრად მიაჩნია, ზოგს კი კარგი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ.

როცა ახალგაზრდა ქალი (კეიტ ჰოლმსი) იკარგება, ანაბელი მთავარი ეჭვმიტანილი ხდება და საშინელ ზეწოლას განიცდის  ქალაქის მაცხოვრებლებისგან.

ანაბელის როლს კეიტ ბლანშეტი ასრულებს, მას გონებრივად ჩამორჩენილი მეგობარი ჰყავს, რომელიც მასზეა შეყვარებული. ამ როლს ჯიოვანი რიბისი თამაშობს და მე ამ წყვილზე შეყვარებული ვარ მათი წინა ფილმიდან – heaven

კიანუ რივზი მოძალადე და უხეში ქმრის ამპლუაშია, რომელიც ცოლს სცემს. კიანუ ადრეც მინახავს ცუდ როლში, მაგრამ ეს საყვარელი და სიმპათიური კაცი ისეა გარდასახული ბოროტ მამრად, რომ რაღაც ზიზღის გრძნობაც კი გაგიჩნდება, ასე რომ ვაღიარებ მის ნიჭიერებას 🙂

download link

7. The Skeleton Key

ამ ფილმში პირველად ვნახე კეიტ ჰადსონის სერიოზული როლი, ძირითადად კომედიების და მელოდრამების მსახიობია.

კეიტი მოხუცი ქალის მოსავლელად გადადის ბინაში, სადაც უცნაური მოვლენები ხდება. მალე გახვეული აღმოჩნდება ვუდუს რიტუალებში, რომლებსაც ეს წყვილი ატარებს.

download link

6. The Invisible

ნიკი კარგი სტუდენტია, რომელიც მოსწავლეების მომზადებით ზედმეტ შემოსავალს იღებს. ერთ დღეს მას შეცდომით თავისი მეგობრის მაგივრად სცემენ და მის სხეულს კანალიზაციაში ჩააგდებენ.

მეორე დღეს ის აღმოაჩენეს, რომ ვერავინ ხედავს,  ის უკვე სულია, მაგრამ მისი სხეული ჯერ არ მომკვდარა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას ხედავს, მისი თავდამსხმელთაგან ერთ-ერთია, გოგო, რომელსაც სინდისი აწუხებს. ნიკი ცდილობს თავისი სხეული აპოვნინოს, რომ გადარჩეს.

download link

5. the cell

ჯენიფერ ლოპესის პერსონაჟი კეტრინი ფსიქო-თერაპევტია, რომელიც ახალი ტექნელოგიების წყალობით ადამიანის ქვეცნობიერში აღწევს და ცდილობს მის დახმარებას. აქამდე ის ბავშვებს ეხმარებოდა, რომლებსაც რაღაც კომპლექსები აწუხებდათ, მაგრამ…

კარლი სერიული მკვლელია, რომელიც ახალგაზრდა ქალებს აწამებს და მერე კლავს, ის ამით სექსუალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.  კარლმა მოასწრო ახალი მსხვერპლის დაჭერა და კამერებიან საკანში დამალვა, რომელიც ნელ-ნელა წყლით ივსება, მაგრამ ამ ადგილის მდებარეობა არავინ არ იცის. კარლი კომაშია, მსხვერპლი კი მალე დაიხრჩობა, თუ ვერ მიაგნებენ.

კეტრინი გაბედავს გარისკოს და ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა. მას კარლის ქვეცნობიერში წარმოუდგენელი კოშმარი ხვდება.

ალბათ დიზაინერებმა და მხატვრებმა საოცარი შრომა გასწიეს, იმიტომ რომ ამ ფილმის ვიზუალური მხარე ძალიან მაღალია. უცნაური ლოკაციები, საშინელი და ბნელი ადგილები, წამების სხვადასხვა ხერხები, ფანტაზიის ბოლომდე გამოყენება, სწორედ ამიტომ ოსკარზე იყო წარდგენილი საუკეთესო makeup – ის ნომინაციით.

download link

4. sin city

ჩემი საყვარელი რეჟისორის, რობერტ როდრიგესის შავი ტრილერი კომედიის ელემენტებით და მსახიობთა დიდი ნაკრებით : ჯესიკა ალბა, ბრიუს უილისი, ჯოშ ჰარტნეტი, კლაივ ოუენი,  ბენისიო დელ ტორო, როზარიო დოუნსენი, ელაიჯა ვუდი, მიკი რურკი, ბრიტანი მერფი და ა.შ.

რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი, ძალიან უცნაური, შავ-თეთრი (სადაც მხოლოდ ერთი ფერია არჩეული ფერადად), 40 მილიონი ბიუჯეტით. იმდბ რეიტინგი: 8.3 (104 ტოპ ფილმი)

download link

3. I – robot

2035 წელს განვითარებული მოვლენები, როცა რობოტები ყოველდღიურობად იქცნენ, ისინი ეხმარებიან ადამიანებს, ასეირნებენ ძაღლებს, არიგებენ გაზეთებს. დელ სპუნერი გამომძიებელია, რომელიც მეცნიერის სიკვდილს იძიებს და ამაში რობოტის ხელი ჰგონია გარეული.

მალე რობოტებსა და ადამიანებს შორის დიდი ბრძოლა დაიწყება, დელი კი აღმოაჩენს, რომ რობოტს  ემოციების განცდაც შეუძლია.

spoilers სადღაც წავიკითხე ვიღაცას ეწერა ბოლოს ირკვევა რომ უილ სმიტიც რობოტია და გამეცინა, მარტო ხელის კიდური ჰქონდა შეცვლილი მექანიზმით და ამიტომ ვერ იტანდა რობოტებს, და არა ის, რომ თვითონ იყო რობოტი. spoilers

ძალიან კარგი ეფექტებია, ოსკარზე იყო ნომინირებული სპეციალური ეფექტებისთვის.

download link

2.  Jennifer’s Body

არც ისე ნიჭიერი მეგანისგან ნორმალურ ფილმს არ ველოდი, მაგრამ ინტერესით ვუყურე, ამანდამ მეგანი სრულებით გადაფარა 🙂

ჯენიფერი და ნედი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ ქალაქში როკ – ჯგუფი ჩამოვა, რომელთაც ექსცენტირული სოლისტი ჰყავთ. ჯგუფს პატარა ექსპერიმენტის ჩატარება უნდათ, მაგრამ ამისთვის ქალიშვილის სისხლი სჭირდებათ. ჯენიფერი ხუმრობით ეტყვით, რომ ქალიშვილია და რიტუალი ძალას დაკარგავს, მაგრამ ჯენიფერი ზომბად გადაიქცევა. ნედი ცდილობს მეგობარი შეაჩეროს.

ამანდა სეიფრიდი, ძალიან ნიჭიერი და ლამაზი მსახიობი:

ძალიან ძალიან საყვარელი ადამ ბროუდი:

download link

1. The island

2019 წელი, დიდი უტოპიური დაწესებულება, სადაც ადამიანები დანომრილები არიან. მათთვის ცნობილია, რომ დედამიწაზე მხოლოდ ისინი არიან გადარჩენილები.

ყოველ კვირაში ერთხელ ტარდება ლატარეა, რომელში გამარჯვებულიც იგებს ბილეთს საოცარ კუნძულზე სამოგზაუროდ, რომელიც მათი ფანჯრებიდან მირაჟივით მოჩანს, ამიტომ ამ ბილეთის მოგება მათთვის ოცნების ახდენის ტოლია.

ევანის პერსონაჟს სკარლეტი უყვარს, მაგრამ იქ სიყვარული დაშვებული არაა, ამიტომ ისინი თავის გრძნობებს მალავენ. როცა ერთ-ერთი იქ მაცხოვრებელი მოიგებს ამ ლატარეას, ევანს ეჭვები უჩნდება, პოულობს ზევით ასასვლელ გვირაბს და მოულოდნელად საავადმყოფოში მოხვდება, სადაც ამ ადამიანს ორგანოებს აჭრიან.

ევანის მიხვდება რაშიცაა საქმე. მდიდარმა ადამიანებმა დააფინანსეს ეს დაწესებულება და შექმნეს საკუთარი კლონები, რადგან უბედური შემთხვევის დროს მათი ორგანოები გამოეყენებინათ, ასე რომ როცა ვინმე ლატარეას იგებდა,  ესე იგი მის შემქმნელს ორგანო სჭირდებოდა.

სკარლეტი შემდეგი გამარჯვებული გახდება და ის და ევანი იპარებიან დაწესებულებიდან. მათზე მთელი ქვეყნის  სამართალდამცავები იწყებენ ნადირობას, რომ ეს ამბავი არავინ გაიგოს.

ძალიან დაძაბულია მთელი ფილმი, არ მოიწყენთ, მე კარგად ვისიამოვნე.

download link

my favorite erotic movies

რა დასამალია და გამოვტყდები, რომ ძალიან მიყვარს ეს ჟანრი, ოღონდ დიდი ზღვარი არსებობს კარგ ეროტიკას და ცუდ ეროტიკას შორის. ინტერნეტი სავსეა ეროტიული ფილმებით, თუმცა მათგან რამდენიმე შეიძლება მისაღები და კარგი საყურებელი იყოს. მგონია, რომ კარგად გადაღებული ეროტიკა ხელოვნებაა და შეიძლება ამით დატკბე.

ქვემოთ ჩამოთვლილი  ფილმების უმრავლესობა დრამაა ან მელოდრამა ეროტიული ელემენტებით.

მეზიზღება ტინტო ბრასის შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრ ქვეყანაში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ზედმეტად რეალისტური და უხამსი სცენების მოყვარულია ბატონი ტინტო.

მაგრამ ჩემი სიის მეათე ადგილს მაინც ტინტოს ფილმი იკავებს, მაგრამ ეს ერთადერთია  მის მილიონობით ფილმს შორის, რომელიც მომეწონასავით, ოღონდ აქაც რამდენიმე მიზეზით:

9. black angel 2002

მოქმედება ხდება 1945 წელს, იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. მაღალჩინოსანი ოფიცერის მეუღლე სახიფათო რომანს გააბამს სიმპათიურ ოფიცერთან, რომელის როლსაც იტალიელი გაბრიელ გარკო ასრულებს.

ქალის როლის მთავარი შემსრულებელი ანა გალიენა ამ ფილმში თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოიყურება, შიშველ სცენებშიც კი.

გაბრიელზე აღარ მაქვს ლაპარაკი :

imdb რეიტინგი:  5.2

8. the pillow book 1996

ნაგიკო იაპონიაში დაიბადა. ბავშვობიდან წერის მანიით იყო შეპყრობილი. მამამისი სახეზე იეროგლიფებს აწერდა და ამას დღიურს უწოდებდა. ამის შემდეგ ნაგიკოს სხეულზე წერის დიდი სურვილი გაუჩნდა და თავის შემოქმედებას ადამიანებს აწერდა სხეულზე.

ცოტა ხანში გაიცნო ჯერომე, რომელიც კალიგრაფისტი იყო და მათ შორის მხურვალე რომანი დაიწყო.

ნაგიკოს როლს ვივიენ ვუ, ჯერომეს კი მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ევან მაკგრეგორი ასრულებს. ამ ფილმში ევანი თავიდან ფეხებამდე ჩანს შიშველი, რომელსაც ფანები დღემდე არ ივიწყებენ და დასკრინშოთებულ სურათებს ბედნიერად აფრიალებენ.

და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური გადაღებაა, გაყოფილი კადრებით და არაორდინალური რეჟისურით, ასე რომ შეიძლება ბევრს არ მოეწონოს.

imdb რეიტინგი:  6.5

7. spread 2009

ამ ფილმის ჟანრში ეროტიკა არაა მითითებული, მაგრამ ეს არის ძალიან სასაცილო და ჭეშმარიტად ეროტიული ფილმი… 🙂

მთავარ როლში ეშტონ კაჩერი, რომელიც ალფონსის და ქალების ხარჯზე მაცხოვრებელი ბიჭის როლს ასრულებს, რომელსაც ერთ დღესაც ზუსტად თავისნაირი გოგო შეუყვარდება, რომელიც კაცების ხარჯზე ცხოვრობს.

სასიამოვნო ჰოლივუდური ქასთი და დინამიური სცენარი ძალიან კარგ საყურებელს ხდის ამ კინოს.

imdb რეიტინგი: 6.0

6. deception 2008

ევან მაკგრეგორის და  ჰიუ ჯეკმანის ტანდემი, სადაც ევანის პერსონაჟი უბრალო ბუღალტერია. მას ჰიუ სამსახურს შესთავაზებს და შემთხვევით მათი ტელეფონები გაიცვლება. ევანს ღამე ურეკავს ქალი და ეკითხება, არის თუ არა ის თავისუფალი. ამის მერე ზარები ყოველღამე გრძელდება და ევანი სექს-კლუბში მოხვდება. პარალელურად ის გახდება ქალის გაუჩინარებაში მთავარი ეჭვმიტანილი. ევანი ცდილობს იპოვნოს ჰიუ და დაუბრუნოს ტელეფონი, მაგრამ უშედეგოდ.

ცოტა გაუგებარია არა? ფილმს თუ უყურებთ ყველაფერს გაიგებთ.

imdb რეიტინგი: 5.9

5. unfaithful 2002

შთამბეჭდავი და მძიმე დრამა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ წყვილს შეეხება. რიჩარდ გირის და დაიან ლეინის პერსონაჟების ქორწინება უკვე მოსაწყენად მიედინება, ჰყავთ პატარა შვილი და ნორმალური ოჯახი, მაგრამ ეს ყველაფერი იქამდე გრელდება, სანამ ქალი ძალიან სიმპათიურ და სექსუალურ კაცს, ოლივერ მარტინესის პერსონაჟს, პოლს არ გაიცნობს.

რამდენიმე შეხვედრის მერე ქალი აღარც ნანობს, რომ ქმარს უღალატა, მზადაა ახალგაზრდა საყვარლისთვის ყველაფერი გააკეთოს. რიჩარდი კი ნელ-ნელა ყველაფერს ხვდება.

ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე

imdb რეიტინგი:  6.6

4. 8mm2 2005

ეს არის მეორე ნაწილი ცნობილი ფილმის, სადაც ნიკოლას კეიჯი, ხოაკიმ ფენიქსი და ჯეიმს გარდოლფინი თამაშობენ. რატომღაც ძალიან სკეპტიკურად დავიწყე ყურება და მეგონა დაბალი ხარისხი იქნებოდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად სასიამოვნოდ შევცდი 🙂

ძალიან კარგი საყურებელი ტრილერი საინტერესო სცენარით და დინამიური სვლით, ბევრი ეროტიული სცენით, მოულოდნელი ფინალით და ნიჭიერი მსახიობებით.

მთავარ როლს  ჯონათან შაეხი ასრულებს, რომელიც ძალიან მომწონს (ჯონათანი თამაშობს რენე ჰარლინის “5 days of august” კაპიტანი რეზო ავალიანის როლს) უდავოდ ძალიან ნიჭიერი და სიპათიური მსახიობია და ბევრი როლი აქვს მორგებული, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი.

imdb რეიტინგი:  4.5

3. entre lencois 2008

ბრაზილიური მელოდრამა, რომელსაც ვუყურე პორტუგალური ენაზე და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ვერ გავიგე, ყურება არ შემიწყვეტია.

მთლიან ფილმში მარტო ორი მსახიობია, გოგო და ბიჭი. ისინი ერთმანეთს ღამის კლუბში გაიცნობენ და სასტუმროს ნომერში ავლენ. მთელი მოქმედება სასტუმროს ნომერში ხდება. მთელი ღამის განმავლობაში ისინი ბევრ რამეს გაიგებენ ერთმანეთზე და შეუყვარდებათ კიდეც 🙂 მაგრამ გათენდება და ორივე თავის გზაზეა წასასვლელი.

მსახიობები ფიზიკურად ძალიან კარგი შესახედავები არიან.

imdb რეიტინგი: 5.2

2. two moon junction 1988

ცოტა ძველი რომანტიული მელოდრამა, რომელიც ერთ მდიდარ გოგოზე, აპრილზეა, რომელიც რამდენიმე კვირაში თხოვდება და თავის მდიდრულ ვილაში გადავა მოსამზადებლად.

ამ ვილის ახლოს ჩამოვა დროებითი კარნავალი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი, პერი ჩამოყვება. პერი ღარიბი და გაუნათლებელი ბიჭია. ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და ჩუმად ხვდებიან. აპრილმა არჩევანი უნდა გააკეთოს მდიდარ, მაგრამ მისთვის არასასურველ საქმროს და მისი საყვარლის, პერის შორის.

imdb რეიტინგი: 4.4

1. crash 1996

დევიდ კრონენბერგის ყველაზე ცნობილი  და სკანდალური, ჩემი ყველა დროის ფავორიტი და ბევრი ჯილდოს მფლობელი ფილმი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული.

ჯეიმს სპეიდერი ავარიის დროს ფიზიკურ ტრავმებს მიიღებს და სწორედ ამ დროს აღმოაჩენს უცნაურ სექსუალურ ლტოლვას და აღგზნებას შეჯახების დროს.  ის და მისი ცოლი ამ მოვლენით შეპყრობილები გახდებიან და ამით სიამოვნებას იღებენ.

უამრავი სექს სცენა, მათ შორის ოსკაროსან ჰოლი ჰანტერთან, ასევე მცირე გეი ელემენტებით ელიას კოტეასთან, სწორედ ამან გახადა ფილმი პოპულარული და სკანდალური.

imdb რეიტინგი : 6.2

უსაქმურის დღიურებიდან

დღეს დილით რომ ავდექი და კომპიუტერის ჩართვა ვცადე, მონიტორი არ ჩაირთო. პირველი პანიკა გადავლახე და  კიდევ ერთხელ ვცადე, მეორედ, მესამედ, მეოთხედ, აი ნამდვილი პანიკა კი მაშინ დაიწყო.

სანამ ჩემი ქუჩის იქით მდებარე კომპიუტერულ მაღაზიაში საწყალ მონიტორს დამწვარ ბლოკს გამოუცვლიდნენ, მე ჩემი დამემართა.  ოთახიდან ოთახში დავდიოდი და ვწუწუნებდი. და მერე მივხვდი რომ კომპიუტერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, განსაკუთრებით როცა სახლში ვზივარ.

როგორც იქნა ხელის კანკალით ჩავრთე და ლურჯად რომ აციმციმდა შვებით ამოვისუნთქე. რა კარგი შეგრძნება იყო.

სრული უსაქმურობის დღეები მაქვს გამოცხადებული. იშვიათად გავდივარ გარეთ, ბადრი გვიანობამდე მუშაობს, ორი გასართობი მაქვს: კატა და კომპიუტერი. ორივე კ–ზე იწყება, რა დამთხვევაა.

ჰმმმ, ისეთი გამოხედვა აქვს, თვალებში ლაზერი რომ ჰქონდეს, აქამდე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ჩემი სპარსელი კატა 🙂 ენა მაინც იცოდეს.

ვიღვიძებ სადღაც 12კენ. ვდგები. კატას ვაჭმევ საჭმელს, მერე მე ვჭამ, ვჯდები კომპიუტერთან და მთელი დღე ვზივარ. არავის გეცოდებით? 😦

მერე მონიტორს ვაქცევ ხოლმე ობიექტივის ქვეშ და რასაც ვუყურებ ყველაფერი ზედ იღბეჭდება. აი მაგალითად:

ტომ ველინგი მთელი თავისი ბრწყინვალებით. სუპერმენის, კლარკ კენტის როლში. სმოლვილის მეათე სეზონს ვუყურებ. დანარჩენი სერიალები იანვრის ბოლომდე შეწყდა. დესკტოპზე მაქვს ტექსტ დოკუმენტი, სადაც მიწერია რომელი სერიალის რომელ სერიაზე ვარ.

gossip girl 11
glee 10
the vampire diaries 11
supernatural 11
desperate housewives 10
nikita 11
house m.d 8
one tree hill 7-17

რახან კლარკია აქ, ბარემ ლუისიც მივაყოლოთ, ცოდოა მარტო.

საღამო ხანს იწყება დაუნდობელი ბრძოლა კომპიუტერისათვის ჩემს და ბიძაჩემს შორის. ზის და დაუსრულებლად ათვალიერებს მანქანებს, ტრაილერებს, ამწე–კრანებს, რაც მთავარია არასდროს არ ბეზრდება. აი ხანდახან საქმე აქამდეც მიდის ხოლმე:

სმოლვილი რომ მბეზრდება გადავდივარ ფემილი გაიზე, რომელსაც დავეწიე უკვე და მიმდინარე მეათე სეზონზე ვარ.

მერე მეტი მრავალფეროვნებისთვის კიწი ვაბანავე. მართალია მთელი გულით მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც.

მერე როცა დაღამდა და ყველამ დაიძინა, აი ამას ვუყურე 🙂

და ვინანე ამდენი ხანი რომ არ მქონდა ნანახი. უსაყვარლესი არსებებით და სათამაშოებით ძალიან თბილი დისნეის ზღაპარი.

პიქსარს ბევრი რომ შეეძლო ვიცოდი, მაგრამ 1995 წელსაც თუ ასე იმუშავებდა, არ მეგონა. პიქსარმა wall-e გააკეთა ევოლუციური ტექნოლოგიებით და მართლა სენსაციური ანიმაცია გამოვიდა, მაგრამ სათამაშოების ისტორიაც ძალიან კარგია. განსაკუთრებით ბოლოს მომეწონა, ვითომ გადაღებების დროს მომხდარი კურიოზები:

და აი ასე, ერთი უაზრო დღეც გავიდა 🙂

ესეც მე ვარსკვლავით შუბლზე 🙂

კიდევ ერთი კონკიას ისტორია

გუშინ შემთხვევით ტელევიზორში “ოცნების ქალაქს” მოვკარი თვალი და გამეცინა. რა გვეშველებოდა, რომ არ არსებობდეს ასეთი მარტივი ფორმულა სახელწოდებით “კონკიას სინდრომი”, რომელსაც რომანტიული მელოდრამების 80% იყენებს.

ამ შემთხვევაში ქართულ კინემატოგრაფიაზე არ ვაპირებ დაწერას, რადგან ასეთი ჟანრის ფილმი სულ რამდენიმე მოიპოვება სულ ალბათ, სამაგიეროდ ჰოლივუდი უხვად საზრდოობს  და ბოლომდე წურავს ერთ უწყინარ საბავშვო ზღაპარს კონკიას შესახებ.

შინაარსის ფორმულა მარტივია – გოგო/ბიჭი ღარიბია/მდიდარია, უყვარდებათ ერთმანეთი და რამდენიმე წინააღმდეგობის მერე (ბოროტი დედინაცვლის/მკაცრი მამის/ შურიანი დაქალის) რა თქმა უნდა ჰეფი ენდით მთავრდება.

ამ შინაარსის იმდენი ჰოლივუდური ფილმი მაქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ თქვენც, რომ შემიძლია ზუსტად განვსაზღვრო რა და როდის მოხდება, ჩემთვის უკვე ფინალიც ცნობილია ხოლმე და მოვლენების განვითარების ქრონოლოგიაც. მართალია ხშირად კარგი მსახიობების ჯგუფით და რეჟისურით სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ნელ–ნელა კარგავს აქტუალურობას.

დავიწყოთ ჩვენი რომანტიული მელოდრამა კიდევ ერთი კონკიას ისტორიის სტილში. რამდენიმე ვარიანტად რა თქმა უნდა, ასე კი არ უჭირს ჰოლივუდს.

შესავალი

1. ჯონი ღარიბი ბიჭია, ბარში მუშაობს მიმტანად, ცხოვრობს სარდაფში, სადაც თავისი პატარა სტუდია აქვს მოწყობილი. არის წარუმატებელი  მხატვარი/მომღერალი/მწერალი/მოცეკვავე.

ჰყავს რამდენიმე მეგობარი, სამსახურის მერე მათთან ერთად სვამს და იცინის. კადრები გამამხნევებელი მუსიკის ფონზე მთლიან დღეს ფეიდ აუთით გვიჩვენებს, როგორ დგება, იცმევს, ჭამს, მიდის სამსახურში, მერე მოდის და დაღონებული მზერით იყურება ფანჯარაში. მისი ცხოვრება უაზროა.

ელი მდიდარი გოგოა,  ან არსად მუშაობს, ან აქვს საკუთარი საქმე, დიზაინერია, ჰყავს მდიდარი და მკაცრი მამა, დედა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ყოველთვის მოდურად აცვია და ძვირფასი მანქანით დადის. რამდენიმე დაქალი ჰყავს, ისინიც მდიდრები და მათ ყოველთვის კაცებთან აქვთ პრობლემა, ვერ პოულობენ ნამდვილ სიყვარულს. ელის ასევე ჰყავს თაყვანისმცემელი, რომელიც მოსწონს მამამისს და უნდა რომ მასზე გაათხოვოს.

2. ელი ღარიბი გოგოა, უდედმამო, ჰყავს დედინაცვალი, რომელსაც არ უყვარს და თავის შვილებს მეტ ყურადღებას აქცევს. მუშაობს მიმტანად ბარში. კადრები სწრაფად გადადის  და ნაღვლიანი მუსიკის ფონზე ჩანს როგორ მუშაობს მთელი დღე ელი, მერე დაღლილი წვება და ჭერს უყურებს. მისი ცხოვრება უაზროა.

ჯონი მდიდარი ბიჭია, დიდ ვილაში ცხოვრობს, უამრავი გოგო ჰყავს. დილით ქერათმიან ნაშასთან იღვიძებს, რომლის სახელიც არ ახსოვს, მერე მიდის ბარში და სვამს ან მეგობრებთან ერთად ერთობა.

განვითარება

1. ღარიბი ჯონი და მდიდარი ელი ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან ან ბარში, სადაც ჯონი მას სასმელს მიუტანს, ელის დაქალები კი დასცინიან ღარიბული ტანსაცმლის გამო, ან ჯონი ელის წვეულებაზე მოხვდება ოფიციანტად და შემთხვევით სასმელს გადაასხამს ელის ძვირფას კაბას. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდება და ამ დროს რომანტიული მუსიკა ედება ფონად, სასურველია შენელებული კადრებიც.

ისინი ჩუმად იწყებენ შეხვედრებს, რომ ელის მამამ არ გაიგოს. რადგან ჯონის ფული არ აქვს, ელი თავის საზოგადოებაში მიჰყავს, სადაც ისინი უბრალო საჭმელს ჭამენ, მაგრამ ერთმანეთის საზოგადოებით ტკბებიან და  ელი სწორედ ამ უბრალოებით მოიხიბლება (აქ შეიძლება გმირული მუსიკაც დაედოს) შემდეგ ჯონის პარკში მიჰყავს სადაც ქუჩაში ცეკვავენ და სხვადასხვა სიგიჟებს ჩადიან. ელი ხვდება, რომ ფულის გარეშეც ცხოვრება მშვენიერია (ვიმეორებთ გმირულ მუსიკას)

2. მდიდარი ჯონი ძმაკაცებთან ერთად მიდის ბარში/წვეულებაზე/გამოფენაზე, სადაც ელი მიმტანი ან მოსამსახურეა. მოუქნელი ელი მას სასმელს/საჭმელს/ნავთს გადაასხამს, გაბრაზებული ჯონი ბრუნდება და როცა ულამაზეს მორცხვ გოგოს ხედავს, ბრაზი უქრება. მუსიკის ფონზე ის დიდხანს უყურებს თვალებში და უყვარდება.

ჯონის ელი სახლში მიყავს, მაგრამ მისი მდიდარი და ამაყი დედა არ იღებს ღარიბ ელის და სახლიდან აგდებს. შეურაცხყოფილი ჯონი მოკიდებს ელის ხელს და მიჰყავს ყველაზე ძვირ მაღაზიებში, ყიდულობს მისთვის ტანსაცმელს და სამკაულებს, რომ თავი ნამდვილ პრინცესად იგრძნოს (ამაღელვებელი მუსიკა, კამერა კი ნელ–ნელა ზევით იწევა, ისე რომ მხიარულად მიმავალი წყვილი  უფრო და უფრო შორს ჩანს)

კულმინაცია

1. მდიდარი ელი იგებს, რომ ღარიბი ჯონი მას რაღაცას უმალავდა. ის იმიტომ გაიცნო, რომ თავისი კარიერისთვის  მამამისის ხელშეწყობა სჭირდებოდა/წარსულში ელიმ მისი კატა მოკლა/სანიძლაო ჰქონდა დადებული – მაგრამ მერე მას ელი შეუყვარდა. ელი ამას ვერ პატიობს და მისგან მიდის. სევდიანი მუსიკის ფონზე აჩვენებენ როგორ გადის დღეები და ელი ბალიშს ჩახუტებული ტირის და მთელს დღეებს საწოლში ატარებს, ჯონი კი სვამს და წვერებს იზრდის. ეს დაახლოებით ის ვარიანტია რიჩარდმა ხელოვნური წვერები რომ მიიწება და მარკერით პრესები დაიხატა.

2. მდიდარი ჯონი იგებს, რომ ელის მამა მამამისმა გააკოტრა/ ცოლი წაართვა/ გაამელოტა – და ელის შურისძიება უნდოდა, მაგრამ მერე შეუყვარდა ჯონი. ჯონი ამას ვერ პატიობს და შეურაცხყოფილი მიდის. ელი მისდევს წვიმაში/თოვლში/ქარში, მაგრამ ჯონი არ ჩერდება.

ისევ ფეიდ აუთი და ჩქარა გაყვანილი რამდენიმე კვირა ან თვე. მათ ერთმანეთი ენატრებათ.

დასასრული

1. ჯონი მიაღწევს წარმატებას თავის საქმიანობაში და გახდება ცნობილი. ის თავის წარმატებას რომელიმე ცნობილ ტელეშოუში, ან კონცერტზე, ან დიდ წვეულებაზე ელის მიუძღვნის და სიყვარულს უხსნის. ელი ამ დროს სხვაგანაა და ტელევიზორიდან/კულისებიდან უჩუყდება გული.

ელი შენელებული კადრებით გარბის. მას არ უშვებენ, მაგრამ დაუსხლტება ხელიდან დაცვას და შერბის ჯონისთან. ჯონი ფეხზე წამოიჭრება და გაოცებული იკითხავს “ელი, ეს შენ ხარ?” ელი მორცხვად დახრის თავს და ეტყვის “ჯონი, მე შენ ყველაფერი გაპატიე, მეც მიყვარხარ”.

ისინი ერთანეთს კოცნიან. ჯონი მას ხელში აიყვანს და ატრიალებს. ხალხი ტაშს უკრავს, საუკეთესო მეგობრები კი ზოგი იქვე, ზოგი ტელევიზორთან ცრემლებს იწმენდავენ. მკაცრ მამასაც კი ულბება გული.

თუ ეს ფილმი ძალიან ბანალურია, ტიტრებთან ერთად აჩვენებენ მათი ქორწილის კადრებს, ბევრ ყვავილებს და რომანტიულ სცენებს.

2.  ღარიბი ელი, რომლსაც ფრენის/სიმაღლის/სცენის შიში აქვს, სიყვარულის გამო სძლევს ამ შიშს და სხვა ქვეყანაში მიმავალ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ჯონის ტრაპის ბოლო საფეხურზე შენელებულად დადგმულ ფეხს გაუყინავს შეძახილით “ჯონი, არ წახვიდე, მე აქ ვარ”

ჯონი გაოცებული იხედება და ხედავს ელის, რომელიც  ამწეზეა შემდგარი და ბევრ ხალხში ყვირის, რომ უყვარს. ჯონი ჩემოდანს დააგდებს და მორბის, ელის გულში ჩაიკრავს და ეჩურჩულება, რომ არასდროს არ დატოვებს მარტო.

თუ ფილმი კიდევ უფრო ბანალურია, მაშინ ტიტრებთან ერთად აჩვენებენ რა მოხდა ათი წლის შემდეგ, ელის და ჯონის 14 შვილი როგორ დარბის ეზოში, როგორ მოიგო ღარიბმა ჯონიმ ლატარეაში 5 მილიონი დოლარი და მერამდენედ გათხოვდა ელის შინაბერა დაქალი.

happy end

ამას რომ ვწერდი, იმდენი ფილმი გამახსენდა, იმდენი რომ ტვინი მეტკინა. ეს დაახლოებით ისეთ ვარიანტია, როცა სტიუი გრიფინი დაწერს სიმღერას სახელად სიუზი. ამ დროს მოვა ბრაიანი, მისი ძაღლი და ეტყვის, რომ სიმღერა გოგოს სახელით ძალიან ბანალურია და ასეთი სიმღერა მილიონია დაწერილი. სტიუი სთხოვს ჩამოუთვალოს რამდენიმე მათგანი:

go f*** yourself 😀