უფრო დიდი მოწყენილობა ოლიმპოს მთაზე

ჰერას უკვე დაემთავრებინა წინდების ქსოვა და ახლა კენტავრს თბილ კაშნეს უქსოვდა. ზევსი და პოსეიდონი ნარდს თამაშობდნენ. ჰადესი ცხვირის ნესტოებიდან კვამლს უშვებდა და ჰერმესს აიძულებდა ვიდეო გადაეღო იუთუბისთვის. არტემიდე მოწყენილი იჯდა და ცალ მკერდს ზეითუნის ზეთით იზელდა.

– რა ხდება დედამიწაზე? – იკითხა ზევსმა და პოსეიდონს ქვა მოუკლა. არესი შუბის გაპრიალებას მორჩა და ტახტზე წამოგორდა, თან აფროდიტეს ემესიჯებოდა.

– როგორც ყოველთვის. ომობენ, კინოებს იღებენ, სიმღერებს წერენ.

აპოლონი სელფიებს იღებდა ტუჩებდაპრუწული, მაგრამ არც ერთი არ მოსწონდა და ყველას შლიდა. დარბაზში ჰეფესტოსი და აფროდიტე შემოვიდნენ. ჰეფესტოსი ეჩხუბებოდა, რა მოკლე კაბა გაცვია, პეგასი მთელი გზა მუხლებზე გაშტერდებოდაო.

– ერთი ამას უყურე – შეჰყვირა აპოლონმა და თითები გაატკაცუნა – ნარცისმა დამიკომენტარა, კარგი ხარ, მაგრამ მე გჯობივარო. ამას თავი ვინ ჰგონია?

– აეეე, წავიდა ფართი, ვცეკვავთ ყველაა – შემოვარდა დიონისე სამ ნიმფასთან ერთად და ხელები გაშალა.

– აუ, ამისმა პროვინციალიზმა ხომ დამღალა რაა  – ნაზად თქვა აპოლონმა, ლეპტოპი დახურა და სოლარიუმში წავიდა გასარუჯად. ჰადესს ამასობაში დაედო ვიდეო იუთუბზე და მილიონი ნახვაც მოეგროვებინა. პერსეფონეს კომენტარი დაეტოვებინა, ჯობია დაბრუნდე და გაყრის საბუთებს ხელი მოაწეროო.

ზევსმა ბოლო ხელიც მოუგო პოსეიდონს და წაგებულის ჩაბარებაც ითხოვა. პოსეიდონი სავარძელში მხვრინავ კრონოსთან მიიპარა და დიდი მარკერით ულვაშები მიახატა. დიონისე ჯაკუზში ჩაწოლილიყო შიშველ ნიმფებთან ერთად და შამპანიურს მიირთმევდა.

– ახლა რა გავაკეთოთ? – იკითხა ზევსმა.

– უი, დღეს ტელევიზორში “ცეკვავენ ვარსკვლავები” გადის, ხომ არ ვუყუროთ? – იკითხა ჰებემ. ამ კითხვის შემდეგ ის არავის უნახავს.

– ისრები გამითავდა – კუპიდონი ფანჯრიდან შემოფრინდა და ბუხარს მიეფიცხა – დიდი ხანი უნდა ვიფრინო ტანგით? მცივა – შესჩივლა ზევსს. ზევსმა მხრები აიჩეჩა და ფარულად კუპიდონის ფუმფულა ფიგურა შეათვალიერა.

აპოლონი სოლარიუმიდან დაბრუნდა და სელფი–ების სერია გააგრძელა.  ოლიმპოზე სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ სურათების ჩხაკა ჩხუკის და ჰადესის სევდიანი ღიღინის ხმა ისმოდა, რომელიც გულგატეხილი მღეროდა სიყვარულზე.

მოწყენილობა ოლიმპოს მთაზე

Advertisements

YAHOO-ს ათი ყველაზე სულელური შეკითხვა +16

ადამიანს ფანტაზიის უნარი უსაზღვროდ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ არა ინტელექტი. ძირითადად იაჰუში დასმული ათი ყველაზე სასაცილო და სულელური, ზოგი კი ძალიან უცნაური შეკითხვა.

1. ჩემი ცოლი აპირებს რომ შეჭამოს თავისი საკუთარი პლაცენტა. ახლა ის 32 კვირის ორსულია და ინტერნეტში ნახა, რომ პლაცენტის მიღებით გაუმკლავდება პოსტმშობიარობის დეპრესიას. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია, თუკი ჩვენ ვეგეტარიანელები ვართ? პლაცენტა ხომ მაინც ხორცად ითვლება.

2. დამეხმარეთ მოვძებნო ძალიან პოპულარული ტექნო სიმღერა! ყველა კლუბში და რადიოში ეს სიმღერა ისმის, დაახლოებით ასე ჟღერს:
დუმ დუმ დუმ
ერ
დუმ დუმ დუმ დუმ
ერ ერ ერე რე რე
დუნ დუნ დუუნ დუნ

3. სანამ ორსულად დავრჩებოდი, ვიცოდი რომ ტყუპები მეყოლებოდა და ოთახები წინასწარ გავაკეთე ბავშვებისთვის, ორივე ოთახი გოგოს ფერებშია შეღებილი, ახლა გავიგე, რომ გოგოს და ბიჭს ველოდები და მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მხოლოდ ბიჭის მოშორება? ოთახები ვარდისფერებია და ყვავილებით მოხატული, ბიჭს ნამდვილად არ ესიამოვნება ამ ოთახში ყოფნა, ასე რომ მირჩევნია მხოლოდ გოგო შევინარჩუნო.

4. მართალია თუ არა რომ თუ აზიელ ქალთან წვები, პრეზერვატივი არ გჭირდება, რადგან ჩვენი დეენემი შეუთავსებელია და ის ორსულად არ დარჩება?

5. მართალია თუ არა, რომ ორსულად ყოფნის დროს სექსის თუ მექნება, შეიძლება ჩემი მუცლადმყოფი ბავშვი დაორსულდეს თუ ის მდედრობითი სქესის იქნება?

6.შეიძლება ჩემი წინდა გამოვიყენო, როგორც პრეზერვატივი, სექსის დროს?

7.  კითხვა მამაკაცებს: როდესმე დაგილევიათ მენსტრუაციული სისხლი? ამბობენ, რომ ის სიცოცხლის ელექსირია.

8. მე და ჩემი გერლფრენდი ერთად ვართ უკვე ერთი თვეა და ის მეუბნება, რომ ოთხი თვის ორსულია. შეიძლება ჩემი სპერმა ასეთი ძლიერმოქმედი ყოფილიყო?

ბავშვი შენი არ არის გენიოსო.

9. რა ასაკში ეწყებათ ბიჭებს მენსტრუაცია? მე ჯერ არ დამწყებია და ძალიან ვნერვიულობ.

კაცებს ძირითად ოთხ წელიწადში ერთხელ უდგებათ ეს პერიოდი, როცა სულ აფორიაქებულები არიან, ნორმალურად არ გელაპარაკებიან და სულ სახლში, ტელევიზორთან უნდათ ყოფნა. ამ მოვლენას მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია ფეხბურთში 🙂

10. უცნაურია, რომ ყოველთვის, როცა მოსაშარდა შევიდივარ, ჩემი ძაღლი უკან მომყვება და თავისი დიდი, ყავისფერი თვალებით აკვირდება ჩემს პენისს?
უცნაური ის არის, რატომ არ კეტავ კარებს, როცა სააბაზანოში შედიხარ.

part I –

https://qameleoni.wordpress.com/2011/05/07/დღეში-30-ორგაზმი-და-მშობლებ/

“ქალური ლოგიკა” თუ “კაცური სიბრძნე”?

დარბაზი ნათდება, მაყურებელი ტაშს უკრავს, სცენაზე გრძელფეხება ბიჭი ამოდის და მორცხვად იღიმება, სანამ ქუდის მუსიკა დამთავრდება.

– მოგესალმებით, ეს გადაცემა “კაცური ლოგიკაა”, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ინტელექტუალური და ყვეელაზე დაძაბული თამაში. დღეს ჩვენს თამაშს ორი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან გამოიცნონ მამაკაცების ლოგიკა. მიესალმეთ, ანა და ნატა!

ანა და ნატა წელში ოდნავ მოხრილები დგანან, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებთ.

– უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მოდელი ბიჭები ძალიან ჭკვიანები არიან! მათი ინტელექტი ნამდვილად გაგაოცებთ! მაშ ასე, გავიცნოთ ბიჭები.

ფერადი ბუშტებით მორთულ სტუდიაში ორი მოდელი ბიჭი ზის, ხელში ღვინით სავსე ყანწები უჭირავთ და ღვინოს ელეგანტურად წრუპავენ.

– ჰაი, მე გიო ვარ, ძალიან მიყვარს ქსოვა და ვერ ვერკვევი წყალქვეშა გემების მართვაში – ამბობს გიო და უხერხული ღიმილით იყურება კამერისკენ, ხომ სწორად ვთქვიო.

– ჰელლო, მე აჩი ვარ, ვგიჟდები სიმღერაზე და ცეკვაზე და ვერ ვერკვევი ასტრონომიაში – ინაზება აჩი და გიოს უყურებს.

დარბაზი ტაშს უკრავს, ანა და ნატა წელში უფრო იხრებიან და თვითდაჯერებულად ქირქილებენ.

 

– ნუ ეხლა რახან ასტრონომიაში ვერ ერკვევა, ჰე ჰე…

– დავიწყოთ თამაში. პირველი რაუნდი და პირველი კითხვა. როგორ ფიქრობთ, ბიჭებმა იციან ამ ანდაზის დასასრული “თაგვმა თხარა თხარაო, კატა …?”

– ნუ მოდით აბა ვენდოთ ბიჭებს ამ შემთხვევაში და მივცეთ შანსი რა… იქნება და იციან…

– რაო? – კითხულობს გიო სტუდიაში – რა თაგვი რა კატაო?

– მოიცა, მე მგონი ვიცი ამაზე პასუხი – კისკისებს აჩი – რაღაც გამიგია… საიდან ოღონდ არ ვიცი, მაგრამ გამიგია… თაგვმა თხარა თხარაო, კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, ხო ეგაა? არააა?

– აუ ეგაა კი, თან კატაო, და მეც გამიგია ძეხვზე რაღაც…

ბიჭები საბოლოო პასუხს აფიქსირებენ და გოგოები 3 ლარს და 50 თეთრს ვერ იგებენ.

– მეორე რაუნდი. თუ სწორად მიხვდებით კაცურ ლოგიკას, მოიგებთ 8 ლარს – აცხადებს წამყვანი – ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხიდან, რომელი აირჩიეს ბიჭებმა? “ვინ დაწერა ცნობილი მეცხრე სიმფონია? ა) ბეთჰოვენმა ბ) გია სურამელაშვილმა გ) ჩაკ ნორისმა.”

– თქვენ იცით პასუხი? – ეკითხება გოგოებს.

– კი კაცო, ვიცით – ამბობს ანა და თვალებს ჭუტავს, რომ მონიტორზე სწორი პასუხი წაიკითხოს – ბე..ე ოთენმ.ა

– მაგრამ ჩვენი აზრით ბიჭები მაინც ქართველ ვარიანტზე წამოვლენ, მაინც მეცხეა და ცხრა ხომ ქართული ციფრია რაღაცნაირი, აი მეცხრე ბლოკი, მეცხრე… ნუ მეორე ვარიანტი რა.

– აუ, არადა მხატვრობაში საერთოდ ვერ ვერკვევი – დანანებით ამბობს გიო და შამფურზე წამოცმულ მწვადს ნაზად ღეჭავს – ვიმსჯელოთ და ისე მივხვდეთ.

– კარგი, ვიმსჯელოთ. სანამ ცხრას დაწერდა, იქამდე ხომ წინა რვა უნდა დაეწერა? მერე ადვილია ამდენი სიმფონიის დაწერა? მე მგონია, რომ ამას მარტო ჩაკ ნორისი მოახერხებდა, იმიტომ რომ ყველგან მესმის ჩაკ ნორისი მაგარიაო, ყველას მოერევაო, ჰოდა 9 სიმფონიას როგორ ვერ მოერეოდა?

– ფუ თქვენი – ყვირის ანა – ბეე..თ.ოვენი როგორ არ იცოდით, რა ჩაკ ნორისი, ჩაკ ნორისი ხომ მხატვარი იყო? კაცური ლოგიკა კი არა დებილების ლოგიკა უნდა ერქვას ამას, წავიდეთ ნატა.

მარტო დარჩენილი წამყვანი ისევ უხერხულად იღიმება და  ჯიუტად იმეორებს, რომ ბიჭები მაინც ძალიან ჭკვიანები იყვნენ და უბრალოდ მათი ლოგიკაა მისახვედრი, სხვა კი არაფერი.

პ.ს. თუ ბიჭებს გულზე მოგხვდათ მოდელირებული გადაცემა, უნდა გითხრათ, რომ ზუსტად ასე ჩანს გოგოების თვალში “ქალური ლოგიკა”, როგორც თქვენთვის ეს “კაცური ლოგიკა”. ეს არის ამაზრზენი, ყოველგვარ აზრს მოკლებული და მხოლოდ გაუნათლებელი მოდელი გოგონების დაცინვის საშუალება, რითიც ზოგადად მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს გვაყენებენ შეურაცხყოფას.

უცხოპლანეტელთა ხომალდები დედამიწას მოუახლოვდა

ნასას საჰაერო დაზვერვის ოფიცერმა, რიჩარდ ფრიდრიხმა საგანგაშო სიგნალი გადასცა კაპიტანს. თანამგზავრების გადაღებულ სურათზე მკაფიოდ ჩანდა სამი ობიექტი, რომლებსაც დედამიწისკენ ჰქონდათ გეზი აღებული.

_ თუ ჩვენი გამოთვლები არ ტყუის სერ, 6 დეკემბერს ისინი უკვე დედამიწაზე იქნებიან – უთხრა რიჩარდმა კაპიტანს.

– მდა… – ჩაფიქრდა კაპიტანი – ესე იგი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ის ჰამბურგერი უნდა შემეჭამა.

ნასამ განგაში გამოაცხადა და ლანჩზე წავიდა.

ამასობაში გახარებული უცხოპლანეტელები ხომალდზე ზეიმობდნენ და  შამპანურს შამპანურზე ხსნიდნენ.

– გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გავასწარით კომეტას, რომელიც დედამიწას უნდა შეჯახებოდა 2012 წელს, ასე რომ პირველები ჩვენ იქ მივალთ!

ფანჯრიდან ჩანდა უკან ჩამოტოვებული გაბრაზებული კომეტა.

– სად დავჯდეთ, სად–ო – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თვალში მშვიდობის ხიდი მოხვდათ და აქეთ წამოვიდნენ.

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა მოახლოებული სამი ობიექტი და ქვების სროლა დაუწყო, მაგრამ ობიექტები არ ირხეოდნენ. მობილურებით შეიარაღებული ხალხი ვიდეოებს იღებდა და მერე იუთუბზე დებდა. რამდენიმე ცნობისმოყვარე ზედ აახოხდა კიდეც, მაგრამ დენმა დაარტყათ და უკან გადმოცვივდნენ.

– არ დაიჯეროთ უცხოპლანეტელების არსებობის, ეს მთავრობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია – გაჰკიოდა ქართული ოპოზიცია.

ამასობაში უცხოპლანეტელები დედამიწის შესახებ ინფორმაციას ეცნობოდნენ და ლედი გაგას უსმენდნენ, რომელიც ძალიან მოეწონათ და რაღაც გულთან ახლოს მოვიდაო, თქვეს.

როგორც იქნა გადაწყვიტეს თეფშიდან გადმოსვლა და მორიდებით შეათვალიერეს გარემო.

ამ დროს მოიჭრა სააკაშვილი ყვირილით , მე თქვენ ხინკალი როგორ არ უნდა გაჭამოთო და წაიყვანა რესტორანში. მეორე დღეს ყველა საინფორმაციო არხზე ტრიალებდა კადრები, როგორ ცეკვავდნენ უცხოპლანეტელები შალახოს და როგორ ჭამდნენ ხინკლის კუჭებს.

მეორე დღეს მათ დაათვალიერეს ქართული ღირსშესანიშნაობები და მოინახულეს პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც თვით შერონ სტოუნი იყო ნამყოფი. ეს ჩვენთვის დიდი პატივიაო – განაცხადეს მათ და მწვანე სითხე გამოუშვეს.

გაჩაღდა რამდენიმე მხურვალე რომანი ქართველ გოგონას და უცხოპლანეტელ ვაჟს შორის. ქართველმა ღიპიანმა მამიკოებმა მთლად არ მოიწონეს სიძეები, მაგრამ სიყვარულს წინ ვერ აღუდგნენ და დალოცეს წყვილი.

რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა ამჩნევდა უცნაურ მოვლენებს. ქრებოდა მათი სახლიდან ქვაბებით გაკეთებული საჭმელები, განსაკუთრებით სუპები და წვნიანი კერძები. ხანდახან ხრუპუნის ხმაც ესმოდათ.

სამ დღიანი გადაბმული ქეიფის მერე უცხოპლანეტელებმა ის განზრახვა, რომ დედამიწა გაენადგურებინათ და თვითონ დასახლებულიყვნენ აქ, უკუაგდეს და ისევ თავის პლანეტაზე დაბრუნება გადაწყვიტეს, სამაგიეროდ წაიღეს მჭადის ფქვილი და ღვინო შოთას მარნებიდან.

ამის მერე ხალხი კიდევ დიდხანს იხსენებდა უცხოპლანეტელთა ინტერვენციას და  უსმენდა ლედი გაგას.

მკვლელობა ბენზოხერხებით და მთებს აქვთ თვალები, თუ რაღაც მსგავსი

მარტო საშინელებათა და საშინელება–მისტიკის ჟანრს ბევრი რამე აქვს საერთო, მაგრამ ბევრი რამითაც განსხვავდება. როგორც ყველგან, აქაც გვაქვს კლიშეები, რომელიც ფილმების უმრავლესობაში მეორდება.

უმეტეს შემთხვევაში იქნება:

  • რამდენიმე თინეიჯერი მანქანით მიდიან კონცერტზე.
  • დასაწყისში იქნება გზისპირა პატარა მაღაზია ან სახელოსნო, სადაც ცოტა ხნით შეჩერდებიან და რომელსაც უცნაური პატრონი ეყოლება, რომელიც ბოროტად ჩაიხითხითებს.

დავიწყოთ.

ჯესიკა, ჯონათანი, სამანტა და კობა ჯესიკას ვილაზე შეიკრიბნენ და შეზლონგებზე წამოწვნენ. ჯონათანმა კობას ზურგზე მზის საწინააღმდეგო კრემი დაასხა და მონდომებით შეუდგა ზელვას.

– ჰეი, ნახეთ, მაგარი ბილეთები დავითრიე – კობამ ჯიბიდან ცნობილი როკ–ჯგუფის, ” მწვანე ტარაკანის” ბილეთები ამოიღო და ააფრიალა – არ წავიდეთ?

ჯესიკა ჯონათანს ჩაუჯდა კალთაში, ისინი შეყვარებულები იყვნენ, სამანტა კი კობას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა და სულ ცდილობდა რაიმე მიზეზით ერთად ყოფილიყვნენ.

გადაწყვიტეს წასვლა. ჯონის ძველი ვარდისფერი ფურგონი გამოიყვანეს და დაქოქეს.

– გზად რამდენიმე ძალიან მიტოვებული და საშიში სოფლის გავლა მოგვიწევს, სადაც ამერიკელი სამხედროები ატომურ აფეთქებებს ატარებდნენ და შეიძლება რაღაც ანომალიებს წავაწყდეთ – გამოაცხადა კობამ. გამხიარულებულმა საზოგადოებამ ყიჟინა დასცა.

მართლაც, რამდენიმე საათის მერე ტეხასის ძველ გზაზე გავიდნენ, სადაც საგზაო ნიშნებზე ბენზოხერხიანი კაცები ეხატა და დიდი ასოებით ეწერა “აქ არ წახვიდეთ, დაგხერხავენ”

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასცა ყიჟინა და გზა გააგრძელეს.

– მოიცადეთ – თვალები მოიჩრდილა სამანტამ – იქ ვიღაცაა, ჩვენი დახმარება სჭირდება.

გზაზე ტანსაცმელჩამოხეული გოგო მოდიოდა, ყველგან სისხლები ეცხო, ჭრილობები დახეთქოდა და საშინლად გამოიყურებოდა.

– ეი, ხომ კარგად ხართ? – თავი გადაყო ჯონიმ – გინდა წაგიყვანოთ? თან გზას მიგვასწავლი.

– იქ არ წახვიდეთ – ჩაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით გოგომ – თორემ საშინელი სიკვდილი გელით…

– რაო? რა თქვა?

– რა ვიცი, მგონი დღეს ძველი ჰამბურგერი შევჭამეო.

ჯონი დაიჭყანა,  მხიარულად დაუქნია ხელი და სიჩქარეს მოუმატა.

შევიდნენ მიტოვებულ სოფელში. ირგვლის სიჩუმე და ნისლი იყო ჩამოწოლილი, კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდით ვერსად (გადამღები ჯგუფი რამდენიმე მაცხოვრებელს მიერეკებოდა სოფლის ბოლოში, კინოს ვიღებთ და ცოტა ხანი  გვაცადეთო)

სწორედ ამ დროს დაეშვა ოთხივე საბურავი და მანქანა გაჩერდა.

– ახლა რა ვქნათ? – იკითხა ჯესიკამ და საბარგულიდან არაყი ამოიღო.

– მოიცა, სცენარს ჩავხედო.

რამდენიმე წუთიანი დუმილის მერე ფეიდ აუთი გაკეთდა, როგორ სვამენ მეგობრები, როგორ ცეკვავს ტოპლესს ჯესიკა ჯონის მუხლებზე, როგორ უყურებს კობა სამანტას გამჭვირვალე მაიკას და როგორ უთვალთვალებთ ვიღაც სახლებიდან უზარმაზარი ლინზებით.

დაღამდა, ახლა კი შეშფოთდნენ და შერიფს დაუწყეს ძებნა, სწორედ ახლა შეამჩნიეს მთელი სოფელი ცარიელი რომ იყო, მართალია რამდენჯერმე შიშველმა კაცებმა გადაურბინეს კამერას, მაგრამ მაინც.

ახლა ხვდებიან, რომ მათზე ნადირობა დაიწყო, ისმის უცნაური ხმები, ხვნეშის, სირბილის, რამდენჯერმე მწარე ამოოხვრის ხმაც გაიგონეს და დაინახეს კოჭლობით როგორ წავიდა ვიღაც.

– უნდა შევიარაღდეთ – განაცხადა კობამ და ჯონის წყლის რევოლვერი მისცა.

მშვიდად იძინებენ. პირველი მსხვერპლი ჯესიკაა. მისთვის საშინელი მანიაკი მოდის – მეტსახელად ტყავის სახე. ის საშინელი სახის დეფექტით დაიბადა და იმის მერე სულ სახეს იჭიმავს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. ქოქავს თავის ბენზოხერხს და ჯესიკას ხერხავს.

კოშმარი იწყება. ჯესიკას ხელს გარეთ პოულობენ. მასზე ჯერ კიდევ დაფიქსირებულია შუა თითი.

ირგვლივ მთებზე საშინელი არსებები ირევიან, ისინი ატომურმა აფეთქებამ დაამახინჯათ და ახლა ადამიანებზე უნდათ შურისძიება.

ცოტა ხანში ჯონათანს ბრმა ნაწლავი შეტევას აძლევს და ისიც კვდება. კობა სამანტას გადასარჩენად იბრძვის, რომელსაც რამდენიმე დამუწუკებული არსება ბოროტი ხითხითით მიათრევს.

– კობაა… – ყვირის სამანტა და ირგვლივ ყველაფერს ხმა ეკარგება. შორიდან ისმის გულისცემის ხმა.  კობა შენელებული კადრებით იხედება სისხლიან ხელებზე. გულიცემა ძლიერდება და გმირული მუსიკა ედება.

– ე ბიჭო, დროზე, გათავდა ფირი – ყვირის რეჟისორი.

კობა იღებს ბენზოხერხს, რომელიც ტყავისსახას კედელზე მიუყუდებია და თვითონ ტუალეტში წასულა ღიღინით  და რამდენჯერმე ამოქოქავს ეფექტებით, მერე დაერევა ყველას და სამანტას იხსნის.

კობა და სამანტა შემაღლებულ ადგილზე დგანან და ერთმანეთს ეხვევიან. მოდის სამაშველო რაზმი და თბილ ადიელებში ახვევენ წყვილს.

კადრი ბნელდება.

6 თვის მერე…

სოფელში დიდი ფურგონი შემოდის. იქაც თინეიჯერები სხედან და “მწვანე ტარაკნის” მაისურები აცვიათ.

– ჯანდაბა, კიდევ? – ოხრავს რეჟისორი და აპარატურას მოათრევს.

 

insbired by – the texas chainsaw massacre 1-2, the hills have eyes 1-2 და მრავალი სხვა

მსგავსი პოსტი:

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

წითელქუდა – შავი ზღაპარი დიდებისთვის

ტყიდან გოგონა მორბოდა, გრძელ ქერა თმებს ქარი უფრიალებდა, ხელში კალათა ეჭირა.

– ვალერია, სად იყავი? რა გინდოდა ტყეში? – დედამ კალათა ჩამოართვა და გოგონა შეათვალიერა – შენ რა, არ იცი, რომ ტყეში მგელმა დაიდო ბინა, რომელიც ყველას გვაშინებს? რომელიც მაქციაა და დღე შეიძლება ყველა ჩვენთაგანი იყოს?

– ვიცი დედა, მაგრამ მე მისი არ მეშინია.

ვალერიამ წითელი მოსასასხამი კარებთან დაკიდა და კალათიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

დედამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ქოხიდან გავიდა.

პატარა სოფელში პანიკა იყო ატეხილი. ყოველ ღამე თავს საშინელი მგელი ესხმოდათ თავს და კლავდა მაცხოვრებლებს. მერე კმაყოფილი იფხანდა ქოჩორს და ღიღინით მიდიოდა ტყეში. საშინელება იყო.

– ეი, ვალერია, არ გინდა სადმე განვმარტოვდეთ? – ღიმილით მიუახლოვდა სიმპათიური და დაკუნთული მეტყევე გოგონას, რომელმაც დაიმორცხვა და სიგარეტი ჩააქრო.

– ჰანს, ხომ იცი, რომ მაქცია ყველგან შეიძლება იყოს, ის მხოლოდ ღამე იქცევა მგელად, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ვიცი – უთხრა ჰანსმა და გამოჩრილი კუდი დამალა.

სოფელში ზარების რეკვა ატყდა. უკვე ღამდებოდა და გარეთ ყოფნა საშიში ხდებოდა.

ვალერიას ბოლო ღერი გაუთავდა და ვეღარ ითმენდა. ბოლოს შეიგინა,  მოიხვია წითელი მოსასხამი, რომელსაც კაპიშონი არ ჰქონდა და წითელქუდას რატომ ეძახდნენ, თვითონაც ვერ გაერკვია, და გაუდგა გზას.

ნელა მიდიოდა სიბნელეში. უკნიდან ფეხის ხმა ესმოდა. შემოტრიალდა, მაგრამ არავინ ჩანდა. იფიქრა მომეჩვენაო, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ განმეორდა. სწრაფად შებრუნდა და ხის უკან გამოშვერილი ბანჯგვლიანი ფეხები დაინახა.

– ჰეი – იყვირა ვალერიამ –რომელი ხარ.

მგელს ეგონა ვალერია ვერ ხედავდა და კმაყოფილი ხითხითებდა, თან ფეხებს აქნევდა.

– მე შენს გონებაში ვარ… – ხმა დაიბოხა მაქციამ და ექოს ეფექტი მისცა – ვარ… არ…რ….

– გონებაში კი არა, გამხმარი ხის უკან დგახარ.

მგელი გამოვიდა და ვალერიას მიუახლოვდა.

– ო ღმერთო, რატომ გაქვს ამხელა თვალები?

– იმიტომ, რომ კარგად დაგინახო…

– რატომ გაქვს ამხელა ყურები?

– იმიტომ რომ კარგად მოგისმინო…

_ რატომ გაქვს ამხელა ცხვირი?

– ნუ, კი ვიფიქრე რინოპლასტიკის გაკეთება, მაგრამ მერე  მითხრეს შენს ინდივიდუალიზმს დაკარგავო და რა ვიცი… ჰოდა, რას ამბობდი?

– რატომ გაქვს ამხელა პირი?

– იმიტომ რომ კარგად შეგჭამო… – ჩაიღრინა მგელმა და სენდვიჩის პურები შუაზე გადახსნა.

ვალერიამ იკივლა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მგელს ბებიის ჯოხი მოხვდა თავში.

მოიცა, ბებია რომ აქამდე არ გვიხსენებია? – თავი მოიქექა რეჟისორმა და სცენარს ჩახედა.

– ვერავინ გაბედავს ჩემი შვილიშვილის შეჭმას – იყვირა ბებიამ და წიხლი ამოსცხო.

ვალერიმ და ბებიამ მგელს ხელები დაუბეს და ხეზე მიაკრეს.

კადრი შორეული უდაბნოდან. გაკვირვებული მონადირე ხელებს შლის გაოცებული. 

– უი, მონადირე დაგვავიწყდა – ამბობს რეჟისორი და ზღაპარს ფურცლავს. 

ფინალური სცენა

თენდება და მგელი ერთ–ერთ მათ თანასოფლელად უნდა გადაიქცეს. დაძაბული ვალერია და ბებია უყურებენ.

– იქნებ დედაა? ან მამა? ან იქნებ სულაც ჰანსია? ან იქნებ… იქნებ მე ვარ?

 რეჟისორი ფიქრობს, ფიქრობს, იმდენს ფიქრობს, რომ ბოლოს ბეზრდება და მიდის.

– ვალერია – ყვირის დედა.

– აქ ვარ – ბოხი ხმით ამბობს ვალერია და სიგარეტს აბოლებს.

inspired by red riding hood 2011

სისხლიანი სამაჯური

ვაგრძელებ ციკლს ჩემს მიერ ბავშვობაში დაწერილი სამი გენიალური დეტექტივიდან, რომელიც განსაკუთრებით გენიალურია, თან შეგახსენებთ იმასაც, რომ დაწერილია სერიოზულად, მაგრამ ახლა რომ ვკითხულობ, აბსურდული კომედიის ნამდვილი შედევრია.

კახასტან სტუმრად მივიდა მისი კოლეგა ანზორ მელაძე. კახას ანტი–შესახედაობის, ჩასუქებული, ულამაზო, მელოტი კაცი.

– აბა, რა ახალი ამბები მომიტანეთ ანზორ?

– ახალი სამხილია, აი ნახეთ.

ანზორმა ცელოფნიდან ამოიღო სისხლიანი სამაჯური. კახამ გულდასმით დაათვალიერა. ეს იყო სისხლშემხმარი, ლამაზი ოქროს სამაჯური, რომელსაც ქვეფი, საფირონი, აქატი და ზურმუხტი იყო ჩასმული, ეს ფერები ერთმანეთს საოცრად ლამაზად ეხამებოდა. სამაჯური იკვრებოდა პატარა ქინძისთავით, რომელიც თვითონ მას ჰქონდა მიმაგრებული.

– საინტერესოა! სად იპოვეთ?

– ზემოთ მთები რომ არის იცი?

– მე რა ვიცი, თბილისი მთებით არის შეზღუდული.

– იქ, ზემოთ მივსეირნობდი, რომ ზურმუხტმა დაიბრჭყვიალა, მეც დავხედე და კინაღამ გული წამივიდა (რა მაგარი დეტექტივია, სისხლზე გული მისდის), სისხლიანი სამაჯური გდია იქვე. მე დავწვდი და წამოვიღე, იმ წუთში შენ გამახსენდი, ეგ ამოხსნის–მეთქი.

– კარგიც გიქნია. დავაკვირდეთ სამაჯურს. მისი ქვედა მხარე სისხლით არის დასვრილი, ზედა კი სუფთაა. შეიძება ყველას გასჭროდა ხელი.

– დიახ, მაგრამ ახლა გაზეთში დაწერილ სტატიას წაგიკითხავთ.

“4 ნოემბერს შაბათს მოხდა მკვლელობა. მსხვერპლი ქალია. მისი ვინაობა გაირკვა. ცხედარი ნაპოვნია მთაწმინდაზე. ცხედარს ცალი ხელის, კერძოდ მარჯვენას მტევანი არ აქვს. ვარაუდობენ, რომ მას ხელზე რაიმე ძვირფასი სამკაული ეკეთა. მკვლელობა ჩადენილია ქურდობის მოტივზე, პოლიცია ასე ფიქრობს. საქმე სადაცაა დაიხურება. ლიას ძალადობის არანაირი კვალი არ აქვს. გაკვეთის შედეგად ექპერტებმა დაასკვნეს, რომ ის სისხლისგანაა დაცლილი და სისხლში შესულია ინფექცია. ამას ადასტურებს ის, რომ მის სისხლში ნაპოვნია ბაქტერიები. საქმე წინ არ მიდის, მოკლულის მისამართია აღმაშენებლის 18–20″

– ჰმ, ამაზე რაღაც იტყვი ბატონო კახა?

– ჰო, მისმინე, აი ჩემი გეგმა.

– ჩემი კი არა ჩვენი.

– ჰო, აი ჩენი გეგმა, ჩვენ წავალთ ლიას მშობლებთან, მივუტანთ სამაჯურს და დავაზუსტებთ, მისია თუ არა. მე კი ვფიქრობ მისია.

კახა და ანზორი გაუყვნენ გზას. მალე ჩავიდნენ. კახამ კარზე დააკაკუნა. კარები გააღო შავებში ჩაცმულმა, მაღალმა, თვალცრემლიანმა კაცმა. იგი ალბათ ლიას მამა იყო.

_ ჩვენ გამომძიებლები ვართ, შეიძლება?

– დიახ, მობრძანდით.

ოთახის შუაგულში სასახლე ესვენა, სადაც არამიწიერი სილამაზის ქალი ესვენა.

– ეს სამაჯური ლიას ეკუთვნოდა?

– დიახ.

– ვინ აჩუქა?

– მისმა მეუღლემ.

– აქ რატომ არ არის?

– ნაჩხუბრები იყვნენ.

– აჰა, გასაგებია, ეს სამაჯური მისი ნაჩუქარია, ხომ შეეძლო მოეკლა თავისი ყოფილი მეუღლე და სამაჯურის უკან დაბრუნება ეცადა?

– დიახ, შეეძლო, შეეძლო.

კახა და ანზორი გარეთ გამოვიდნენ.

– ახლა წავიდეთ ქმართან, ლიას მამამ მისი მისამართი ჩამაწერინა, რეაქციაზე და სახეზე შევატყობთ დამნაშავეა თუ არა.

თბილისში თითქმის ყველა იცნობდა კახას და ყველა ესალმებოდა, კახაც თავს უქნევდა ნაცნობებს. ანზორი გულზე სკდებოდა მე რატომ არავინ მესალმებაო. მივიდნენ სახლთან.

სახლსაც კი სააშკარაოზე გამოჰქონდა მისი მცხოვრებლის ბუნება. კახამ დააკაკუნა, სახლში არავინ იყო, მაგრამკარი გაიღო.

სახლი არეული იყო, მაგიდაზე ათასი რამე ეყარა, მაგრამ გამორჩევით ჩანდა დღიური.

4 ნოემბრის ჩანაწერი.

“დღეს მძიმე დღე მაქვს, ლიას უნდა შევხვდე. ჩემი გეგმა ასეთია, საღამომდე დავტოვებ, რომ შებინდდება, მოვკლავ, დავახრჩობ და სამაჯურს წავართმევ. თუ მისი გასაღები ქინძისთავი თან არ აქვს, მაშინ ხელს მოვაჭრი. ამის გაგრძელებას რომ მოვალ მერე დავწერ…

…ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმე. ლიას შამპანური დავალევინე, რომელიც მოწამლული იყო, მაგრამ ორგანიზმში მარტო ბაქტერიებს ტოვებდა. დავუსხი ჭიქაში და დალია. ცოტა ხანში ჩემს წინ გვამიღა იყო. სამაჯური ვერ მოვხსენი და ხელი მოვაჩეხე. სამაჯურს ჩემს ძვირფასს კატერინას ვაჩუქებ, რომელიც ჩემი საცოლეა…”

– ოჰ ეს ნაძირალა – გამოსცრა კახამ.

– ახლა ჩვენ დავიმალებით და დავუცდით ვაჟბატონის მობრძანებას, სადმე ბნელ კუთხეში მოვიკუნჭოთ. ბორკილები ხომ გაქვს?

– რა თქმა უნდა, ასევე გამოვიყოლე დაპატიმრების ორდერი. (ისე, მაინც გამოუყოლებია კაცს)

– კარგი გიქნია, მგონი მოდის.

ოთახში მართლაც ვიღაც შემოვიდა და თან თავისთვის ლაპარაკობდა: “ლია ხომ მოვკალი, თუ გამაბრაზა კატერინასაც მივაყოლებო”

– კანონის სახელით გაპატიმრებთ – კახა მიუახლოვდა და ბორკილები გაუკეთა (თავიდან მეწერა ორდერი გაუკეთაო და გადაშლილი იყო) 🙂

სასამართლომ მას თავისუფლების 15–20 წლამდე აღკვეცა (და არა თ) მიუსაჯა.

– მაინც მეცოდება ამდენი ხანი ციხეში – თქვა კახამ – არა უშავს, იწვნიოს, როგორია დანაშაულის ჩადენა.

განა მეტის ღირსი არ იყო იგი?

ეს ბოლო ფრაზა დღემდე ლეგენდად გვაქვს დარჩენილი, როცა ვინმე რამეს დააშავებს, თითს მაღლა ვწევთ და ვამბობთ “განა მეტის ღირსი არ იყო იგი?”

პირველი ნოველა ციკლიდან ეკლიანი დიადემის წყევლა