ვიზიტი კახეთში – პირველი დღე

მოკლედ ჩამოვედი, ძალიან ვარ დაღლილი და ამ სამი დღის განმავლობაში სულ 2–3 საათი მეძინა ღამეში, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი რამე მოხდა ამ სამი დღის განმავლობაში და ყველაფერს დავწერ.

დავიწყოთ 🙂

თავი პირველი – ჩასვლა

დილით 8 საათზე ავდექი, სამარშრუტო 9 საათზე გადიოდა, ერთი დიდი შავი ჩანთა მეყო ყველაფერში, ბევრი არაფერი წამიღია. ჩავჯექი, ფანჯარასთან მოვიკალათე, ნეტავ ეგ არ მექნა, რომ ჩავედი ყურს ვეღარ ვგრძნობდი.

გვერდზე და წინ სულ ბიჭები ისხდნენ. თმები გაშლილი მქონდა, დაუბერა ქარმა და თმები გაიფანტა, ყველგან დაფრინავდა. იმათაც მეტი არ უნდოდათ, ერთმანეთს აკრობდნენ და უხაროდათ.

გავცდით წნორს, დაძაბული ვუყურებდი ტრაფარეტებს, რომ ჩადუნიანი არ გამომრჩენოდა, ათასჯერ დავურეკე მაიას, მძღოლიც გაფრთხილებული მყავდა. ორი სოფელი დარჩა იქამდე, რომ მანქანა გაფუჭდა, თანაც საფუძვლიანად. ვაიმე, აი აქ დამერხა, ვფიქრობ ჩემთვის. ჩავედით ყველანი დაბლა. ისეთ ადგილზე ვართ, ირგვლივ არაფერია, მარტო გადამხმარი ყანები. ვურეკავ ლიკას. ისეთ ადგილზე ვარ, თავი “the hills have eyes”ში მგონია–თქო. კარგად მოათვალიერე, ვინმე ხომ არ გიყურებს დურბინდითო, დამცინა იმანაც.

გაკეთდა როგორც იქნა და ჩავაღწიე.

თავი მეორე – დაკარგული ვირი

მივედით სახლში, დავისვენე ცოტა, ბავშები ვნახე. პირველად ვიყავი ამ სოფელში და მაიას ბიძაშვილი ბიჭის მეტს იქ არავის ვიცნობდი. შემოვიდა მაიას მეზობელი, თიკო, რომელიც ასევე რუსთაველია. ეგ გოგო იქ რომ არ ყოფილიყო, ასეთი კმაყოფილი ვერ ჩამოვიდოდი, პირველი წუთებიდანვე მომეწონა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობით ერთმანეთს.

გამოიცვალე და წავიდეთ ბურღზეო. რა არის ეს ბურღი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, კარგად არ ჟღერდა. წავყევი მეც მორჩილად. სოფლის რამდენიმე წერტილში ჩამოდის წყალი მილებიდან, რომელსაც სასმელადაც იყენებენ და გასაგრილებლადაც. ჰოდა ვიწუწავეთ გემრიელად ყინულივით ცივი წყლით. მოვედი სახლში, ვიბანავე.

აი ბანაობაზე კიდევ ცალკეა სალაპარაკო. პირველად ვიბანავე ღია ცის ქვეშ, ე.წ. საზაფხულო აბანოში და ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, სულ აქეთ–იქით ვიყურებოდი, ვინმე ხომ არ მოდის–თქო.

ეზოში პატარა ბაჭიები დავიჭირე და სურათები ვუღე. გული მოვიჯერე ცხოველებით. მთელი სოფლის ძაღლები მე დამდევდნენ მერე 🙂

მერე მე და მაიამ ცოტა წავიჭორავეთ და გავედი გარეთ საღამოს, გავიცანი ხალხი. ბევრი არც არავინ იყო. ამასობაში გახდა 11 საათი. გამოიარა სატვირთო მანქანით მეზობელმა, ვირი დავკარგე და ტყეში მიუბიათ, წავიდეთ, მოვიყვანოთო.  თიკომ, ამის გამოტოვება არ ღირსო და ჩამტენა მანქანაში. წავედით. ღამეა, ეს მანქანა ნელა მირიხინობს, ტყეში რამდენიმე მგელს მოვკარით თვალი, კიდევ კარგი საწყალი ვირი არ შეჭამეს.

სანამ ვირამდე მივიდოდით, პატარა მდინარეზე ბიჭებს მანქანა ჰქონდათ ჩავარდნილი და ვეღარ ამოდიოდნენ. გადმოვედით და ჩვენმა სატვირთომ ჩაიბა, მაგრამ უშედეგოდ. უკუნეთი სიბნელეა, წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ, სადღაც შუაგულ ტყეში, ვიყურები აქეთ–იქით, წარმოსახვის უნარი უფრო გამიძლიერდა, თანაც არა სასიკეთოდ.

დავტოვეთ ეს მანქანა და წავედით ვირის წამოსაყვანად. საწყალი, მაკე ვირი ხეზე იყო მიბმული.

აი მერე დაიწყო რაც დაიწყო, ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია, ლამის გული წამივიდა. ვირის ამ მანქანაში ათრევის პროცესი იყო რაღაც საოცრება. უკან, ვინც ვირთან დარჩა იმ ბიჭს ეს კაცი ეუბნებოდა,  სანამ მაგ ვირს არ დაამაკებ, მანდედან არ გამოგიშვებო და რომ წამოვედით უკნიდან ისეთი ხმები გვესმოდა, ვკვდებოდით სიცილით. ” ვაი, რას მიშვები, გადით აქედან შენი… ” ისეთი განწირული გაჰკიოდა 🙂 ვიდეო გადავიღე, მაგრამ არაფერი არ ჩანს, მარტო ხმები ისმის.

პირველი იყო დაწყებული როცა დავბრუნდით. მაიას ბავშვები უკვე დაეძინებინა და გარეთ იყო გამოსული. რამდენიმე საათი ვიჯექით და შევედით დასაძინებლად.

გაგრძელება იქნება…

Advertisements

4 thoughts on “ვიზიტი კახეთში – პირველი დღე

  1. ანუ ის თბილ ბურღი სხვა არის რაზეც მე ვამბობ, ისე მეც ახლოსვარ გმონი სენთან, თელაზე მაქვს სოფელი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s