მკვლელობა ბენზოხერხებით და მთებს აქვთ თვალები, თუ რაღაც მსგავსი

მარტო საშინელებათა და საშინელება–მისტიკის ჟანრს ბევრი რამე აქვს საერთო, მაგრამ ბევრი რამითაც განსხვავდება. როგორც ყველგან, აქაც გვაქვს კლიშეები, რომელიც ფილმების უმრავლესობაში მეორდება.

უმეტეს შემთხვევაში იქნება:

  • რამდენიმე თინეიჯერი მანქანით მიდიან კონცერტზე.
  • დასაწყისში იქნება გზისპირა პატარა მაღაზია ან სახელოსნო, სადაც ცოტა ხნით შეჩერდებიან და რომელსაც უცნაური პატრონი ეყოლება, რომელიც ბოროტად ჩაიხითხითებს.

დავიწყოთ.

ჯესიკა, ჯონათანი, სამანტა და კობა ჯესიკას ვილაზე შეიკრიბნენ და შეზლონგებზე წამოწვნენ. ჯონათანმა კობას ზურგზე მზის საწინააღმდეგო კრემი დაასხა და მონდომებით შეუდგა ზელვას.

– ჰეი, ნახეთ, მაგარი ბილეთები დავითრიე – კობამ ჯიბიდან ცნობილი როკ–ჯგუფის, ” მწვანე ტარაკანის” ბილეთები ამოიღო და ააფრიალა – არ წავიდეთ?

ჯესიკა ჯონათანს ჩაუჯდა კალთაში, ისინი შეყვარებულები იყვნენ, სამანტა კი კობას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა და სულ ცდილობდა რაიმე მიზეზით ერთად ყოფილიყვნენ.

გადაწყვიტეს წასვლა. ჯონის ძველი ვარდისფერი ფურგონი გამოიყვანეს და დაქოქეს.

– გზად რამდენიმე ძალიან მიტოვებული და საშიში სოფლის გავლა მოგვიწევს, სადაც ამერიკელი სამხედროები ატომურ აფეთქებებს ატარებდნენ და შეიძლება რაღაც ანომალიებს წავაწყდეთ – გამოაცხადა კობამ. გამხიარულებულმა საზოგადოებამ ყიჟინა დასცა.

მართლაც, რამდენიმე საათის მერე ტეხასის ძველ გზაზე გავიდნენ, სადაც საგზაო ნიშნებზე ბენზოხერხიანი კაცები ეხატა და დიდი ასოებით ეწერა “აქ არ წახვიდეთ, დაგხერხავენ”

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასცა ყიჟინა და გზა გააგრძელეს.

– მოიცადეთ – თვალები მოიჩრდილა სამანტამ – იქ ვიღაცაა, ჩვენი დახმარება სჭირდება.

გზაზე ტანსაცმელჩამოხეული გოგო მოდიოდა, ყველგან სისხლები ეცხო, ჭრილობები დახეთქოდა და საშინლად გამოიყურებოდა.

– ეი, ხომ კარგად ხართ? – თავი გადაყო ჯონიმ – გინდა წაგიყვანოთ? თან გზას მიგვასწავლი.

– იქ არ წახვიდეთ – ჩაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით გოგომ – თორემ საშინელი სიკვდილი გელით…

– რაო? რა თქვა?

– რა ვიცი, მგონი დღეს ძველი ჰამბურგერი შევჭამეო.

ჯონი დაიჭყანა,  მხიარულად დაუქნია ხელი და სიჩქარეს მოუმატა.

შევიდნენ მიტოვებულ სოფელში. ირგვლის სიჩუმე და ნისლი იყო ჩამოწოლილი, კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდით ვერსად (გადამღები ჯგუფი რამდენიმე მაცხოვრებელს მიერეკებოდა სოფლის ბოლოში, კინოს ვიღებთ და ცოტა ხანი  გვაცადეთო)

სწორედ ამ დროს დაეშვა ოთხივე საბურავი და მანქანა გაჩერდა.

– ახლა რა ვქნათ? – იკითხა ჯესიკამ და საბარგულიდან არაყი ამოიღო.

– მოიცა, სცენარს ჩავხედო.

რამდენიმე წუთიანი დუმილის მერე ფეიდ აუთი გაკეთდა, როგორ სვამენ მეგობრები, როგორ ცეკვავს ტოპლესს ჯესიკა ჯონის მუხლებზე, როგორ უყურებს კობა სამანტას გამჭვირვალე მაიკას და როგორ უთვალთვალებთ ვიღაც სახლებიდან უზარმაზარი ლინზებით.

დაღამდა, ახლა კი შეშფოთდნენ და შერიფს დაუწყეს ძებნა, სწორედ ახლა შეამჩნიეს მთელი სოფელი ცარიელი რომ იყო, მართალია რამდენჯერმე შიშველმა კაცებმა გადაურბინეს კამერას, მაგრამ მაინც.

ახლა ხვდებიან, რომ მათზე ნადირობა დაიწყო, ისმის უცნაური ხმები, ხვნეშის, სირბილის, რამდენჯერმე მწარე ამოოხვრის ხმაც გაიგონეს და დაინახეს კოჭლობით როგორ წავიდა ვიღაც.

– უნდა შევიარაღდეთ – განაცხადა კობამ და ჯონის წყლის რევოლვერი მისცა.

მშვიდად იძინებენ. პირველი მსხვერპლი ჯესიკაა. მისთვის საშინელი მანიაკი მოდის – მეტსახელად ტყავის სახე. ის საშინელი სახის დეფექტით დაიბადა და იმის მერე სულ სახეს იჭიმავს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. ქოქავს თავის ბენზოხერხს და ჯესიკას ხერხავს.

კოშმარი იწყება. ჯესიკას ხელს გარეთ პოულობენ. მასზე ჯერ კიდევ დაფიქსირებულია შუა თითი.

ირგვლივ მთებზე საშინელი არსებები ირევიან, ისინი ატომურმა აფეთქებამ დაამახინჯათ და ახლა ადამიანებზე უნდათ შურისძიება.

ცოტა ხანში ჯონათანს ბრმა ნაწლავი შეტევას აძლევს და ისიც კვდება. კობა სამანტას გადასარჩენად იბრძვის, რომელსაც რამდენიმე დამუწუკებული არსება ბოროტი ხითხითით მიათრევს.

– კობაა… – ყვირის სამანტა და ირგვლივ ყველაფერს ხმა ეკარგება. შორიდან ისმის გულისცემის ხმა.  კობა შენელებული კადრებით იხედება სისხლიან ხელებზე. გულიცემა ძლიერდება და გმირული მუსიკა ედება.

– ე ბიჭო, დროზე, გათავდა ფირი – ყვირის რეჟისორი.

კობა იღებს ბენზოხერხს, რომელიც ტყავისსახას კედელზე მიუყუდებია და თვითონ ტუალეტში წასულა ღიღინით  და რამდენჯერმე ამოქოქავს ეფექტებით, მერე დაერევა ყველას და სამანტას იხსნის.

კობა და სამანტა შემაღლებულ ადგილზე დგანან და ერთმანეთს ეხვევიან. მოდის სამაშველო რაზმი და თბილ ადიელებში ახვევენ წყვილს.

კადრი ბნელდება.

6 თვის მერე…

სოფელში დიდი ფურგონი შემოდის. იქაც თინეიჯერები სხედან და “მწვანე ტარაკნის” მაისურები აცვიათ.

– ჯანდაბა, კიდევ? – ოხრავს რეჟისორი და აპარატურას მოათრევს.

 

insbired by – the texas chainsaw massacre 1-2, the hills have eyes 1-2 და მრავალი სხვა

მსგავსი პოსტი:

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

3 thoughts on “მკვლელობა ბენზოხერხებით და მთებს აქვთ თვალები, თუ რაღაც მსგავსი

  1. და შენ ამ პოსტით დიადად დაბრუნდი! კარგი იყო მართლა კარგად ვიცინე😀

    • ჩემო კარგო ძალიან კარგად ვიცი ვინცაა ედ გეინი და მისი ისტორიაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცინვა არ შეიძლება. ჯერ აბსურდულ კომედიაში გაერკვიე და მერე დაწერე კომენტარები.🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s