ეკლიანი დიადემის წყევლა

შესავალი:

ადრე ერთხელ ვახსენე, რომ ჩემი ძველი რვეული ვნახე, სადაც სამი უდიდესი შედევრი არის დაწერილი დეტექტივების ჟანრში. უდიდესი შინაარსობრივად, თორემ ისე რამდენიმე გვერდია. ჰოდა ამ რვეულმა რამდენიმე წლის სიცოცხლე მომიმატა, იმდენი ვიცინე. დაწერილია 11 წლის ასაკში, შერლოკ ჰოლმსის გავლენით, სტილი და მართლწერა უცვლელად გადმომაქვს.

კახა ბარნავაძის კარებზე ნერვიული კაკუნი გაისმა.

– ღიაა – გასძახა კახამ. კაკუნი კვლავ განმეორდა. კახა ადგა და კარები გამოაღო. ოთახში შემოვიდა პირბადიანი, მაღალი წრის ქალბატონი, ეს მას ჟესტიკულაციაზე ეტყობოდა. სულ მთლიანად ცახცახებდა.

– ქალბატონო, ყავა ხომ არ გნებავთ? რა გჭირთ? გცივათ? რამე მოხდა?

– არა, მე შიშისგან ვცახცახებ (მერე გადაშლილია და წერია) დიახ, მე მეშინია.

– დამშვიდდით, ძალა მოიკრიბეთ და ყველაფერი მომიყევით.

– კარგით, ვიწყებ, ჯერ ამ ჩანაწერს წაგიკითხავთ.

(ალბათ მიხვდებით, ბასკერვილების ძაღლის გავლენაა)

“1114 წელს დაწერილია ეს ჩანაწერი, ლევან ქობულიძეს მიერ, შედგენილი ქალაქ გორში (!), გასაფრთხილებლად ჩვენთა შთამომავალთა, რადგან სდევნის და სდევნიდაი უძველესი დროიდან გვართა ქობულიძეთაი საშინელი ცოდვა და წყევლა ეკლიანი დიადემის სახით. დაწყევლა მომდინარეობს მათ მტერთაგან, ყოველი ეკლის დიადემა ხვდება მსხვერპლს მათ სახლის სხვენზე. ეშმაკის სახით გამოცხადებული ეკლის დიადემა ნიშანია სიკვდილის. ვისაც ეს დიადემა მოუვა, წყევლის გავლენით საშნელი სიკვდილით დაიღუპება.”

– მერე რას ხედავთ აქ საშიშს? ნუთუ გჯერათ?

– მოიცათ, დავამთავრებ.

“ფაქტები: ანზორ ქობულიძე, ნაპოვნი არის სხვენზე, დიადემით დამშვენებული (!), აგრეთვე მელორ, ნუგზარ, ალექსანდრე და დავით ქობულიძეები. წყევლა არ ინდობს არც ქალებს”

– ზღაპარია.

– რა არის ზღაპარი ბატონო კახა, მე სხვენზე ვიპოვნე.

– რა?

– ეკლის დიადემა, აი ისიც – ქალმა ძრწოლით ამოიღო დიადემა.

ეს იყო მურმანის ეკლისგან დაწნული დიადემა, თავის დასამშვენებელი (აი ეს კლასიკაა)

– ეს უკვე სერიოზულია. სხვენზე იპოვნეთ?

– დიახ.

– იქ ვის შეეძლო დადება?

– არ ვიცი.

– სანამ მე თვითონ არ მოვალ და სახლს არ დავათვალიერებ, იქამდე ვერაფერს გავიგებთ.

– ახლა წამოდით ბატონო კახა, გთხოვთ, მარტო ვერ წავალ, იქნება და ამ წყევლამ მომკლას.

– კარგით, ერთ წუთი.

კახა საგარეო ტანსაცმელში გამოეწყო და ქალბატონს თან გაყვა. ქალბატონმა იგი სამგზავრო მატარებელში (გადაშლილია და წერია) ტაქსში ჩასვა და გორში მიიყვანა. შორიდანვე თვალს სჭრიდა მნახველს დიდი, თეთრი, სვეტებიანი ვილა. ეს ტაქსიც სწორედ იქ გაჩერდა.

კახა და ნინო (ასე ერქვა იმ ქალბატონს) გადმოვიდნენ ტაქსიდან და გრძელ ხეივანს გაყვნენ. სახლამდე მიმავალ ბილიკზე ორსავე მხარეს ხეები იდგნენ, საამური სიგრილე იყო ჩამოწოლილი. ვარდებით დაფარულიყო ჭიშკარი, სხვადასხვა ბუჩქებს ზემოდან ერთი დიდი ფუღურო მუხა დაჰყურებდა. მას ათი კაცი ძლივს შემოაწვდენდა ხელებს. კახას გაუკვირდა ასეთი დიდი ფუღრო ხე, შიგნით ორი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა.

ფუღუროს ფარავდა სურო, ლამაზად ასული ხეზე. ბილიკმა ნინო და კახა მიიყვანა ვილამდე. ნინომ კარზე დააკაკუნა სამჯერ, კარი სწრაფად გაიღო და დიდმა, ათლეტური გარეგნობის მოსამსახურე კაცმა თავი დაუკრა ქალბატონს, მან კი რაღაც ანიშნა.

კაცმა კახა სახლში შეიყვანა და სასტუმრო ოთახში ფუმფულა დივანზე დასვა. კახას ცოცხალივით შესცქეროდა დივანზე მწოლი ავაზა. მას კი ჯერ სათამაშო ეგონა, მაგრამ ავაზამ კუდი გააქიცინა და ადგა. კახა გაოცებით უცქერდა. შეშინდა გამოცდილი დეტექტივი. “ახლა რომ მოვიდეს და შემჭამოს ვინ დაუშლისო”

ამ დროს ოთახში შემოვიდა ნინო. ავაზა ფეხებქვეშ გაუგორდა და შინაური კატასავით აკრუტუნდა. მან ტანზე ხელი გადაუსვა და გვერდზე მოისვა.

– ახლავე გნებავთ სხვენის ნახვა ბატონო კახა?

– რა თქმა უნდა, ერთი მითხარით, რაიმე მოწყობილობა თუ გაქვთ დაყენებული?

– დიახ, სიგნალიზაცია მაქვს დაყენებული, მხოლოდ ჩემს მეგობარს თუ დავპატიჟებ, კოორდინატებს ვეტყვი, იქვე დგას პატარა ყუთივით, სადაც მის შემოსვლისას ვრთავთ.

– რითი?

– პატარა გასაღებით. გადავატრიალებთ სპეციალურ ჭრილში და მორჩა.

– მუხამდეა დაყენებული სიგნალიზაცია თუ მუხის იქით?

– მუხამდეა.

– ესე იგი თუ მუხამდე მიხვალ, ხეზე აცოცდები და დიადემას ისვრი, ვერ მოაღწევს არა სხვენამდე?

– არა, ეს შეუძლებელია, სხვენი შორსაა, მაგრამ თქვენც შენიშნეთ, ფუღურო მუხას ებჯინება წვიმის ღარი, იგი დაქანებულია და უერთდება სხვენს, მაგრამ ხემდე მისასვლელად სიგნალიზაციაა ჩართული.

– ჰო! მაჩვენეთ სხვენი.

– მომყევით.

ნინო მოხდენილი მოძრაობით გაუძღვა კახას. სხვენი დიდი იყო და ლამაზი. მას უერთდებოდა მუხიდან ჩამომავალი ღარი.

– სად იპოვეთ დიადემა?

– აი აქ, ამ ღართან.

კახამ გულდასმით დაათვალიერა სიგნალიზაცია.

– სულ ყოველთვის არის ჩართული სიგნალიზაცია ? (სკლეროზი ჭირდა ნეტავ კახას?)

– არა, შუადღისას, 2–დან 3 მდე ვრთავ ხოლმე.

– რატომ?

– ამ საათებში ხშირად მიწევს სიარული, ბაღში გავდივარ და ა.შ.

– ამ დროს შეუძლებელია ვინმემ დიადემა ჩამოაცუროს?

– სრულიად. ბაღში შეიძლება შემოვიდეს ვინმე, მაგრამ ღამემდე ვერავინ ვერ ჩამოაცურებს. ამ საათებში ჩემი მოჯამაგირე მყავს მომაგრებული.

– გასაგებია, მგონი მივხვდი ყველაფერს, დავუცადოთ საღამოს.

ღამე კახა სხვენზე დარჩა. უცებ სრიალი შემოესმა. ასანთს გაჰკრა და ეკლის დიადემა დაინახა, შუქი ფუღუროსაც შეანათა და დაინახა, რომ შიგ ვიღაც შეძვრა. (საოცარია, რომ ეს კაცი ყოველღამე აცურებდა და აცურებდა ამ დიადემებს, სად შოულობდა ნეტავ? )

– ესე იგი შენ იქ იმალები არა? ყაჩაღო, ქურდო.

კახა მივარდა ფუღუროს და იქიდან ცნობილი ყაჩაღი, ლევან აკოშბაია გადმოაბრძანა და ხელ–ბორკილები დაადო.

– აბა, ბატონო ლევან, იქნებ ქალბატონ ნინოს წინაშე აღსარება თქვათ, ვიდრე მილიცია მოვიდოდეს.

– კარგით, თქვენ გამომიჭირეთ, ყველაფერს ვიტყვი. მე ხელში ჩამივარდა ლევან ქობულიძის ჩანაწერი და გადავწყვიტე ნინო შემეშინებინა. შემდეგ მე ჩავიდოდი სხვენიდან სახლში, ავიღებდი მის ძვირფასეულობას და საზღვარგარეთ წავიდოდი, ახლა კი ჩემი ბედი თქვენს ხელთაა.

ნინოს შეეცოდა უბედური, გამოუტანა ძვირფასეულობა და უთხრა:

–წადით საზღვარგარეთ, მებრალებით.

ყაჩაღმა დიდი მადლობა მოახსენდა და სიბნელეში გაუჩინარდა.

– თქვენ კი ჩემო კარგო – უთხრა ნინომ კახას – ამ ამბავის კეთილად დასრულება უნდა ავღნიშნოთ.

დასასრული

უნდა ვაღიარო რომ ასეთი მარაზმული დასასრული მეტი აღარ დამიწერია, მაგრამ აი როგორი კეთილი გული მქონდა,  დავინდე ყაჩაღი, ნინომ კიდევ მთელი თავისი ქონება გაატანა და თან ამ ამბის კეთილად დასრულება უნდა აეღნიშნა. ჭირი იქა, ლხინი აქა თუ რაღაც მსგავსი.

6 thoughts on “ეკლიანი დიადემის წყევლა

  1. 😀😀 შედევრია რა. აბსურდული კომედიაა პატარა.არა ადრე მართლა კინაღამ კუჭი გამისკდა სიცილით და ახლაც კარგად ვიცინე. იფ კარგი იყო😀

  2. ჰაჰაჰა, მაგარია : ))) მეც ვწერდი დეტექტივებს, ოღონდ უფრო ბევრი სისხლები იყო ^_^

  3. მდაა… მართლაც აბსურდული დასარულია ღმერთმანი🙂 რას დაეძებდა ნინო ძვირფასეულობას, თუკი ლევან ქობულაძის ჩანაწერში მოხსენიებული წყევლა არ აუხდებოდა. ამიტომაც გაატანა არა სოფო?🙂 სიცოცხლე უფრო ძვირფასი არაა, ვიდრე ე.წ. ხელის ჭუჭყი? მე ცოტა სერიოზულად მივუდექი ამ თემას.🙂 ლოგიკურად მოაზროვნე იყო ის ნინო და ჭკვიანურად გათვალა ყველაფერი🙂

    • ჰო, მაგრამ თუ შეეძლო ფულიც შეენარჩუნებინა და არც მომკვდარიყო, რა ძალა ჰქონდა?🙂 ამ მოთხრობებშიც რა საცოდავი ვარ ღმერთო ჩემო, ვერც იქ ვინაჩუნებ ფულს🙂

  4. უჰ, შენ გაიხარე🙂🙂 მოჯამაგირე, რომელიც დაცვის ფუნქციასაც ითავსებს, კლასიკაა🙂🙂 “სრიალი შემოესმა” – ესეც მაგარია🙂; ნუ, შენი აღნიშვნები თავისთავად🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s