ნიშნები

იმ დილით ჩემი ძმის ყვირილმა გამაღვიძა, შეშინებული წამოვხტი ფეხზე და მის ოთახში გავვარდი.

– რა ხდება? – ვკითხე გულგახეთქილმა.

– ცუდი წინათგრძნობა მაქვს – მითხრა პოლმა და ფანჯრისკენ მიმახედა – ნახე, ძაღლები უცნაურად იქცევიან.

მართლაც, რამდენიმე ჩვენი ფერმის ძაღლი კარტს თამაშობდა, დანარჩენები ლუდს სვამდნენ და იგინებოდნენ.

– ეს ამათ საქციელს არ ჰგავს, რაღაც საშინელება მოხდება – მითხრა პოლმა და  თავი გაიქნია – ნათესების თავზე ცუდი ღრუბელი ჩამოწვა.

ჩვენი სახლი სიმინდის პლანტაციის შუაში იყო აშენებული. იქიდან იდუმალი შრიალი და ხმაური ისმოდა.

– აქაც ყველაფერი სუფთა არაა –დაეჭვდა პოლი და სიმინდებისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი. ფეხებში რამდენიმე მწვანე კაცი აგვებლანდა, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია, გავედით შუაგულში და გაოცებულები შევდექით.

უზარმაზარ ტერიტორიაზე რაღაც სიმბოლოები იყო გამოსახული, სიმინდები ვიღაცის უხილავ ხელს გაეწვინა დაბლა.

– ნახე, მგონი აქ გულები ხატია – დაეჭვდა პოლი – მგონი ჩვენი სახლი აირჩიეს შემოტევის წერტილად. – კი მაგრამ ვინ არიან?

დიდთვალება მწვანე კაცი გრძელი ხელებით ისევ ყანაში დაბოდიალობდა, ჩვენ სახლში დავბრუნდით და ტელევიზორი ჩავრთეთ.

– მამა, ბიძია, რა ხდება? – გამოვიდა ოთახიდან ჩემი პატარა ძმიშვილი, მარია – ჩემ ოთახში ვიღაც კაცები დაფრინავენ და უცნაურ ენაზე ლაპარაკობენ.

– არ ვიცი შვილო, ჯერ არაფერი არ ვიცით.

ტელევიზორში წამყვანის შეშინებული ხმა გაისმა.

– დღეს დილით უცხოპლანეტელების ხომალდები ჩამოდგა ყველა დიდი ქალაქის თავზე.  მათ ხმამაღლა აქვთ ჩართული საცეკვაო სიმღერები და მაცხოვრებლებს არ აძინებენ. მეგობრებო – მგონი ეს დასასრულია.

ჩვენ ხმამაღლა ვიყვირეთ და კარებების ჩაკეტვას შევუდექით.

– აქამდე როგორ ვერ მივხვდით – თქვა პოლმა – უცხოპლანეტელები…

– აბა შენ გაზის კაცები გეგონეთ? –  დასცინა კედელზე გაკრულმა მწვანე კაცმა, ყურადღება არ მიგვიქცევია.

გარეთ იდუმალი ლანდები ათამაშდა.  შიშით გული გვისკდებოდა. უცებ ოთახში შუქი ჩაქრა. განწირული წივილის ხმა მოისმა.

– მარია, ნუ გეშინია – დავამშვიდე ბავშვი.

– მე არ ვყოფილვარ – მითხრა მარიამ და  მამამისისკენ მიმითითა. პოლმა დაირცხვინა.

ფანჯრიდან ვიღაცამ მწვანე ხელი შემოყო. ვიყვირე და ნაჯახი ჩავარტყი.

– ეეე, მეტკინა დებილო – გაისმა ნაწყენი ხმა და უცხოპლანტელი ხტუნაობით მოშორდა ფანჯარას.

– როგორმე დილამდე უნდა გავაღწიოთ, დილით წავლენ – დაასკვნა პოლმა.

– რა იცი? – ვკითხე დაეჭვებულმა.

– აი, ეს ვნახე – პოლმა ბილეთი გამომიწოდა “დედამიწა–მარსი, 17 თებერვალი, 09 00 ”

წამყვანი აგრძელებდა რეპორტაჟს იმის შესახებ, რომ ხომალდებიდან გადმოვიდა რამდენიმე მოძალადე უცხოპლანეტელი და ძალით ასმენინებდნენ დატყვევებულებს რუსულ სიმღერებს.

საშინელი ღამე იყო, თითქოს დრო აღარ მიდიოდა. ზევით ოთახიდან ხითხითის ხმა ისმოდა. მარიას ოთახში კომპიუტერს იყვნენ მიმჯდრები და რაღაც კინოს უყურებდნენ.

მარიას ჩაეძინა, მე და პოლი დაძაბულები ვიჯექით და ვაჟკაცურად ვიტანდით განსაცდელს.

როგორც იქნა გათენდა.

– აბა, წავედით ძმებო – მოგვაძახეს დამპყრობლებმა და გარეთ დაყენებულ ხომალდს სიგნალიზაცია მოხსნეს.

– როგორც იქნა – ამოიოხრა შვებით პოლმა და მარიას ჩაეხუტა.

– ეეე, გამიშვი ბიჭო.

– უი – პოლმა ჩახუტებული მწვანე კაცი გაუშვა და მძინარე მარიას გადახედა.

იმ დილით ყველა ხომალდმა დატოვა ტერიტორია. მათგან მხოლოდ ჩიფსების ქაღალდები დარჩა. ეს იყო ღამე, როცა ჩვენმა ოჯახმა უცხოპლანეტელების ინტერცენციაში გაატარა.

 

inspired by  signes 2002,  Director: M. Night Shyamalan,  Stars: Mel Gibson, Joaquin Phoenix

also scary movie 3.

 

Advertisements

4 thoughts on “ნიშნები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s