საიდუმლო სასიკვდილო ნახატები

დეტექტივი სკამზე იყო გადაწოლილი და ქანაობდა, თან ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც უამრავი კარეტა დაქროდა. შუქნიშანი ძლივს აკავებდა მათ ტალღას.

– ბატონო გარლოკ, თქვენთან სტუმარია – შემოვიდა წვერებიანი მოახლე ქალი – შემოვუშვა?

– ცხვირი აქვს ? – იკითხა შთაგონებული სახით გამომძიებელმა.

– დიახ.

– ე.ი ადამიანია. შემოუშვით.

ოთახში ბოტსონი შემოვიდა. ხელში დიდი დურბინდი ეჭირა.

– რა ხდება ექიმო ბოტსონ?

– კლიენტი მოგიყვანეთ დეტექტივო.

– ცხვირი აქვს?

– არ ვიცი – დაფიქრდა ბოტსონი – მგონი აქვს.

– შემოიყვანეთ.

ოთახში მანდილოსანი შემოვიდა, გრძელი კაბა ეცვა და სახეზე პირბადე ჰქონდა ჩამოფარებული. შეშინებული ჩანდა.

– რა ხდება მადმუაზელ – იკითხა გარლოკმა და ცხვირში ხელი შეიყო.

ქალმა ჩანთიდან წერილი ამოიღო.

– აი, დღეს დილით რომ ავდექი, კარებში დამხვდა.

– აბა მაჩვენეთ – ბოტსონმა დურბინდი მოიმარჯვა და დახედა – ოოო, ღმერთო – შეიცხადა და შუბლზე ხელი მიიდო.

– რა არის მანდ ასეთი დოქტორო ბოსტონ? – აუღელვებელი ტონით იკითხა გარლოკმა, თან ფანჯრიდან თვალს ადევნებდა, როგორ აჯარიმებდნენ კარეტის მძღოლს სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

– აქ რაღაც დემონური ნახატებია დეტექტივო.

– ოო, ეს უკვე სერიოზულია, რაღაც ზომები უნდა მივიღოთ. თქვენ კატა გყავთ?

– არა.

– აჰა, მაშასადამე ძაღლი გყავთ.

– რატომ ფიქრობთ ასე?

– ჩემს კარებში რაღაც ცხოველი მოყოლილი და უცნაურ ხმებს გამოსცემს.

– ოო, ღმერთო, ტოტო – წამოიჭრა ქალი და ძაღლი გაათავისუფლა – ისე ვარ შეშინებული, ჩემი საყვარელი ძაღლიც კი დამავიწყდა,

– ძაღლი ვერაფერში დაგვეხმარება – გარლოკმა ის ფანჯრიდან მოისროლა – სჯობს სერიოზულ თემებზე დავფიქრდეთ. ვინმეს უნდა თქვენი მოკვლა მადამ?

– არ ვიცი, ჩემს ქმარს, მის საყვარელს, ჩემს ბიძაშვილს და მის ცოლს, ჩემს მეზობლებს, დედაჩემს, ბიჭს მაღაზიიდან, მეტს ვერ ვიხსენებ…

კარებში თავი ყაყანით შემოყვეს კაცებმა.

– და კიდევ ამათ – დაიმორცხვა ქალმა.

– მდაა… საინტერესოა, თან ძალიან – გარლოკმა მოსამსახურე ქალს დაუძახა – სარა, ჩემი ბალერინის კაბა მოამზადე, გარეთ გავდივარ.

კარეტა დაბლა ელოდებოდათ. ცოტა ხანში ლიდიას სახლში იყვნენ.

– ბავშვები გყავთ ლიდია ? – იკითხა გარლოკმა და ზედ ახოხებული რამდენიმე ბავშვი ჩამოიბერტყა.

– არა, ეს ჩემი ქმრისებია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ახლავე მოვიშორებ.

ლიდიამ ბავშვები ნაგვის ურნით ახვეტა.

– უკვე საღამოა ლიდია, საინტერესოა რა მოხდება, ჩემთან ერთად არ შეგეშინდეთ, თუ რამეა, ჩემი პისტოლი აქ მაქვს.

გარლოკმა ჯიბეები მოიჩხრიკა და იქ ვარდისფერი ბრჭყვიალა ქლიბის მეტი ვერაფერი ნახა.

– არა უშავს, ესეც გამოგვადგება – აღარ გაიტეხა იხტიბარი.

დაძაბულობა მატულობდა. კუთხეში მდგარ ორღანზე ფილმის კომპოზიტორი უკრავდა, სანამ არ მობეზრდათ და არ ააფეთქეს.

– იქნებ ტყუილად შევშფოთდით? – ბალერინას კაბა შეისწორა დეტექტივმა და საათს დახედა.

– დედა, დედა – ჭყვილით შემოვარდა ულვაშებიანი კაცი და ლიდიას ეტაკა.

– აკი შვილები არ მყავსო? – წარბშეკვრით იკითხა გარლოკმა.

– უი, ეს აღარც მახსოვდა, პირველი ქმრისგან მყავს. რა ხდება დედიკო?

– მე შენ სურათი რომ დაგიტოვე დილით ნახე? ლამაზი ნახატებით, შენთვის დავხატე მე…

გარლოკმა და ბოტსონმა ერთმანეთს გადახედეს.

– ჰმ, ეშმაკმაც დალახვროს, მერამდენედ მომდის ეს?  წავიდეთ ბოტსონ, ტყუილად გამოვტოვეთ სასოწარკვეთილი დიასახლისების სერია.

ბოტსონი და გარლოკი გედების ცეკვით გავიდნენ სახლიდან.

– ესეც ასე – ჩაიხითხითა ულვაშებიანმა  და ლიდია ნაღმზე ააფეთქა, მერე მისი მთელი ქონება მოხიკა და გაიქცა, მაგრამ კიბეებზე გარლოკის დაგდებულ ქლიბზე ფეხი აუცურდა და მოკვდა.

– გარკოლ ჯომსის სხვა ისტორიებს მოგვიანებით შეიტყობთ – ინტრიგულად ჩაილაპარაკა დეტექტივმა და ვარდისფერი, ფუმფულა ხალათი მოიხურა, მერე ბოტსონთან ერთად საბანში გაეხვია და ნაყოფიერი დღით კმაყოფილმა ტკბილად დაიძინა.

 

პ.ს წავედი ახლა, ბადრის დის დაბადების დღეზე მივდივარ, თმები უნდა დავიხვიო.

 

Advertisements

One thought on “საიდუმლო სასიკვდილო ნახატები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s