კიდევ ერთი კონკიას ისტორია

გუშინ შემთხვევით ტელევიზორში “ოცნების ქალაქს” მოვკარი თვალი და გამეცინა. რა გვეშველებოდა, რომ არ არსებობდეს ასეთი მარტივი ფორმულა სახელწოდებით “კონკიას სინდრომი”, რომელსაც რომანტიული მელოდრამების 80% იყენებს.

ამ შემთხვევაში ქართულ კინემატოგრაფიაზე არ ვაპირებ დაწერას, რადგან ასეთი ჟანრის ფილმი სულ რამდენიმე მოიპოვება სულ ალბათ, სამაგიეროდ ჰოლივუდი უხვად საზრდოობს  და ბოლომდე წურავს ერთ უწყინარ საბავშვო ზღაპარს კონკიას შესახებ.

შინაარსის ფორმულა მარტივია – გოგო/ბიჭი ღარიბია/მდიდარია, უყვარდებათ ერთმანეთი და რამდენიმე წინააღმდეგობის მერე (ბოროტი დედინაცვლის/მკაცრი მამის/ შურიანი დაქალის) რა თქმა უნდა ჰეფი ენდით მთავრდება.

ამ შინაარსის იმდენი ჰოლივუდური ფილმი მაქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ თქვენც, რომ შემიძლია ზუსტად განვსაზღვრო რა და როდის მოხდება, ჩემთვის უკვე ფინალიც ცნობილია ხოლმე და მოვლენების განვითარების ქრონოლოგიაც. მართალია ხშირად კარგი მსახიობების ჯგუფით და რეჟისურით სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ნელ–ნელა კარგავს აქტუალურობას.

დავიწყოთ ჩვენი რომანტიული მელოდრამა კიდევ ერთი კონკიას ისტორიის სტილში. რამდენიმე ვარიანტად რა თქმა უნდა, ასე კი არ უჭირს ჰოლივუდს.

შესავალი

1. ჯონი ღარიბი ბიჭია, ბარში მუშაობს მიმტანად, ცხოვრობს სარდაფში, სადაც თავისი პატარა სტუდია აქვს მოწყობილი. არის წარუმატებელი  მხატვარი/მომღერალი/მწერალი/მოცეკვავე.

ჰყავს რამდენიმე მეგობარი, სამსახურის მერე მათთან ერთად სვამს და იცინის. კადრები გამამხნევებელი მუსიკის ფონზე მთლიან დღეს ფეიდ აუთით გვიჩვენებს, როგორ დგება, იცმევს, ჭამს, მიდის სამსახურში, მერე მოდის და დაღონებული მზერით იყურება ფანჯარაში. მისი ცხოვრება უაზროა.

ელი მდიდარი გოგოა,  ან არსად მუშაობს, ან აქვს საკუთარი საქმე, დიზაინერია, ჰყავს მდიდარი და მკაცრი მამა, დედა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ყოველთვის მოდურად აცვია და ძვირფასი მანქანით დადის. რამდენიმე დაქალი ჰყავს, ისინიც მდიდრები და მათ ყოველთვის კაცებთან აქვთ პრობლემა, ვერ პოულობენ ნამდვილ სიყვარულს. ელის ასევე ჰყავს თაყვანისმცემელი, რომელიც მოსწონს მამამისს და უნდა რომ მასზე გაათხოვოს.

2. ელი ღარიბი გოგოა, უდედმამო, ჰყავს დედინაცვალი, რომელსაც არ უყვარს და თავის შვილებს მეტ ყურადღებას აქცევს. მუშაობს მიმტანად ბარში. კადრები სწრაფად გადადის  და ნაღვლიანი მუსიკის ფონზე ჩანს როგორ მუშაობს მთელი დღე ელი, მერე დაღლილი წვება და ჭერს უყურებს. მისი ცხოვრება უაზროა.

ჯონი მდიდარი ბიჭია, დიდ ვილაში ცხოვრობს, უამრავი გოგო ჰყავს. დილით ქერათმიან ნაშასთან იღვიძებს, რომლის სახელიც არ ახსოვს, მერე მიდის ბარში და სვამს ან მეგობრებთან ერთად ერთობა.

განვითარება

1. ღარიბი ჯონი და მდიდარი ელი ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან ან ბარში, სადაც ჯონი მას სასმელს მიუტანს, ელის დაქალები კი დასცინიან ღარიბული ტანსაცმლის გამო, ან ჯონი ელის წვეულებაზე მოხვდება ოფიციანტად და შემთხვევით სასმელს გადაასხამს ელის ძვირფას კაბას. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდება და ამ დროს რომანტიული მუსიკა ედება ფონად, სასურველია შენელებული კადრებიც.

ისინი ჩუმად იწყებენ შეხვედრებს, რომ ელის მამამ არ გაიგოს. რადგან ჯონის ფული არ აქვს, ელი თავის საზოგადოებაში მიჰყავს, სადაც ისინი უბრალო საჭმელს ჭამენ, მაგრამ ერთმანეთის საზოგადოებით ტკბებიან და  ელი სწორედ ამ უბრალოებით მოიხიბლება (აქ შეიძლება გმირული მუსიკაც დაედოს) შემდეგ ჯონის პარკში მიჰყავს სადაც ქუჩაში ცეკვავენ და სხვადასხვა სიგიჟებს ჩადიან. ელი ხვდება, რომ ფულის გარეშეც ცხოვრება მშვენიერია (ვიმეორებთ გმირულ მუსიკას)

2. მდიდარი ჯონი ძმაკაცებთან ერთად მიდის ბარში/წვეულებაზე/გამოფენაზე, სადაც ელი მიმტანი ან მოსამსახურეა. მოუქნელი ელი მას სასმელს/საჭმელს/ნავთს გადაასხამს, გაბრაზებული ჯონი ბრუნდება და როცა ულამაზეს მორცხვ გოგოს ხედავს, ბრაზი უქრება. მუსიკის ფონზე ის დიდხანს უყურებს თვალებში და უყვარდება.

ჯონის ელი სახლში მიყავს, მაგრამ მისი მდიდარი და ამაყი დედა არ იღებს ღარიბ ელის და სახლიდან აგდებს. შეურაცხყოფილი ჯონი მოკიდებს ელის ხელს და მიჰყავს ყველაზე ძვირ მაღაზიებში, ყიდულობს მისთვის ტანსაცმელს და სამკაულებს, რომ თავი ნამდვილ პრინცესად იგრძნოს (ამაღელვებელი მუსიკა, კამერა კი ნელ–ნელა ზევით იწევა, ისე რომ მხიარულად მიმავალი წყვილი  უფრო და უფრო შორს ჩანს)

კულმინაცია

1. მდიდარი ელი იგებს, რომ ღარიბი ჯონი მას რაღაცას უმალავდა. ის იმიტომ გაიცნო, რომ თავისი კარიერისთვის  მამამისის ხელშეწყობა სჭირდებოდა/წარსულში ელიმ მისი კატა მოკლა/სანიძლაო ჰქონდა დადებული – მაგრამ მერე მას ელი შეუყვარდა. ელი ამას ვერ პატიობს და მისგან მიდის. სევდიანი მუსიკის ფონზე აჩვენებენ როგორ გადის დღეები და ელი ბალიშს ჩახუტებული ტირის და მთელს დღეებს საწოლში ატარებს, ჯონი კი სვამს და წვერებს იზრდის. ეს დაახლოებით ის ვარიანტია რიჩარდმა ხელოვნური წვერები რომ მიიწება და მარკერით პრესები დაიხატა.

2. მდიდარი ჯონი იგებს, რომ ელის მამა მამამისმა გააკოტრა/ ცოლი წაართვა/ გაამელოტა – და ელის შურისძიება უნდოდა, მაგრამ მერე შეუყვარდა ჯონი. ჯონი ამას ვერ პატიობს და შეურაცხყოფილი მიდის. ელი მისდევს წვიმაში/თოვლში/ქარში, მაგრამ ჯონი არ ჩერდება.

ისევ ფეიდ აუთი და ჩქარა გაყვანილი რამდენიმე კვირა ან თვე. მათ ერთმანეთი ენატრებათ.

დასასრული

1. ჯონი მიაღწევს წარმატებას თავის საქმიანობაში და გახდება ცნობილი. ის თავის წარმატებას რომელიმე ცნობილ ტელეშოუში, ან კონცერტზე, ან დიდ წვეულებაზე ელის მიუძღვნის და სიყვარულს უხსნის. ელი ამ დროს სხვაგანაა და ტელევიზორიდან/კულისებიდან უჩუყდება გული.

ელი შენელებული კადრებით გარბის. მას არ უშვებენ, მაგრამ დაუსხლტება ხელიდან დაცვას და შერბის ჯონისთან. ჯონი ფეხზე წამოიჭრება და გაოცებული იკითხავს “ელი, ეს შენ ხარ?” ელი მორცხვად დახრის თავს და ეტყვის “ჯონი, მე შენ ყველაფერი გაპატიე, მეც მიყვარხარ”.

ისინი ერთანეთს კოცნიან. ჯონი მას ხელში აიყვანს და ატრიალებს. ხალხი ტაშს უკრავს, საუკეთესო მეგობრები კი ზოგი იქვე, ზოგი ტელევიზორთან ცრემლებს იწმენდავენ. მკაცრ მამასაც კი ულბება გული.

თუ ეს ფილმი ძალიან ბანალურია, ტიტრებთან ერთად აჩვენებენ მათი ქორწილის კადრებს, ბევრ ყვავილებს და რომანტიულ სცენებს.

2.  ღარიბი ელი, რომლსაც ფრენის/სიმაღლის/სცენის შიში აქვს, სიყვარულის გამო სძლევს ამ შიშს და სხვა ქვეყანაში მიმავალ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ჯონის ტრაპის ბოლო საფეხურზე შენელებულად დადგმულ ფეხს გაუყინავს შეძახილით “ჯონი, არ წახვიდე, მე აქ ვარ”

ჯონი გაოცებული იხედება და ხედავს ელის, რომელიც  ამწეზეა შემდგარი და ბევრ ხალხში ყვირის, რომ უყვარს. ჯონი ჩემოდანს დააგდებს და მორბის, ელის გულში ჩაიკრავს და ეჩურჩულება, რომ არასდროს არ დატოვებს მარტო.

თუ ფილმი კიდევ უფრო ბანალურია, მაშინ ტიტრებთან ერთად აჩვენებენ რა მოხდა ათი წლის შემდეგ, ელის და ჯონის 14 შვილი როგორ დარბის ეზოში, როგორ მოიგო ღარიბმა ჯონიმ ლატარეაში 5 მილიონი დოლარი და მერამდენედ გათხოვდა ელის შინაბერა დაქალი.

happy end

ამას რომ ვწერდი, იმდენი ფილმი გამახსენდა, იმდენი რომ ტვინი მეტკინა. ეს დაახლოებით ისეთ ვარიანტია, როცა სტიუი გრიფინი დაწერს სიმღერას სახელად სიუზი. ამ დროს მოვა ბრაიანი, მისი ძაღლი და ეტყვის, რომ სიმღერა გოგოს სახელით ძალიან ბანალურია და ასეთი სიმღერა მილიონია დაწერილი. სტიუი სთხოვს ჩამოუთვალოს რამდენიმე მათგანი:

go f*** yourself😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s