ლეგენდა მაქციაზე

მთავარი მაგისტრალი უკან დარჩა.

შეჩერდა და გზას თვალი მოავლო.

არსებობდა ორი ალტერნატივა სახლში მისასვლელად. პირველი: უნდა გაყოლოდა გზას, რომელიც რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით ქალაქში შეიყვანდა და მეორე, ტყეზე გადაეჭრა.

ეს გაცილებით მოკლე გზა იყო, ვიდრე პირველი და ცოტნეც არჩევნის წინაშე დადგა.

ტყე არც ისე ბნელი და უღრანი ჩანდა, როგორც ეს პირველი შეხედვისას ეგონებოდა ადამიანს. ადრე იქ ნამყოფი იყო და გზაც ასე თუ ისე ახსოვდა. ქურთუკი ბოლომდე შეიკრა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელი ნაბიჯებით გაუყვა დათოვლილ გზას. ცივი ჰაერი ფილტვებში ხმაურით ჩასდიოდა და სხეულს უყინავდა, მაგრამ ჯიუტად განაგრძობდა.

ხეები უძრავად იდგნენ, თეთრ და გამჭვირვალე სუდარებში გამოწყობილები. “ხეების სასაფლაო” გაუელვა თავში და ერთი წუთით ხეები გარდაცვლილებს შეადარა, რომლებიც ჭირისუფლებს ელოდნენ. შეაჟრჟოლა და თავი გაიქნია ცუდი აზრების მოსაშორებლად.

საშინლად ყინავდა. ალაგ-ალაგ თოვლი შეთხელებულიყო და ყინულზე ფეხი უცურავდა. ნელა მიიკვლევდა გზას და ცდილობდა არ წაქცეულიყო. ღრუბლებიდან მთვარე გამოვიდა და გადამხმარი ხეების სასაფლაოს ზევიდან დახედა.

მეჩხერად მდგარი მცენარეები და მოტეხილი ტოტები მკვდარი ჩიტებივით ეყარნენ აქეთ-იქით. მთელ ტყეს დღის შუქი მოჰფენოდა.

“მგონი ჯობდა მთავარი გზით წავსულიყავი”

გაიფიქრა და ძარღვებში სისხლი გაეყინა. შიში ნელ-ნელა გაუჯდა სხეულში და თითოეულ უჯრედს დაეუფლა. კანზე ბუსუსებმა დააყარა. სიცივე და შიში ერთდროულად უღებდა ბოლოს.

“არ უნდა წამოვსულიყავი”

გაიფიქრა კიდევ ერთხელ და ინანა.

“მთავარია არ შემეშინდეს”

უკვე ეშინოდა, ძალიან ეშინოდა. ნაბიჯს აუჩქარა. ფეხქვეშ თოვლი გულისგამაწვრილებლად ხმაურობდა. ხეების დაკვრანჩხული ტოტები საზარელ ხელებად და ადამიანებად ელანდებოდა.

“სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო”

“სულ ცოტა დარჩა, მალე სახლში ვიქნები”

სუნთქვა შეიკრა და ცდილობდა უხმაუროდ გადაედგა ნაბიჯები. რატომღაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს თავის თავს შორიდან ხედავდა, როგორ მოაბიჯებდა აბუზული, კაშნშემოხვეული მამაკაცი ფრთხილი ნაბიჯებით და შიშისგან გაფართოებული თვალებით.

“ალბათ სახლში ისევ ცივა. როგორც ყოველთვის ცივა ხოლმე. ისევ თოვს…”

მსუბუქი და ფარფატინა, თეთრი ფიფქები ახლა ისე მძიმედ აწვებოდა მხრებზე, თითქოს ქვესკნელში უნდოდათ მისი ჩატანა. ახლა უკვე მესამედ იფიქრა რომ არ უნდა წამოსულიყო და მესამედ ინანა.

შორიდან ყმუილი მოისმა. ყმუილს თოვლის ხრაშა-ხრუში დაერთო. მიხვდა, რომ მისკენ რაღაც გამალებით მორბოდა. ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და გაჩერდა.

ტოტების ლაწა-ლუწი გრძელდებოდა. გამძვინვარებული არსება გაცოფებით მოარღვევდა ხეთა რიგს. მთვარეს ახედა. მთვარემ პირი იბრუნა. მარტო დატოვა თავის გასაჭირთან.

ხმა უკვე ახლოს იყო, სულ ახლოს. სადღაც გაეგო სიკვდილის წინ შენი განვლილი ცხოვრების კადრები თვალწინ ჩაგივლისო. ახლა იდგა და ამ კადრებს ელოდა. აღარაფერზე ფიქრობდა. უნდოდა რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ყველაფერი.

უზარმაზარი, რუხი მგელი ბოროტი, წითელი თვალებით. აი რა უნდა ყოფილიყო მისი აღსასრული. თვალები დახუჭა. სიკვდილის სული იგრძო და ნესტოებში გამაღიზიანებლად შეუღიტინა. მგელი შეახტა და წააქცია. ინატრა უმტკივნეულოდ მომკვდარიყო. იგრძნო როგორ ჩაესო ბასრი კბილები კისერში და გაყინულ სხულზე როგორ გადმოეღვარა თბილი სისხლი.

უცნაურია, მაგრამ აქამდე არასდროს შეუმჩნევია როგორი სუნი ჰქონდა საკუთარ სისხლს. უნდოდა მეოთხეჯერაც ენანა აქ წამოსვლა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მგლისფერ ბინდში გაცურდა…

სადღაც გაეგო სიკვდილის მერე გრძელ გვირაბს დაინახავო. იწვა და ამ გვირაბს ელოდა, მაგრამ ამაოდ. გვირაბი არ ჩანდა. დამძიმებული ქუთუთოები ასწია. ცოცხალი იყო, ერთიანად საკუთარ სისხლში მოსვრილი, მაგრამ ცოცხალი. წამოიწია და იქაურობას თვალი მოავლო.

მგელი არ წასულიყო. ისევ იქ იდგა და სისხლიანი ყბებით შესცქეროდა.

“არ უნდა მაშინვე მომკლას, მათამაშებს, როგორც კატა თაგვს”

გაფიქრება და მგლის ამოყმუვლება ერთი იყო. მხეცმა საბრალობლად შეყმუვლა მთვარეს და უკან დაიხია, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. თვალები ჩაქრობოდა და ძველი სიმხეცის ნატამალიც არ ეტყობოდა.

ახლა ის იყო ერთი ჩვეულებრივი, შეშინებული ცხოველი, რომელსაც ადამიანისაც კი ეშინოდა. ცოტნემ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ მგელმა კუდი ამოიძუა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. ჭრილობაზე ხელი მოისვა. სისხლი კვლავ ჟონავდა, მაგრამ სასიკვდილო ნამდვილად არ იყო. გაჭირვებით აითრია სხეული და გზას ბარბაცით გაუყვა.

 

გაგრძელება იქნება

3 thoughts on “ლეგენდა მაქციაზე

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s