the thief of love

სამსახურიდან დაბრუნებულმა სახლის კარები შევაღე, ბნელოდა და ლამის სკამს წამოვკარი ფეხი. შუქი ავანთე თუ არა, დავინახე საცოდავად ერთ ადგილს შეყინული შავტანსაცმლიანი მამაკაცი.

– ქურდი – გავიფიქრე მაშინვე და თვალწინ წარმომიდგა წამების სცენები, რომელიც წინ მქონდა, თუ ოქროულს და ფულს არ გამოვუტანდი, არადა არც ერთი მქონდა არც მეორე.

ქურდმა გაუგებრად წაილუღლუღა რაღაცა. ადგილიდან არ გავნძრეულვარ. იქნებ სექსუალური მანიაკია, ვინ იცის.

– არ იყვირო – მითხრა და სკამზე მიმითითა – დაჯექი.

დავჯექი. ყველაფერს შევუსრულებ რასაც მეტყვის.

მიიხედ–მოიხედა, თოკის მაგვარს ეძებდა.

– საწოლზე ჩემი შარფია – ვუთხარი მორჩილად. საწოლისკენ წავიდა, მაგრამ ფეხი წამოკრა რაღაცას და დაბლა გაიშხლართა. უკმაყოფილო ბურტყუნით წამოდგა და ისევ სერიოზული სახე მიიღო.

ხელები დამიბა.

– ასე ხომ არ გტკივა? – მკითხა მზრუნველად.

გულმა ვეღარ მომითმინა.

– უნდა მომკლათ? – შევღნავლე საწყლად.

– თუ მივიღებ იმას, რაც მინდა, არაფერს დაგიშავებ – ძალით გაიმკაცრა ხმა, მაგრამ სასაცილოდ გამოუვიდა და თვითონაც მიხვდა. ჩაახველა.

– ფული არ მაქვს.

– შენი ფული არ მჭირდება, ფული იმდენი მაქვს აქეთ მოგცემ.

გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ეს რანაირი ქურდია, ფული რომ არ უნდა?

– მე სიყვარულს ვეძებ – აუკანკალდა ხმა და ნიკაპი.

– მერე რაღა ჩემს სახლში ეძებ სიყვარულს ადამიანო? – მომეშალა ნერვები.

– შენით არ დამიწყია, ბევრი სახლი მოვიარე, ვერსად ვნახე… – ქურდმა საცოდავი თვალები ზევით აღაპყრო.

– გამიშვი და გააგრძელე ძებნა, აუცილებლად იპოვნი – შევპირდი მე.

– ჩუმად! – მიყვირა და ისევ არ გამოუვიდა სიმკაცრე.

მივხვდი არ ღირდა გაცვეთილი ფრაზების გადმოღვრა, რომ სიყვარული თვითონ გიპოვნის, მისი მოპარვა არ არის საჭირო და ა.შ.

ქურდმა დაკვირვებით მოათვალიერა ყველა კუთხე კუნჭული, მეც გამჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი ნახა.

– მაინც რას ეძებ, როგორი გგონია სიყვარული ? – ვკითხე ოდნავ ირონიულად. ვერ მიხვდა ჩემს ტონს.

– წითელი და მფეთქავი – მიპასუხა მიამიტურად.

– აქ არაფერია ასეთი, ახლა გამიშვი.

ქურდმა რამდენიმე ცრემლი კიდევ ჩამოღვარა და ხელები გამიხსნა.

– ბოდიში – მითხრა და ფანჯარასთან მივიდა.

– გააგრძელე პოვნა, ვინც ეძებს ის პოულობს – დავმოძღვრე მე.

– რა ბანალური ხარ – დამცინა უჩვეულო ქურდმა და სიბნელეში გაუჩნარდა.

2 thoughts on “the thief of love

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s