შავი მაგია

შავ ლაბადაში გახვეული კაცი სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა. ხელში სქელი წიგნი ეჭირა. წიგნი მჭიდროდ ჰქონდა გულზე მიკრული, თითქოს ეშინოდა არავინ წამართვასო. აქეთ–იქით შიშით იხედებოდა.

მოსახვევში შეუხვია და შვებით ამოისუნთქა. ნაბიჯს შეუნელა.

ზურგში ძლიერი ტკივილი იგრძნო და გულზე ხელი იტაცა. სისხლიანი ჰქონდა. გაკვირვებული დაეცა დაბლა.

ქალმა ხანჯალი გამოაძრო, წიგნი ხელებიდან გაათავისუფლა და ჩანთაში ჩაიდო. სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა.

ტყეში შევიდა, გარბოდა რაც შეეძლო ისე სწრაფად. წინ ადამიანის სილუეტი დაინახა.

თეთრწვერა ჯადოქარმა ხელებიდან ცეცხლი გამოუშვა და ქალი ადგილზე დაფერფლა, მაგრამ იქამდე ჩანთა თავისთან მიიზიდა.

რამდენიმე გაუგებარი სიტყვა ჩაიბურტყუნა და სხვა ადგილზე აღმოჩნდა. დიდ სასახლესთან იდგა. სასახლეს მეომრები იცავდნენ. წიგნი მოსასხამში დამალა და სათნო სახით ჭიშკართან მივიდა.

– შეუშვით – ბრძანა მცველმა და კარები გააღო, მაგრამ სანამ ჯადოქარი იქ შევიდოდა, შეუმჩნევლად ამოაცურა წიგნი. ჭიშკარი საიმედოდ ჩაკეტა და უკან მოუხედავად მოკურცხლა.

ციდან ფრთების ხმა მოისმა. ზევიდან მფრინავი ცხენი დაეშვა. პეგასმა წააქცია მეომარი და ჩლიქებით ზედ შედგა, მერე კბილებით წიგნი აიღო და გაფრინდა.

პეგასს გზაში ისარი დააწიეს, დაჭრილმა ცხენმა ფრენა ვეღარ განაგრძო და წიგნი ჩამოუვარდა. გახარებულმა ჯუჯამ წიგნი ჩაიხუტა და მიწაში გაკეთებულ სოროში ჩაძვრა.

სოროში შუქი აანთო და ხარბად გადაფურცლა წიგნი. სოროდან ამომძვრალმა ოპოსუმმა მწარედ უკბინა ხელზე და წიგნი გაარბენინა.

საუკუნეების მანძილზე მოგზაურობდა ეს წიგნი ხელიდან ხელში, ეწირებოდა ადამიანების და ცხოველების სიცოცხლე,  ბოლოს კი ხელში ერთ სტუდენტს ჩაუვარდა, შემთხვევით იპოვნა, როცა უნივერსიტეტის ეზოში უსაქმურად იყო წამოწოლილი და სიგარეტს ეწეოდა.

– ეს რაღა ჯანდაბაა – ჩაიბურტყუნა და გაჭირვებით ამოიკითხა – “შავი მაგია, გამოყენების წესები”

– ბლინ, აქ ხომ წესიერს ვერაფერს ნახავს კაცი – შეიგინა სტუდენტმა და წიგნი ხმელი ფოთლებისგან დანთებულ კოცონში მოისროლა.

 

3 thoughts on “შავი მაგია

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s