დრავილონი – ჩაკეტილი ქალაქი

პატარა, შავი კატა უზარმაზარ, რკინის ჭიშკრის ქვეშ მოხერხებულად გაძვრა და სწრაფად გაიქცა. თითქოს ეს იყო ერთადერთი მოძრაობა ამ ცოცხლად გაყინულ სურათში.
რკინის ჭიშკარი, რომელიც რამდენიმე მეტრის სიგრძეზე იყო გადაჭიმული, უერთდებოდა მაღალ, ბეტონის კედლებს, რომლებიც საიმედოდ იცავდნენ ქალაქს. ჭიშკარი ოდნავ შეღებული იყო, თითქოს სპეციალურად დაეტოვებინათ ვინმესთვის.


განმარტოებით მდგარი აბრა მტვერს დაეფარა. თუ კარგად დააკვირდებოდით, შესაძლებელი იყო ნახევრად გადაშლილი და გაცრეცილი ლათინური ასოების გარჩევა _ D R A V I L O N
ჭიშკრის შიგნით ყველაფერი ერთ ადგილზე გაყინულიყო. მხოლოდ ოდნავი ნიავი ქროდა და გამხმარ ფოთლებს აშრიალებდა. ცას მუდმივი ღრუბელი გადაფარვოდა და ავისმომასწავებელი ბინდი იდგა, როგორც წვიმის წინ. ალაგ-ალაგ ჭექა-ქუხილის ხმა მოაღწევდა ხოლმე ქალაქამდე და თვალისმომჭრელი ელვაც წამიერად მოხაზავდა სახლების კონტურებს, მაგრამ წვიმა იშვიათად მოდიოდა.


დრავილონის თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი სწორი გზა მიუყვებოდა. ამ გზის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე სახლები იყო ჩამწკრივებული, ორსართულიანი ქვითკირის სახლები, ზოგგან გამურული და ჩამონგრეული, რომლებიც საშინლად პირქუშად გამოიყურებოდნენ. ეზოები გადამხმარი და გადამწვარი იყო. აქ ვერ ნახავდით ვერც მწვანე ბალახს და ვერც ყვავილებს. აქა-იქ ფოთლებგაცვენილი ხეები იდგნენ და ტოტებჩამოშვებულები სამუდამო ძილს მისცემოდნენ.


ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ დრავილონი ადამიანებისგან დიდი ხნის მივიწყებული და მიტოვებული ადგილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი საპირისპიროს შეამჩნევდა.
დრავილონში  რამდენიმე  ოჯახი ცხოვრობდა. ფანჯარაში ხანდახან გაიელვებდა ხოლმე მათი ფერმკრთალი სახეები. ძალიან იშვიათად კი შეიძლება ქუჩაში მიმავალი დრავილონელი გამოჩენილიყო შავი პალტოთი.
ქალაქის ბოლოს, სადაც მთავრდებოდა გზა და შენობები, აღმართული იყო პატარა კოშკი. ეს კოშკი თავისი აგებულებით უცნაურ კონსტრუქციას წარმოადგენდა. იწყებოდა ვიწრო ფუძით და ზევით ძაბრისებურად იშლებოდა. კოშკს გარშემო ჭიშკარი ევლებოდა. მაგრამ შესასვლელისგან განსხვავებით, ეს საიმედოდ იყო ჩაკეტილი.


თუ ყურს კარგად მივუგდებდით, კოშკის რომელიღაც წერტილიდან მოგუდული ქვითინის ხმას გავიგონებდით, რომელიც ნიავს მოჰქონდა.
ქალაქის შუა ნაწილში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე, რომელიც მინებით იყო გაკეთებული, მოჩანდა ძველებული ხის სკამები და მაგიდები. ქუჩის მხარეს ორი მამაკაცი იჯდა. ორივეს ფერმკრთალი სახეები და გაყინული გამოხედვა ჰქონდათ. წინ მაღალი ჭიქები ედგათ და დროგამოშვებით სვამდნენ, თან ხმადაბლა საუბრობდნენ.
ეს იყო დრავილონი _ ქალაქი, საიდანაც არავინ გადიოდა და შემოდიოდა, ქალაქი, რომელიც გარესამყაროს მოწყვეტოდა და თითქოს არც არსებობდა, მაგრამ ამავე დროს ბევრ საიდუმლოს ინახავდა.

3 thoughts on “დრავილონი – ჩაკეტილი ქალაქი

    • ეს იდეაში მთელი რომანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჰპოვა გაგრძელება, სხვა იდეაზე გადავერთეთ🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s