დაწყევლილი სასტუმრო

რამდენიმე კვირის მოგზაურობის შემდეგ თავი თოვლიან ადგილზე ამოვყავი. ამ სოფელში ორი–სამი სახლი იყო სულ, იქაც არავინ ცხოვრობდა, სამაგიეროდ დიდი და ძველებური სასტუმრო იდგა, სადაც ჩემნაირი მოუსვენრებისთვის ყოველთვის იქნებოდა ადგილი.

ზურგჩანთა მოვიგდე და კარები შევაღე.  სიძველის სუნი მეცა. მაგიდასთან მივედი და ზარი დავრეკე.

– რა გნებავთ? – ლოგიკური კითხვა დამისვა სათვალეებიანმა მოხუცმა  კაცმა და გაჭირვებით წამოდგა.

– ერთი ღამით მინდა ოთახი ბატონო.

კაცმა კარგად შემათვალიერა.

– დარწმუნებული ხარ შვილო, რომ აქ გინდა გაჩერება? აქ არავინ ჩერდება.

– რატომ? – დავინტერესდი.

კაცმა ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა.

– აქაურობა დაწყევლილია შვილო, აქ ერთი ღამეც არავის გაუძლია, ასი წლის წინ აქ დიდი ტრაგედია მოხდა… სულები ვერ ისვენებენ.

ეჰ, საწყალი, შემცდარა ჭკუიდან, ვიფიქრე და ზრდილობიანად გავუღიმე.

– მე არ მეშინია ბატონო მოჩვენებების, მთავარია ასეთ თოვლში ღამე გარეთ არ დავრჩე. მომეცით ნომერი, გადაგიხდით ფულს.

კაცმა ხელის კანკალით ჩამოხსნა გასაღები და მომცა.

– შენ თუ ხვალემდე აქ გაძლებ – მითხრა – ხვალ მე თვითონ მოგცემ ფულს.

ჩანთა მოვიკიდე და კიბეებს ავუყევი. ისეთი გარემო იყო, რომ გასაკვირი არ იქნებოდა აქ მართლაც ყოფილიყო ერთ–ორი წყვილი მოჩვენება, მაგრამ მე არაფრის არ მეშინოდა.

კარები შევხსენი. ოთახში ციოდა. იატაკი ავისმომასწავებლად ჭრიალებდა. ჩანთა მივაგდე და საწოლზე წამოვწექი.

რამდენიმე წუთის შემდეგ თვალები დამეხუჭა, მაგრამ ჯერ არ მეძინა. ვიგრძენი ოთახში ვიღაც შემოვიდა და თავზე დამადგა.

თვალები გავახილე. თავზე თეთრ ტანსაცმლიანი, გალურჯებულსახიანი ქალი მედგა და მკერდიდან სისხლი ჩამოსდიოდა.

– საწოლს მისვრით – ვუთხარი გაბრაზებულმა.

– სად არის ჩემი შვილი?  – ჩაიჩურჩულა და ხელი შემახო. ყინულივით ცივი ჰქონდა.

– მომიწექი, გაგათბობ – შევთავაზე. არ ელოდა, შეცბა. უკმაყოფილო ბურტყუნით გაბრუნდა და გავიდა. ისევ დავხუჭე თვალები და ძილი დავაპირე, ამჯერად ფარდები აფრიალდა საეჭვოდ.

ბოროტი სახის კაცი ნაჯახით ხელში იდგა და ხითხითებდა.

– მე მეტყევე ვარ – მითხრა – ასი წლის წინ ჩემი ცოლ–შვილი დავხოცე.

– ყოჩაღ, როგორ მოახერხე? – გავიკვირვე მე? – ეხლა წადი მეძინება.

კაცი გაჯიუტდა.

– ცოტა ხანიც ვიქნები რაა.

– წადი – შევუღრინე. უხმოდ გაიძურწა. ვიცოდი ასე მალე არ შემეშვებოდნენ, ამიტომ უიმედოდ ვცადე ძილი.

ჩემს წინ პატარა გოგონა იდგა მთლიანად დამწვარი და გრძელი შავი თმები წინ ჩამოშლოდა, ისე რომ თვალები არ უჩანდა. ხელში თოჯინა ეჭირა და რაღაცას მღეროდა.

– შვილო, წადი გარეთ ითამაშე, იავნანა არ მჭირდება – ვთხოვე თავაზიანად.

– ჩემი არ გეშინია? – გაუკვირდა – აბა კინოებში რომ ეშინიათ?

ხელით ვანიშნე გადი მეთქი და ნაწყენი გოგო ტირილით გაიქცა.

ამჯერად ეშხში შევიდნენ და რამდენიმე კუბო შემომიგორეს. როგორც შემოაგორეს, ისე გადავაგორე ფანჯრიდან და ფანჯარაც ჩავკეტე.

ყველა კუთხიდან გაოცებული ჩურჩული მესმოდა. უკვირდათ ჩემი სიმამაცე და უშიშრობა. ხელი ჩაიქნიეს და გააგრძელეს სასტუმროში ხეტიალი.

დილით მოვიკიდე ჩემი ჩანთა და ჩავედი დაბლა. კაცი გაკვირვებულზე გაკვირვებული დამხვდა.

– ფული – ვუთხარი და უსინდისოდ ავიღე კუპიურები.

– რა გული გქონია ასეთ შვილო? – მკითხა კაცმა.

– ჰმ… – ჩავილაპარაკე სიამაყით და გამოვბრუნდი. მაგიდის ქვეშიდან პატარა წრუწუნა გამოძვრა.

– ვაიმე თაგვი – ვიღრიალე და მაგიდაზე ავხტი – თაგვი, მოკალი, გააგდე, ვაიმე დედაააააა

ერთი ნახტომით კარებისკენ ვისკუპე და ცოტა ხანში მუხლებამდე თოვლში კისრისტეხით გავრბოდი.

 

4 thoughts on “დაწყევლილი სასტუმრო

დატოვეთ კომენტარი