მცდარი მოსახვევი

დრო უსასრულოდ გაიწელა…
სისხლიანი ხელით შუბლი მოიწმინდა და შეშლილი თვალებით გახედა გზას. ირგვლივ არავინ იყო, მხოლოდ სიბნელე და შიში, რომელიც სხეულში ჩაუსახლდა.
მძიმე ტვირთს ორივე ხელი ჩასჭიდა და გზატკეცილიდან გადაათრია. მერე იქვე ქვაზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. გონება საშინელი სისწრაფით უმუშავებდა. წვიმდა შეუჩერებლად. მსხვილმა წვეთებმა თითქმის მთლიანად ჩამორეცხეს დანაშაულის კვალი მისი ხელებიდან.
როგორც იქნა თავს ძალა დაატანა და წამოდგა. უკან დასახევი გზა აღარ იყო. მანქანამდე ძლივს მიაღწია. ფეხებს ვეღარ იმორჩილებდა. მის გონებაში ელვის სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს უახლოესი წარსულის სისხლიანი კადრები. ახლა მხოლოდ იმის სურვილი ჰქონდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა ამ ადგილს. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, მანქანა დაქოქა და დიდი სიჩქარით დაიძრა. თან გაიყოლა მისთვის უკვე მუდმივი თანამგზავრები_შიში, სიბნელე და სინდისი, რომელიც არასდროს მისცემდა მოსვენებას.

* * *
აცახცახებული ხელით ონკანი მოუშვა და თვალები დახუჭა. წყლის გრილმა ნაკადმა გამოაფხიზლა. სააბაზანოს თეთრ ფილებზე მეწამულ ნაკადად მოედინებოდა სხეულიდან ჩამორეცხილი სისხლი. გახურებული შუბლი ცივ კედელს მიაყრდნო. საშინელი დაღლილობა იგრძნო. აბაზანიდან გამოვიდა და საწოლზე მიეგდო.

* * *
ორი დღის წინ:
სიჩუმე მობილურის წკრიალმა დაარღვია.
გამოეღვიძა და ტელეფონს დასწვდა.
– გისმენთ – თქვა ნამძინარევი ხმით. მეორე მხრიდან უჩვეულო ხრიალი ისმოდა.
– გისმენთ – გაიმეორა გაღიზიანებულმა და წამოდგა.
მობილურში ქალის ხმადაბალი საუბარი გაისმა. კაცმა ფერი დაკარგა, მერე უხმოდ ჩამოიღო ტელეფონი ყურიდან და დახურა.
სასტუმრო ოთახში შევიდა და ტელევიზორი ჩართო. არ უნდოდა დღევანდელზე ეფიქრა. გადაცემას უხალისოდ მიაშტერდა. უცებ კადრები აირია და ეკრანზე წლების წინ მომხდარი ამბები გაცოცხლდა…

* * *
გოგონა მაგიდასთან იჯდა და თვალები ცრემლით ავსებოდა. ძლივს უსწორებდა მზერას გაბრაზებულ კაცს.
– ეს როგორ მოხდა? – თავს ვეღარ იკავებდა ლევანი და თვალებიდან ცეცხლს ჰყრიდა.
– მე მეგონა გაგიხარდებოდა.
– არა… – იყვირა კაცმა და ორივე მუშტი მაგიდას დაარტყა. ირგვლივ მსხდომებმა გაკვირვებით შეავლეს თვალი უცნაურ წყვილს.
– ლევან, დაწყნარდი…
გაცოფებულმა თავი ხელებში ჩარგო და კბილებში გამოსცრა.
– მე შენ ცოლად არ მოგიყვან.
ჯიბიდან ფულის დასტა ამოიღო და მაგიდაზე დაუდო.
– აბორტის ფულად გეყოფა – მიუგდო ცივად და წამოდგა, მაგიდასთან კი ატირებული და დამცირებული გოგო დატოვა…

* * *
ახლა სწორედ მან შეახსენა თავი… ძველმა ნაცნობმა, ძველმა ცოდვამ, რომელიც გულზე მუდამ მძიმე ლოდად აწვა.
ქალმა შეხვედრა დაუნიშნა, უთხრა აუცილებლი საქმე მაქვსო. მცირეოდენი იმედიც კი ჩაესახა გულში. იფიქრა, რომ შეიძლებოდა ახლა შვილი ჰყოლოდა.
– უნდა წავიდე – გადაწყვიტა ბოლოს – ეს უკანასკნელი შანსია იმისა, რომ გავიგო რა მოხდა სინამდვილეში.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მანქანა ავტოფარეხიდან გამოიყვანა.
თავში ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები უტრიალებდა.
“იქნებ შურისძიება უნდა ჩემზე და იმიტომ დამიბარა ასეთ მიყრუებულ ადგილზე”
მანქანა უკვე ტრასაზე მიქროდა.
“როგორ მოვიქცე”
“არ უნდა წამოვსულიყავი”
უკვე მთელი სხეულით გრძნობდა რაღაც ცუდს და საშინელს, მაგრამ შეჩერებაც არ შეეძლო. ბოლო მოსახვევზეც შეუხვია და შორს ქალის სილუეტი დალანდა.
“მარტოა”
ბოლო იმედიც დაეკარგა იმისა, რომ უარყოფილი შვილის ნახვას შეძლებდა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეღწია მისგან თავი.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტვინში უხილავ შანთებს უყრიდნენ.
სულ რამოდენიმე მეტრიღა აშორებდა მისგან…
კაცმა თვალები დახუჭა და მთელი ძალით დააწვა პედალს…

* * *
კიბეებს მძიმე ნაბიჯებით აუყვა. თავისი სართულიდან ხმაური მოესმა. კარის მეზობელი გაფუჭებულ საკეტს აკეთებდა.
– გამარჯობა ირაკლი – მიესალმა მეზობელს. ამ უკანასკნელს მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. გაოცებული ლევანი სახლში შევიდა.
“ყველა ისე იქცევა, თითქოს ვერ მამჩნევდნენ”
სახეზე ცივი წყალი შეისხა, მერე უკან გამობრუნდა ისე, რომ ონკანი არც დაუკეტავს.
საძინებელში შევიდა და გაუხდელი მიეგდო საწოლზე. საშინელი აზრები მოსვენებას არ აძლევდა. ერთ ცოდვას მეორე, უფრო საშინელი მოჰყვა. კიდევ ერთი ტვირთი უნდა ეზიდა სიცოცხლის ბოლომდე…
გაახსენდა, რომ წყალი ღია დარჩა და გიჟივით წამოხტა.
ონკანი დაკეტილი იყო, ნიჟარა კი მშრალი…

* * *
გავიდა რამოდენიმე დღე. სახლში ყოფნა აუტანელი გახდა. მოკლულზე ფიქრი არ ასვენებდა. საშინლად უნდოდა ენახა გვამს რა ბედი ეწია.
ბოლოს გადაწყვიტა მისულიყო იმ ადგილას, სადაც გვამი დატოვა. ამ აზრმა მთლიანად შეიპყრო და დაიმორჩილა. თავს ვერაფერს უხერხებდა, ვეღარაფერზე ფიქრობდა, სურდა საკუთარი თვალით ენახა თავისი დაუნდობელი საქციელის შედეგი. იცოდა უარესად გახდებოდა, მაგრამ ამ წუთას შეშლილ მაზოხისტს ჰგავდა. მზად იყო გადაეტანა ეს ტკივილი, ოღონდ სურვილი აესრულებინა.
დაბლა ჩავიდა და მანქანაში ჩაჯდა. უკვე ბინდდებოდა და საშინლად ელავდა. სარკე გაასწორა და მინა ჩამოსწია. სიამოვნებდა ცივი ჰაერი. უცებ გაახსენდა, რომ უკვე სამი დღე იყო, რაც არაფერი ეჭამა. თავი სინანულით გაიქნია. ცოტა ხანს უმოძრაოდ იჯდა, მერე ერთბაშად მიიღო გადაწყვეტილება და მანქანა დაქოქა.
რაც უფრო უახლოვდებოდა იმ ადგილს, მით უფრო მეტად იპყრობდა მღელვარება. ირგვლივ არავინ იყო, არც ერთი მგზავრი თუ ფეხით მოსიარულე. წვიმამ მთელი ძალით დაუშვა და რამოდენიმე მეტრის რადიუსში ვეღარაფერს ხედავდა.
როგორც იქნა მიუახლოვდა შესახვევს და მანქანა გააჩერა. ფრთხილად გადმოვიდა და კარები მიკეტა.
ეს ადგილი ძალიან კარგად ახსოვდა. სწორედ აქედან გადაათრია გვამი ბალახებში. სუნთქვაშეკრულმა გადასწია მცენარეები და ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა.
არანაირი ნიშანი იმისა, რომ აქ ცოტა ხნის წინ ვიღაცის სხეული ეგდო.
“ადგილი შემეშალა” გაიფიქრა და სიმწრით მომსკდარი ოფლი მოიწმინდა. წვიმას თავიდან ფეხებამდე დაესველებინა და ერთიანად გალუმპულიყო.
“სად იყო, სად…”
გზის მეორე მხარეს მთლიან სიგრძედ მიუყვებოდა მაღალი მესერი.
“იქნებ აქ გადავათრიე და არ მახსოვს”
მესერზე გადავიდა და აქეთ-იქით მიმოიხედა. სწორედ ამ დროს ღრუბლებიდან მთვარე გამოვიდა და გაანათა მიტოვებული ადგილი.
კაცს ძარღვებში სისხლი გაეყინა.
ეს ადგილი სასაფლაო იყო, მკვდრების სამეფო. მოჩანდა თეთრი მარმარილოს ჯვრები და ქვებიდან გაყინული სახით შესცქეროდნენ გარდაცვლილები.
ლევანი ნელ-ნელა უკან იხევდა და რაღაცას წამოედო, იყვირა და მობრუნდა. ეს იყო ყველაზე განაპირა საფლავი. კაცმა თავი ასწია და ქვას შეხედა. იქიდან ნაცნობი სახე შესცქეროდა. სახე, როემლიც მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.
სახელის ქვეშ გარდაცვალების წელი იყო მიწერილი.
ქალი ოთხი წლის წინ გარდაცვლილიყო…

* * *
თვალებს არ უჯერებდა. ის ოთხი წლის წინ მოკვდა, მან კი რამდენიმე დღის წინ მანქანით გაიტანა…
გონება დაძაბა და ქვაზე მიწერილ გარდაცვალების დღეს დახედა. სწორედ ის დღე იყო, როცა უკანასკნელად ნახა, რიცხვი, რომელიც არასდროს წაიშლებოდა მისი გონებიდან.
“ნუთუ თავი მოიკლა”
გაახსენდა ქალის სასოწარკვეთილი თვალები და უკან დაიხია. უნდოდა სწრაფად მოშორებოდა ამ ადგილს.
უკან მოუხედავად გაიქცა. აღარაფერი აღარ ესმოდა.
საფლავები დამთავრდა და გამოჩნდა დაღმართი. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაგორებულიყო. ნელა ჩავიდა დაბლა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა იზიდავდა.
შორს თვალი მოჰკრა დამტვრეულ მანქანას. ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და მისი მიმართულებით წავიდა.
ფანჯარაზე სისხლის წვეთები შენიშნა. ხელის კანკალით გამოაღო კარები და თავზარდაცემულმა თვალები დახუჭა…
წინა სავარძლიდან სისხლიანი, ღიად დარჩენილი, უგრძნობი თვალებით საკუთარი თავი შესცქეროდა…

by me and qameleoni555

One thought on “მცდარი მოსახვევი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s