გარიგება ეშმაკთან – ჯადოსნური პულტი (III) სამი მუშკეტერი

თავზე ხელები ავიფარე და ისე წამოვხტი. მეგონა ან ლომი შემჭამდა, ან ველურები. ჩემდა გასაკვირად არავინ შევუჭამივარ.

თვალებზე აფარებული ხელები თანდათან გავწიე. სასახლის დერეფანში ვიდექი. კედელებზე უამრავი სურათები ეკიდა.

– ოი, სასახლეში უცხო პირია – წამოიძახა ოთახიდან გამოსულმა პაჟმა, ნაზად აიქნია ხელი და რამდენიმე მუშკეტერმა გზა გადამიღობა.

პაჟი მომიახლოვდა. სასაცილოდ ეცვა. ეს ჩემთვის, 21 საუკუნის ადამიანისთვის. მაქმანებიანი პერანგი და ცისფერი ელასტიკები. თვითონაც ძალიან ნაზი იყო.

– ვინ ხარ? – მკითხა წვრილი ხმით და თმებზე ხელი გადაისვა.

– სად ვარ? – შევუბრუნე კითხვა.

– როგორ თუ სად, საფრანგეთის მეფის კარზე – ტუჩი ამრეზით გადმოაბრუნდა და მუშკეტერებს უბრძანა – თავი მოკვეთეთ.

– თავი? რატომ თავი? არ მომკვეთოთ არაფერი რა… მუშკეტერებო. სად არის დ’არტანიანი, მისი ნახვა მინდა.

– შენ რა, იცნობ ჩვენს გასკონელს? – გაუკვირდა პაჟს.

გულში გამიხარდა. გავარტყი. ზუსტად ჩემი ნაცნობი მუშკეტერების დროს მოვხვდი.

– მიჰგვარეთ დ’არტანიანს.

შემაგდეს მის ოთახში. ძლივს ავდექი. ათოსი და არამისი დაცინვით დამყურებდნენ. პორთოსი დასალევად იყო წასული.

–  ეს ახალი მოდაა? – წარბები შეიკრა კონსერვატორმა ათოსმა და შემათვალიერა.

– თავი არ მომკვეთოთ და გეტყვით ვინ ვარ და რატომ მაცვია ასე – შევპირდი მე. მგონი დაინტერესდნენ.

– აბა მიდი.

მთლი ემოციებით მოვუყევი როგორ მიპირებდნენ ველურები შეჭმას, ვიშველიებდი ჟესტებს, ისიც ვუთხარი, რომ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიგნი სამი მუშკეტერი.

რომ მოვრჩი შევამჩნიე  სინანულით მიყურებდნენ და თავს აქნევდნენ. სანამ პაჟს დაუძახებდნენ ან გიჟად მომნათლავდნენ, მოვიფიქრე და ფანჯრიდან გადავხტი, მერე სულმოუთქმელად მოვკურცხლე.

გზაზე პატარა სასაუზმე შევნიშნე. ამდენი მოგზაურობის შემდეგ საუკუნიდან საუკუნეში მომშივნოდა.

– მათხოვრებს არ ვიღებთ – გადმომიგდო ჩასუქებულმა მეპატრონემ.

– მათხოვარი თავი გაბია – ვუთხარი და მაინც დავჯექი.

კარეტა გაჩერდა და ლაქიამ კარები გააღო. იქიდან საოცარი სილამაზის ქალი გადმოვიდა.

– მილედი – გავიფიქრე – მართლა რა ლამაზი ყოფილა.

გვერდიდან პირის თქლაფუნი მომესმა. გაბრაზებულმა მივიხედე.  იქვე დარტანიანის პირველი ცხენი იყო მიბმული, უცნაური ფერი ჰქონდა, გამხდარი და სასაცილო დასანახი იყო.

– ცოტა ჩუმად ჭამე– გავუბრაზდი.

– მმმ დდდ – ამოიხვიხვინა და კბილები დაკრიჭა – მიყიდე, თორემ მოკვლას მიპირებენ – შემაცოდა თავი.

სხვა გზა არ მქონდა. ჩემი საათი მეპატრონეს დავუტოვე. ისე მოეწონა თვალს აღარ აშორებდა ისრების მოძრაობას. შემოვაჯექი ჩემს ჯაგლაგს (თუმცა ესეც საცოდაობა იყო) და გავუდექი გზას.

– ჩამოდი რა, დავიღალე – ტანი დაიბერტყა ცხენმა და ჩამომაგდო. უმადური ცხოველი.

– წადი შენი გზით – ვუთხარი და გავუშვი. პულტი ამოვიღე. მეოთხე ღილაკს დავაჭირე და თვალები დავხუჭე. მერე დიდი შემართებით გავახილე. ცხენის დაკრეჭილი სახე გაოცებით შემომცქეროდა.

– ცოტა ფული მომეცი თუ გაქვს – ჩამხვიხვინა ყურში.

ყურადღება არ მიმიქცევია. დაკვირვებით ვუყურებდი პულტს. მეოთხემ არ გაჭრა, ახლა მეხუთს დავაჭირე და მომხვდა კიდეც თავში და თან ისეთი, რომ სულ ნაპერწკლები გადმომცვივდა. ამჯერად ფერად–ფერად ვარსკვლავებში გავეხვიე.

 

გაგრძელება იქნება

 

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s