მთვრალი სუპერმენი

გუშინ უკვე დაწოლას ვაპირებდი, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. უკმაყოფილო ბუზღუნით წავედი. კარებთან კლარკ კენტი და ექიმი ჰაუსი იდგნენ.

– რა ხდება? ვიკითხე გაოცებით.

– მმმ… – ამოიბლუკუნა კლარკმა, თვალები აატრიალა და ჰაუსს ჩამოეყრდნო.

– რა ჭირს ამას? – ვკითხე ჰაუსს.

– მთვრალია – მითხრა  დამცინავი სახით.

სახლში შემოვატანინე მთვრალი სუპერმენი და დივანზე დავაწვინე. ჰაუსი ჩაიზე დამეწვია.

– ერთად საიდან აღმოჩნდით? – ვკითხე ინტერესით.

– საავადმყოფოში მომიყვანეს, უკვე მთვრალი იყო, მთვარეზე უნდა ვიცეკვოო აუჩემებია და გაფრენილა, მაგრამ ზედ შესკდომია და ტვინის შერყევა მიიღო. ეხლა ჰგონია რომ ფრენკ სინატრაა და “fly me to the moon”-ს მღერის გაუჩერებლად.

– მმმ… მთვარეე, მთვარეე… – წაიმღერა კლარკმა და წითელი ტრიკო შეისწორა. ლურჯი მოსასხამი იატაკზე მოსთრევდა.

– მე რა ვუშველო?

– პირველი შენ გამახსენდი, მთვრალი სუპერმენი სად მეთრია? ფეხს ძლივს დავათრევ.

ჰაუსმა ნატკენ ფეხზე მოიკიდა ხელი. სტკიოდა.

– როგორ გამოვაფხიზლოთ? ხალხს სჭირდება თავისი გმირი. რა ვუთხრათ იმ ქალს, ბავშვი ხანძარში რომ ეწვის და შველას ელოდება?

– მაგას სპაიდერმენი მიხედავს – დამამშვიდა ჰაუსმა – გმირებს რა გამოლევს.

გულმა მაინც არ მომითმინა და კლარკს ცივი წყალი გადავასხი თავზე.

–ჰა? რა ხდება? მკლავენ? მიშველეთ – ამოიზმუვლა სუპერმენმა და თავზე ხელები აიფარა – მთვარეე… მთვარეე… – მიაყოლა მელოდიურად.

– ამის იმედი უნდა გვქონდეს? – ვკითხე ჰაუსს გულდაწყვეტილმა.

– მთვრალია, მეტს რას ელოდები, სიმთვრალეში ბავშვს ემსგავსება ხოლმე, თორემ ისე ყველაზე მაგარია… მრავალფუნქციური. თან წითელი ტრიკოც უხდება.

ჰაუსს პეიჯერზე შეტყობინება მოუვიდა.

– ვიღაც მოუყვანიათ მძიმე, სასწრაფოდ თუ არ მივედი მოკვდება, ამ შუაღამისას რითი წავიდე? – შეწუხდა ჰაუსი – დახმარება მჭირდება.

დახმარების გაგონებაზე კლარკმა ყურები ცქვიტა.

– მე აქ ვარ… მე გმირი ვარ… მე დაგეხმარები.

ბარბაცით წამოდგა და ჰაუსი ზურგზე შემოისვა.

– მე წაგიყვან საავადმყოფოში.

სუპერმენმა ფანჯრიდან ისკუპა და მაშინვე ცაში აიჭრა. შორიდან ისმის ნაწყვეტ–ნაწყვეტ : “მთვ… არეეე…”

ფანჯარას ვკეტავ და მეღიმება. გმირები ყველგან არიან. მთვრალები თუ ფხიზლები, მაღლები თუ დაბლები, ლამაზები თუ მახინჯები, მდიდრები თუ ღარიბები.

p.s. (რა თქმა უნდა უმჯობესი იქნება ფხიზელი, მაღალი, ლამაზი და მდიდარი იყოს… 🙂 🙂 )

Advertisements

3 thoughts on “მთვრალი სუპერმენი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s