საწოლის ქვეშ მონსტრია!

ბავშვობიდან იცოდა, რომ საწოლის ქვეშ შეხედვა არ შეიძლებოდა. მით უმეტეს ღამით. ბავშვობაში არ ეშინოდა, ყურადღებასაც არ აქცევდა, ჩაიხუტებდა საყვარელ სათამაშოს და იძინებდა. წლები რაც უფრო მოემატა, მით უფრო დაიწყო შიშმა თავის შეხსენება.

შეშინებული იწვა ხოლმე და ოფლში გაწურული უსმენდა მონსტრის ხმადაბალ ზმუილს, ხანდახან ნაღვლიანსაც.  იქნებ იმას ამისი ეშინოდა, ვინ იცის…

ხანდახან მონსტრი ბრაზობდა და მთელ საწოლს არყევდა ხოლმე. მთელი ღამე თვალგახელილი იწვა და ჭერს უყურებდა, სადაც უაზროდ ცდილობდა ფიგურები ამოეცნო.

დრო გადიოდა, მონსტრი არ ბერდებოდა, თვითონ კი წლები ემატებოდა.  მუდმივმა უძილობამ დაღალა, ყველას ეჩხუბებოდა, ვეღარავის ვეღარ იტანდა. ერთ დღესაც, როცა მორიგმა გოგომ მიატოვა, სახლში დაბრუნდა, თავი ვერ შეიკავა და მთელი ხმით აღრიალდა.

მონსტრი დადუმდა, მერე საწოლის ქვეშიდან ხელსახოცი გამოაწოდა.

ოსტრის მზრუნველობაზე გული აუჩვილდა და უფრო დიდი ხმით გააგრძელა ღრიალი.

– ვერ ვიტან ჩემს ცხოვრებას, ამ უაზრო, მოსაწყენ და დამღლელ ყოველდღიურობას, ვერ ვიტან ჩემს თავს…

მონსტრი საწოლის ქვეშიდან გამოძვრა და გვერდით მიუწვა.

– აი, როგორი ყოფილხარ, საცეცებიანი და საშინელი სანახავი. მაგრამ გული გქონია კეთილი. რა გქვია?

– შეგიძლია მონსტრი დამიძახო.

– ვინ ხარ მონსტრო? საიდან მოხვედი? ან აქამდე ვის საწოლის ქვეშ ცხოვრობდი?

– მე შენი საწოლის ქვეშ კი არ ვცხოვრობ, შენს თავში ვარ მოკალათებული ძალიან კომფორტულად. ცოტა ხანში რემონტსაც გავაკეთებ.

– ანუ არ არსებობ და უბრალოდ ჩემს წარმოსახვაში ხარ?

მონსტრმა თავი დაუქნია და ჩიპსების ხრამუნი დაიწყო.

– რატომ მაშინებ ხოლმე?

– მე არ გაშინებ, როცა შენ გეშინია, მეც მაშინ მეშინია. მე თვითონ ვარ შიში. შენი პერსონალური შიში. მაშინ, როცა რამე გაშინებს, როცა საკუთარ თავში იკეტები, როცა ხალხის გეშინია, მე უფრო ძლიერი ვხდები.

ონსტრმა გაუხსნელი ჩიპსი იღლიაში ამოიდო და საწოლიდან ჩამოხტა.

– გაითვალისწინე ჩემი რჩევა. რაც უფრო ნაკლებად შეგაშინებს ეს სამყარო, მით უფრო ძლიერი იქნები. ახლა აღარ იტირო, უნდა დავიძინო.

საწოლის ქვეშ შეძვრა და ცოტა ხანში გაბმული ხვრინვის ხმა გაისმა.

ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და საბანი გადაიფარა.

ახლა იცოდა, რა მონსტრიც ჰყავდა საწოლის ქვეშ.  დროდადრო ჩიპსებსაც აწოდებდა ხოლმე, გოგოსაც უკვე ერთი თვეა არ მიუტოვებია.

მაგრამ ხანდახან მაინც ეშინოდა ხოლმე… ისე არა, როგორც ადრე…

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s