ორეული სარკეში

სახლში მარტო ვარ. ძალიან მიხარია. მომეცა საშუალება როგორც გამიხარდება ისე გამოვიყენო სარკე.

უშველებელ სარკეში ვიხედები და ჩემი თავი მომწონს.

წვეულებისთვის ვემზადები. ვემზადები კი არა მოვკვდი მზადებით. მთელი ორი კვირაა იმაზე ვფიქრობ რა ჩავიცვა. როგორც იქნა ამ თავსატეხსაც მოეღო ბოლო და ლამაზი კაბაც ვიყიდე.

კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ჩემს თავს სარკეში და ჩემი თავისადმი შურით ვიმსჭვალები. მერე ვბრაზდებიჩემი თავის რომ მშურს.

– რა ლამაზი ხარ – ვეღარ ვიკავებ თავს და ეგოისტური კომპლიმენტი ხმამაღლა ამომდის პირიდან.

საკუთარი ღირსების სრული გრძნობით აღვსილი ვბრუნდები სარკიდან და აშკარად ვგრძნობ რომ რაღაც ვერაა…

უკან შევბრუნდი და უცებ დამეკივლა.

ჩემი ორეული მშვიდად დგას სარკეში, არ ინძრევა და ირონიული ღიმილით მათვალიერებს.

დაკივლება რომელია, უკვე შემართული ვდგავარ რომ კარებისკენ კისრისტეხით გავიქცე. ერთადერთი რამე მიშლის ხელს. ზედმეტად მაღალი ქუსლები. კი გავიქცევი მაგრამ იქამდე უსაფრთხოდ მივაღწევ თუ არა, იმაში უკვე ეჭვი მეპარება.

უცებ უარესი აზრი მომდის თავში. მახსენდება საშინელებათა ფილმი  “mirrors”  რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ვუყურე. სწორედ ასე კლავს სარკიდან ბოროტი ძალა ხალხს. თან როგორი სიკვდილით…

ამის გახსენებაღა მაკლდა. სიმწრის ოფლი მდის და ადგილიდანაც ვერ ვიძვრი… ცოტაც და გული გამისკდება. ის კი დგას და დამცინავად მიყურებს.

– სად გარბიხარ?

ამას აღარ ველოდი.

ხმის ამოღება მინდა, მაგრამ რაღაც ბლუკუნის მსგავსი ბგერები ამომდის პირიდან.

– მმმმმ..მმ…

ჩემი ორეული იცინის გულიანად, გულიანად კი არა ბჟირდება.

-შენი თავის როგორ გეშინია?

– ვინ ხარ? – ვიღებ როგორც იქნა ხმას.

– ვერ მხედავ ვინც ვარ თუ შენ თავს ვეღარ ცნობ? – თვალებს იწმენდს და სარკეს შიგნიდან ხელით ეყრდნობა.

შიში მიქრება, სამაგიეროდ უარესად ეგოისტური აზრები მომდის თავში.

” მართლა ლამაზი ვყოფილვარ”- ვფიქრობ დარცხვენით და უცებ მინდება, რომ თავში რაღაც ჩავირტყა. ამის დროა ეხლა?

– მოკლედ, ძალიან პატივმოყვარე ხარ. ხარ კი არა ვართ, არა არ ვართ. შენ ხარ, იმიტომ რომ მე შენი უფრო ღრმა მეორე მე ვარ.

– პატივმოყვარე რატომ? აბა ჩემი თავი მძულდეს? – ცხვირს ვუბზუებ და უკვე ნერვებს მიშლის მომაბეზრებელი ორეული.

– იქნებ ხანდახან ყური მეც დამიგდო? ასე რომ იყოს, გამოჩენა და შენს უაზრო საქციელზე მითითება ხომ არ დამჭირდებოდა? – გაბრაზებული მეუბნება და სარკის კუთხეში იატაკზე ჯდება.

– შენ მე რა უნდა მიმითითო? ეს მე ვარ მე. შენ სხვა ხარ. შეუძლებელია მე ჩემს თავს სარკეში ველაპარაკებოდე.

– სწორედაც შენ მე, მე კი შენ. ჩვენ განუყოფლები ვართ.

მეც ვჯდები, მაღლებით დავიღალე.ინტერესით ვადებ სარკეს ცხვირს. ის ისეც დაბღვერილი მიყურებს.

– ზედაპირული ხარ, ზედმეტად. დამიგდე ყური. ხანდახან მეც სიმართლეს გეუბნები ხოლმე. გულს დაუგდე ყური. მე იქ ვარ და გელოდები როდის მკითხავ რჩევას.

რატომღაც სევდა მერევა. ხმას აღარ ვიღებ. მართალია მეორე მე. ცოტა დაფიქრება მმართებს. თავს ისევ სარკეს ვადებ. ისიც ნაღვლიანად მადებს თავს და თვალებში მიყურებს.

ორეული თუ ჩემი შინაგანი ხმა მტოვებს. კი არ მტოვებს, უბრალოდ თვალსაწიერიდან უჩინარდება. თორემ ის მუდამ ჩემთანაა და მუდამ იქნება…

by qameleoni555

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s